რა იქნება ხელისუფლების და ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგია და ვის პოლიტიკურ ყულაბაში მეტი პიარ თემაა?

რა იქნება ხელისუფლების და ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგია და ვის პოლიტიკურ ყულაბაში მეტი პიარ თემაა?

სათქმელი ვის უფრო მეტი აქვს წინასაარჩევნოდ, საზოგადოებისთვის, ხელისუფლებას თუ ოპოზიციას და ვის პოლიტიკურ ყულაბაში უფრო მეტი პიარ თემაა? რაზე იქნება ხელისუფლების მთავარი წინასაარჩევნო სტრატეგია აგებული და როგორი იქნება ოპოზიციის მთავარი მესიჯები, რომლითაც ეცდებიან საზოგადოებაში ხელისუფლებაზე უკეთესად გამოჩდნენ?

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ხელისუფლების ყულაბაში ბევრი ისეთი თემაა, რომლის გამოყენებასაც მოახერხებს, მით უმეტეს, ახალი პრემიერის პირობებში დაიწყო სამთავრობო ცვლილებები და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, საზოგადოების თვალში, დამატებითი ქულების მომტანია.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათი მდგომარეობა გაცილებით რთულად არის, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ხელისუფლების პრორუსულობაზე აპელირება გაჭირდება. თუმცა მათ აქვთ ორი ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რომლის გამოყენებასაც შეეცდებიან.

ხელისუფლებამ ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბებულა, რა კონფიგურაციით და როგორი ფორმით გავა არჩევნებზე, წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. დიდი ალბათობით, მმართველ გუნდში დაწყებული სამთავრობო ცვლილებები კვლავ არის მოსალოდნელი. როგორც ჩანს, კობახიძე არ აპირებს გუნდში იმ მინისტრების დატოვებას, რომლებიც მმართველ გუნდს პრობლემებს უქმნიან და საზოგადოებასთან ნაკლები კომუნიკაცია აქვთ. ასეთი კი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აღოჩნდა, რომელმაც თანამდებობა დატოვა.

ასევე, დიდი ალბათობით, პრემიერის გუნდში ვერ იქნებიან კორუფციაში ეჭვმიტანილი მინისტრები და მათი მოადგილეები. კობახიძემ მოსვლისთანავე თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გაათავისუფლა, რომლის მიმართაც, არ არის გამორიცხული, გამოძიებაც კი დაიწყოს. გათავისუფლებულები არიან თავდაცვის მინისტრის და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები, რომელთა ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები გაჩნდა. ამის პარალელურად, ხელისუფლებამ დაიწყო იმ სოციალური პრობლემების მოგვარება, რომელიც პენსიონრებს, ონკოლოგიურ პაციენტებს და სხვა პრობლემებს შეეხება.

მმართველი გუნდის თქმითვე, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას აქტიურად უნდა დაუპირისპირდეს და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც გამოიყენოს. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რათა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა ექნება, რომელზეც სტრატეგიას ააგებს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი, რაზეც ხელისუფლება აქცენტს გააკეთებს, ეს ტრადიციულ ღირებულებებზე აგებული პროპაგანდა იქნება.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლება ეცდება წინა პლანზე საარჩევნოდ გამოიტანოს ის თემები, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და იცის, რომ ეს თემები ქართველ ხალხში ძალიან სენსიტიურია. ერთ-ერთი ასეთი ტრადიციულ ღირებულებებზე აქცენტის გაკეთება იქნება და საუბარი იმაზე, რომ „ოცნება“ ამ ღირებულებების დამცველია. აუცილებლად მოექცევა წინა პლანზე კორუფციის თემა. მხოლოდ წალენჯიხის მერის მოადგილის კორუფცია ამას არ უშველის. თუმცა, ეს კორუფცია იერარქიულად რა დონეზე აიწევს, ეს ისევ და ისევ საზოგადოებრივ განწყობებზე იქნება დამოკიდებული“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, თუკი საჭირო გახდება, არც იმას გამორიცხავს, რომ დასაჭერ კანდიდატთა სიაში მინისტრებიც აღმოჩდნენ.

„კორუფციის თემის გასანეიტრალებლად ველი, რომ ხელისუფლება ვიღაც-ვიღაცებს გაწირავს. იქნება აუცილებლად სოციალური საკითხებიც და დაპირებები მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ასევე გამოიყენებენ იმ თემასაც, რომ ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს და ის აპირებს რევოლუციურ სცენარზე წასვლას. პოლიტიკური ველის პოლარიზებით კი ყოველთვის „ოცნება“ იგებს, რადგან ნაციონალების უკან დაბრუნება მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ სურს. მე ვფიქრობ, „ოცნება“ ყოველ კვირა კვლევებს ატარებს. ხოლო, ამ კვლევების მიხედვით, რომელი მინისტრი ან სამინისტრო ვერ ასრულებს სათანადო უფლება-მოვალეობას, მას გაუშვებენ. წინასაარჩევნოდ პორბლემების შექმნელი მინისტრები არავის სჭირდება“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება ოპოზიციის სტრატეგიას და იმას, თუ რა ექნება მათ სათქმელი საზოგადოებისთვის, ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციისთვის ხელისუფლების პრორუსულობაზე აპელირება ნაკლებად ჭრის, მით უმეტეს კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ხაზი ზუსტად, კორუფციის თემა იქნება, რომლის გამოყენებასაც წინასაარჩევნოდ შეეცდებიან.

„ოპოზიცია, რა თქმა უნდა, კორუფციის თემას გამოიყენებს. ასევე, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე გააკეთებს ძირითად აპელირებას. „ლელოს“ ათასლარიანმა პენსიამ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკოსებისთვის ეს ამბავი არარეალურია, საზოგადოებაში მაინც იმუშავა. იმდენად დიდია ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან დარტყმები, რომ, სავარაუდოდ, ამ დაპირებამ საზოგადოებაზე იმუშავა. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამის ანალიზი რთულია. ოპოზიცია უფრო პრაგმატული და კონკრეტული უნდა იყოს, სხვაგვარად საზოგადოებამდე მისატანს ვერ მიიტანს. მაგალითად, როგორც მოხდა „მარშალის გეგმის“ შემთხვევაში, რომელიც „ლელოს“ ჰქონდა. იმერელ გლეხს საერთოდ მარშალი შესაძლოა სამხედროც ჰგონია და არა გვარი. ამიტომ სჯობს, საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე ისაუბრონ, რადგან ხელისუფლება გამოდის, რომ უკეთესად ახარხებს ხალხის რაღაცებში დარმწუნებას, ვიდრე ოპოზიცია, მით უმეტეს, ოპოზიციის მიმართ უნდობლობა დიდია“, - ამბობს ძაბირაძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ოცნებას“ წინასაარჩვენოდ რამდენიმე თემა ექნება, რომელზეც სტრატეგიას ააგებს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ეს არ იქნება კორუფციის თემა, რადგან გამოვა, რომ მაშინ „ოცნება“ მისი ხელისუფლების პირობებში კორუფციის არსებობას აღიარებს, თუმცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით მოხდება.

„ხელისუფლება აპელირებას კვლავ მშვიდობის თემაზე დაიწყებს. მეტი ყურადღება იქნება ომის თავიდან აცილებაზე გადატანილი. ეს არის ხელისუფლების სერიოზული კოზირი, რომლის გამოყენების საშუალებასაც ოპოზიცია შესანიშნავად აძლევს. „ოცნება“ ისევ გააგრძელებს იმაზე საუაბრს, რომ ყველაფერი გააკეთეს, რათა ქვეყნისთვის ომი აეცილებინათ. ეს თემა მომგებიანია, რადგან ოპოზიციამ მშვიდობის და ომის თემა ხელისუფლებას გადაულოცა. როცა უნდა ეჩივლათ და ეთქვათ, რომ აბა, ვინ არის „გლობალური ომის“ პარტიის წევრი და ა.შ. პრაქტიკულად, ოპოზიციამ ხელისუფლებას ყველაფერი შეარჩინა, დაემორჩილა და დანებდა, ამიტომ ეს თემა მმართველი გუნდის არის.

„ოცნება“ ძალიან კარგად გამოიყენებს წინასაარჩევნოდ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ვიზალიბერალიზაციას. ესეც ოპოზიციამ ხელისუფლებას დაუთმო, რადგან ვიცით, რა განცხადებებსაც აკეთებდა ოპოზიციაზე, რომ მათ არ სურდათ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ამბობდნენ, რომ დადიოდნენ ბრიუსელში და ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ. ნაწილობრივ, ეს ოპოზიციაშიც დაადასტურეს. ამიტომ ხელისუფლებას აქვს ბევრი ისეთი კოზირი არჩევნებისთვის, რომელიც არ აქვს ოპოზიციას. ახლა დაიწყო სამთავრობო ცვლილებები და „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ თემას შესწირეს ჯანდაცვის მინისტრი. მსგავსი სოციალური საჩუქრები საზოგადოებისთვის იქნება და ამით ოპოზიციას დამატებით ბერკეტებს გამოაცლიან“, - ამბობს ზაქარეიშვილი.