„თურქეთის წინადადება მისაღებია, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ამას პასუხს სცემდეს დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის ხელისუფლება“

„თურქეთის წინადადება მისაღებია, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ამას პასუხს სცემდეს დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის ხელისუფლება“

ავდეევკის შემდეგ უკრაინელებმა კონტროლი ორ სოფელზე, სტეპნოვოსა და სევეროვოზე დაკარგეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ საოკუპაციო ძალებს შემდგომ წინსვლაში რთული რელიეფი შეუშლის ხელს. უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. უკრაინის ჯარებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა უკრაინელი სამხედროები რუსეთის აგრესიის პირისპირ შეიარაღების გარეშე დატოვა, თეთრ სახლში ელიან, რომ უკრაინელები მიაღწევენ წარმატებას, როგორც ეს, ყველაზე შესამჩნევად, შავ ზღვაში გააკეთეს.

რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენების პარალელურად, თურქეთი მზად არის კვლავ უმასპინძლოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, იმ აზრზე რჩება, რომ დიპლომატიასა და დიალოგს შანსი უნდა მიეცეს რუსეთ-უკრაინის ომის სამართლიანად და გრძელვადიანად მოგვარებისთვის და ამ მიზნის მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა შესაძლო გზით უმაღლესი დონის დიპლომატიური არხების გამოყენებას.

„ყველასთვის კარგად ცნობილია თურქეთის მიერ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ასევე ყველა ძალისხმევას მივმართავთ ჩვენი ყირიმელი თათარი თანამემამულეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეული არ იქნა, ხოლო სამშვიდობო ინიციატივების წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორივე მხარის დაახლოება.

იმ აზრზე ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევები უნდა დაიწყოს, როგორც მინიმუმ, მშვიდობის ზოგადი პარამეტრების დასადგენად. უკრაინის პრეზიდენტი 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმის პრინციპს მხარს უჭერს და ანკარა მზადაა უკრაინის სწრაფ აღდგენასა და რეკონსტრუქციაში თავისი წვლილი შეიტანოს“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

თურქეთის სამშვიდობო გეგმა მიუღებელია კიევისთვის. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას, რადგან ეს მისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს. მისი თქმით, რუსები დიდი სიამოვნებით გაყინავდნენ ყველაფერს, როგორც ახლაა, რათა უკრაინამ აღიაროს მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორია.

„ამ შემთხვევაში ისინი იზეიმებდნენ გამარჯვებას, თუმცა ომის გაყინვა არასდროს მოხდება“, - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინა თურქეთის წინადადებას არ დათანხმდება, რადგან უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება თავის თავს არ ეკუთვნის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ უკრაინაში ყველა პროცესი წარიმართა უცხო ქვეყნების კარნახით და მათი სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად.

„ვფიქრობ, თურქეთის წინადადება არის საკამოდ გონივრული, რომ მსოფლიომ ამოისუნთქოს და მსოფლიო ომი არ გადაიზარდოს აქტიურ ფაზაში და ეს არის უკეთესი მდგომარეობა იმასთან შედარებით, რომ, ზოგადად, უკრაინამ სახელწმიფოებრიობა დაკარგოს. ამიტომ, ვფიქრობ, თურქეთის წინადადება მისაღებია, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ამას პასუხს სცემდეს დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის ხელისუფლება. ადრე იქნება თუ გვიან, კონფლიქტი მაინც გაიყინება და არ იქნება ბოლომდე ამოწურული. რუსეთის ფედერაცია არ დათმობს იმას, რაც მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, მაინც ეს ტორიტორია მუდმივად იქნება გაყინული ომის ფაზაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გასაგებია, რომ უკრაინას არ აწყობს კონფლიქტის გაყინვა, მაგრამ აქ დგება იგივე საკითხი, რაც თავის დროზე ბონაპარტს რუსეთში შესვლისას დაუდგა. კერძოდ, როგორ უნდა მოქცეულიყო გაცილებით სუსტი რუსული არმია ფრანგულთან შედარებით.

„მოსკოვის გადაწყვეტილებით უკანდახევის ტაქტიკაზე გადავიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გადაერჩინათ არმია. ეს მოტივი, რომ არმია გადაარჩინო, სერიზული მოტივია. გამორიცხული არ არის, რომ ერთ დღეს იბრძლო გამწარებით და მეორე დღეს უკვე ბრძოლა აღარ შეგეძლება იმიტომ, რომ არმია აღარ გეყოლება. ამიტომაცაა, რომ რთული მდგომარეობა აქვს უკრაინას. ასე ცალსახად იმის თქმა, რომ უნდა გააგრძელოს ბრძოლა, ცოტა ძნელია“, - აცხადებს საყვარელიძე.

მისი თქმით, საინტერესო სვლა გააკეთა ახალმა მხედართმთავარმა, როდესაც ფრთხილი ნაბიჯები გადადგა და გამოაცხადა, რომ უკრაინამ ახლა უნდა იზრუნოს დაცვაზე.

„სწორედ იმიტომ, რომ მან როგორც თავის დროზე კუტუზოვმა, უნდა იზრუნოს არმიის შენარჩუნებაზე. ხვდება, რომ არმიის გარეშე უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ზელენსკის პოზიცია მაინც უფრო პოლიტიკით განპირობებული პოზიციაა. უზარმაზარი ტერიტორიები შეიძლება დათმოს ქვეყანამ და გვინახია ეს ვითარება მეორე მსოფლიო ომშიც - საფრანგეთმა კარი გაუღო ჰიტლერს და შემოუშვა, მაგრამ არც ერთი წუთი არ შეაჩერა ბრძოლა, მიწისქვეშეთით ებრძოდა ჰიტლერს. ასეთი გზაც არსებობს და, ალბათ, ყველა გზის მოსინჯვა არის უფრო უპრიანი, ვიდრე ახლა არმიის არსებობის დაყენება კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ნამდვილად ცუდ დღეში ჩააგდეს უკრაინას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.