სახალხო თეატრები უნიჭოებმა დაიპყრეს

სახალხო თეატრები უნიჭოებმა დაიპყრეს

ერთად ერთი სახალხო წარმოდგენების მმართველი წრეა (სახ სახლში), რომ ცოტათ თუ ბევრად იდეურ-ხელოვნურად შეხმატკბილებულ წარმოდგენებს ჰმართავს, თავის მრევლს დღითი დღე ჰზრდის და ჰწრთვნის, ამზადებს.

ესევე არ ითქმის სხვა უბნის სახალხო თეატრებზე და ზოგიერთ „პროფესიონალ მსახიობთა“ წარმოდგენებზე.

გასულმა და მიმდინარე საზაფხულო სეზონმა ნათლად გვიჩვენა, რომ ბევრმა სცენა ერთად ერთ შემოსავლის წყაროდ დაისახა, სრულიად გვერდი აუქცია წარმოდგენის იდეურ-მხატვრულ მხარეს და მაყურებელთა გონებრივ ესთეტიურ ტკბობას.

სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეთა შეკავშირებისა და საერთო გეგმის შემუშავების შესახებ წინადაც გვქონდა საუბარი, მაგრამ სჩანს „სცენის მოყვარულთა“ კერძოვნობა, „პრემიერობა“ იმდენად ძლიერია, რომ საერთო საქმეზე - საზოგადოს სახელით - თვის მე-ს უფრო მაღლა აყენებენ.

ხშირად იდეურობას მოკლებული პიესა, არა მხატვრული - პირდაპირ ჯამბაზურ პამპულური წარმოდგენა, რომელიც დარიკუას ბალაგანს უფრო მოგაგონებთ საკვირაცხოვლობოთ რომ გაიმართება ხოლმე, ვიდრე ხელოვნების სამსხვერპლოს - არც სული, არც სხეული, არც ფაქიზი ენა.

რაც გუშინ იყო თვის ურიგობით გამოჩენილი, დღეს აღარ უნდა იყოს, რომ სახვალიოდ სულ არ გაქრეს მხატვრულ-იდეური სახიერება.

მერე ნეტა შესაფერი ძალნი არა გვყავდეს? გვყავს და ყველა ამას გარშემოკრება უნდა.

მაღალ ღირსეული და ნიჭიერი - სცენაზე, უნიჭო და შეუფერებელი - სცენის გარედ! - აი, რა არის საჭირო.

უხუცეს ქართ. დრამ. საზ. გამგეობას პირდაპირ ევალება სახალხო თეატრთა ასეთ მდგომარეობას ყურადღება მიაქციოს და რითაც შეუძლიან ყველას შეეწიოს, რომ წარმოდგენები უკეთ დაიდგას, უკეთეს პირობებში.

დღეს თბილისში უკვე ოთხი სახალხო თეატრია, ზუბალაშვილთა სახელობის სახლის გარდა: ავლაბრის, ნაძალადევის, ხარფუხის, საბურთალოსი. ამ თეატრებში განსაკუთრებით ხალხი დაიარება და სწორედ ამ თეატრებს უნდა მიექცეს მეტი ყურადღება.

სეზონი კარს მოგვდგომია, და ნუ თუ ყურად არავინ იღებს სასცენო ხელოვნების ჩამოქვეითებას?!

მელპომენა სტირის!

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას