ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა, რომელიც ოლიმპიადაზე წარუმატებლად გამოვიდა, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სკანდალური განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, პრობლემები 22 ივლისის შემდეგ შეექმნა, როცა ბიძინა ივანიშვილთან ფოტოები გადაიღო და მხარდაჭერა გამოუცხადა და რომ ლონდონის ოლიმპიადაზე გამგზავრებისას, აეროპორტშიც და თვითმფრინავშიც, მასზე სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და გია უდესიანი ზეწოლას ახდენდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ.
ოლიმპიადაზე დამარცხებას შუკვანი არაობიექტურ მსაჯობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ასპარეზობის შემდეგ ვარძელაშვილს მიმართა თხოვნით, გაეპროტესტებინათ შედეგი, მაგრამ სპორტის მინისტრმა ზურგი შეაქცია.
შუკვანის ცნობით, შემდეგ მასთან ნასვამმა გია უდესიანმა მოინდომა შეხვედრა, რომელსაც თან 10 კაცი ახლდა. ძიუდოისტმა უდესიანთან შეხვედრას თავი ფანჯრიდან გადახტომით აარიდა, ოლიმპიური სოფელი დატოვა, მეგობრის დახმარებით თვითმფრინავის ბილეთი აიღო და საქართველოში დაბრუნდა.
სპორტის სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი შუკვანის განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ.