ტაქსის მძღოლებს შორის მღელვარება მატულობს. წლების განმავლობაში თანდათან დაგროვებულმა უკმაყოფილებამ უკვე საპროტესტო მსვლელობის სახე მიიღო. მდგომარეობა შეისაძლოა, უფრო გართულდეს, რადგან მგზავრთა გადამყვან პირებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, რომელიც იოლი შესასრულებელი არ იქნება.
ტაქსის მძღოლი და აქტივისტი ზურაბ ბუნტური აღნიშნავს, რომ ტაქსების ტარიფები უკვე დიდი ხანია, რაც ერთ მაჩვენებლზეა გაყინული და მასზე არ ასახულა არც ბენზინის თავდაპირველი გაძვირება და არც მისი გაიაფება. ამასთან ერთად, იგი ხაზგასმით ამბობს, რომ საკომისიო, რომელსაც აპლიკაციები და „ტაქსოპარკი“ იღებენ, უნდა შემცირდეს.
„საწვავი გაიაფებულა და გაძვირებულა კიდეც, მაგრამ ტაქსის ტარიფები მაინც უცვლელი რჩებოდა. რაც შეეხება უშუალოდ იმ საკომისიოს, რომლებსაც აპლიკაციები იღებენ - ამჟამად „იანდექსის“ მაგალითზე, ეს 20 პროცენტია, საიდანაც 15 მიდის აპლიკაციაში, ხოლო დანარჩენი 5 მიაქვს ტაქსოპარკს. სანამ ტაქსოპარკი შემოვიდოდა, მანამდე 15 პროცენტი იყო და მაშინაც უკმაყოფილები ვიყავით, შესაბამისად, ახლა ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს ნიშნული კვლავ 15 პროცენტს დაუბრუნდეს“, - განაცხადა ზურაბ ბუნტურმა.
ის ასევე ამბობს, რომ მძღოლებს ძალიან ძვირი უჯდებათ ავტომობილის შენახვა და ამას დამატებული წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლა.
„მძროლს სჭირდება ტარიფის მომატება, ვინაიდან ძვირი უჯდება მანქანის შენახვა, ტარიფი კი ამ დრომდე შეუსაბამოა. ტექდათვალიერების გავლა წელიწადში ორჯერ გვიწევს, მანქანას კი მეტი ზრუნვა ესაჭიროება. ყველაფერთან ერთად, იწყება ტურისტული სეზონი და ხშირია ქალაქგარეთ შეკვეთებიც, მაგრამ რამდენ სხვა ქალაქში რომ ჩაიყვან იქ აღარ გაძლევს შეკვეთას და უკან მგზავრის გარეშე მოდიხარ. ფაქტობრივად, მხოლოდ ბენზინის ფულს იღებ“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში ზურაბ ბუნტურმა.
როგორც ჩანს, უკმაყოფილება ტაქსისტებს შორის კარგა ხანია გროვდება და რამდენი დღის წინ საპროტესტო მსვლელობაშიც გადაიზარდა. პროტესტის მიზეზი, ტარიფების პრობლემასთან ერთად, არასათანადო სამუშაო პირობები, მათ შორის ავტომობილებისა და მძღოლების უკონტროლობაა.
„პროტესტი დღეს არ დაწყებულა, რეალურად, რაც „იანდექსი“ გამოჩნდა ბაზარზე, შინაგანი პროტესტი მუდმივად არსებობდა დასაქმებულებში. ხელშეკრულებაში, რომელიც მძღოლებს აპლიკაციებთან აქვთ გაფორმებული, უწერიათ „პარტნიორული ურთიერთობა“, თუმცა მათ შორის უნდა არსებობდეს შრომითი ხელშეკრულება. სხვანაირად, თუ მძღოლი პარტნიორია, მაშინ კომპანია გადაადგილების ტარიფებს რეალურად ცალმხრივად არ უნდა წყვეტდეს. „იანდექსი“ და „ბოლტი“ ერთმანეთთან კომუნიკაციაში მძღოლებს ჩაგრავენ.
მაგალითად, ერთი მხრივ, თუ მგზავრმა დარეკა და საჩივარი განაცხადა, რომ რომელიმე მძღოლი მას სათანადოდ არ მოემსახურა, მძღოლი გაშავებულია და მეტიც, ის თანხა, რაც ბალანსზე ჰქონდა დაგროვებული, აღარ ერიცხება. გარდა ამისა, საქართველოში „იანდექსის“ მძღოლებზე პასუხისმგებელი პირი არ არსებობს, არავის აინტერესებს, მანქანა ვარგისია თუ არა, მძღოლი თუა ჯანმრთელი, რა ევალებათ მძღოლებს“, - განაცხადა ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ.
პრობლემაა ასევე A და B კატეგორიების ლიცენზიების მქონე მძღოლების არათანაბარ პირობებში ყოფნაც. ტაქსის კომპანიებში დასაქმებულები აპროტესტებენ, რომ B კატეგორიის მძღოლებს, მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზირების ფასი იდენტურია, არავითარი პრივილეგია არ ეძლევათ, მათ შორისაა „ბასლაინებზე“ მგზავრის აყვანისა და მანათობელი ტრაფარეტების დადგმის უფლებებიც.
ლავრენტი ალანია ასევე განმარტავს, რომ პროტესტის მიზანია „იანდექსის“ მომხმარებელი მძღოლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვაც, რადგან აპლიკაციას მათ პირად მონაცემებზე მუდმივი წვდომა აქვს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში უკვე შევიტანეთ განცხადება, რომ ყველა ადამიანის, ვისაც „იანდექსის“ აპლიკაცია აქვს გადმოწერილი, პირად მონაცემებს და ისტორიას კომპანია ფლობს. როდესაც „იანდექსი“ საქართველოში შემოვიდა, აპლიკაციის პირველი ვერსია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არც აღიარებდა, არავინ იცის, რა კომპანიაა, ვინ დგას მის უკან და არ შეიძლება, ადამიანების პერსონალურ მონაცემებს რაღაც კომპანია ფლობდეს. განცხადება წარმოებაში მიღებულია და მათ გადაწყვეტილებას ველოდებით“, - განაცხადა ალანიამ.
ტაქსის მძღოლები ფიქრობენ, რომ საპროტესტო ტალღა მალე მთელ ქვეყანაში გავრცელდება და ბაზარზე არსებულ ყველა კომპანიის მძღოლს მოიცავს.