საბინაო კრიზისის ნიშნები საქართველოშიც გამოჩნდა?!

საბინაო კრიზისის ნიშნები საქართველოშიც გამოჩნდა?!

სპეციალისტები საქართველოში საბინაო კრიზისზე ალაპარაკდნენ. საუბარია არა სამშენებლო სექტორში არსებულ გამოწვევაზე, არამედ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე, როდესაც ხალხს აღარ შესწევს უნარი უძრავი ქონება შეიძინოს მკვეთრი გაძვირების გამო.

ასეთი კრიზისები განვითარებული ქვეყნებისთვის უცხო არ არის. მართალია იქ ცხოვრების დონე მაღალია, მაგრამ უძრავი ქონების ღირებულება კიდევ უფრო მაღალია, რის გამოც მომხმარებელი ვერაფრით „ეწევა“ გაძვირების ტენდენციას. საქართველოშიც, როგორც ჩანს, პრობლემა უკვე ჰორიზონტზე გამოჩნდა.

მოსალოდნელ საბინაო კრიზისზე საუბრობს ეკონომისტი ოთო აბესაძე და ფიქრობს, რომ თუ მოსახლეობის შემოსავლები არ დაეწია გაძვირების ტენდენციებს, ალბათ, საბინაო კრიზისამდეც მივალთ.

„კრიზისის წინა პერიოდი შეინიშნება იმ კუთხით, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯები, საშუალოდ, 40%-ით არის გაზრდილი. ამას ემატება ბიუროკრატიული რეგულაციები, რომელიც მივიღეთ სამთავრობო პოლიტიკის შედეგად, რამაც ასევე გააძვირა სამშენებლო ხარჯი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ჯამურად, გამოიწვევს წლიდან წლამდე უძრავ ქონებაზე ფასის ზრდას. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ლარიზაციაზე, ეს ფასი მაინც დოლარშია წარმოებული და ადამიანების შემოსავლები ვერ ეწევა გაძვირების ტენდენციას.

ადამიანს არ შეუძლია, როგორც ევროპაში და ამერიკაშია, აიღოს იპოთეკური სესხი 20-30-40 წლით. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა მოცემულობა, რომ უძრავ ქონებას, ძირითადად, ყიდულობენ არარეზიდენტები და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად, არ რჩება ის შესაძლებლობა, რაც უნდა იყოს. თუ დემოგრაფიულად ერი ვითარდება და ვიზრდებით, ადამიანებს სჭირდება საბინაო საკითხების მოგვარება, თუ ეკონომიკა და შემოსავლები არ დაეწია მიმდინარე ფასების ზრდის ტენდენციას, ალბათ, მივალთ საბინაო კრიზისამდეც“, - განუცხადა ოთო აბესაძემ „ბიზნესპრესნიუსს“.

რამდენიმე დღის საქართველოსთივს ჯერ კიდევ უჩვეულო კრიზისის წინაპირობაზე გაამახვილა ყურადღება ფინანსისტმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თემურ ბასილიამ. მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ამჟამად საბინაო კრიზისის წინაპერიოდია საქართველოში.

„საუბარია, რომ საქართველოში ინფლაცია არის ნულოვანი, მაგრამ მე ზუსტად 1 წლის წინ ვიყავი ჩამოსული და პირადი შეფასებით შემიძლია ვთქვა, რომ ფასები 30-40%-ით არის გაზრდილი. კიდევ ერთ პრობლემაზე გეტყვით და მოვუწოდებ ყველას, რომ ამ მიმართულებით გაამახვილოს ყურადღება. დაახლოებით, 15-20 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა საბინაო კრიზისი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამის წინა პერიოდია საქართველოში. თხოვნა მექნება მთავრობასთან და ყველასთან, რომ ამას მიაქციონ ყურადღება, რადგან თუ საქართველოშიც ის დაიწყო, რაც შტატებში, შესაძლოა, ამან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს“, - აღნიშნა ბასილიამ.

მანვე მიმართა და მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სწორედ ამ მიმართულებით გააძლიერონ ყურადღება და აღნიშნა, რომ დღესდღეობით ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხებიც, რაც „ნამდვილად არის გამოსარკვევი“.

თუმცა ისიც უნდა ითქვას ბინებზე მოთხოვნა გაზრდილია გაძვირების პირობებშიც, რასაც ემიგრანტები უწყობენ ხელს. ფაქტობრივად, ისინი ქმნიან ამინდს ბაზარზე. შესაბამისად, როგორც უძრავი ქონების სამართლის სფეროს სპეციალისტმა უჩა ზაქაშვილმა აღნიშნა, სანამ ეს ფაქტორია ძალაში, სექტორს საფრთხე არ ემუქრება.

„საბინაო კრიზისის ნიშნები ჯერ არ ჩანს. ამ მომენტისთვის ვერ ვხედავ მსგავს საფრთხეს. ხალხი მაინც ყიდულობს ბინებს. ცხადია, ეს ხდება ემიგრანტების დახმარებით, რომელთა გარეშეც რა სიტუაცია შეიძლება ყოფილიყო, ძნელად წარმოსადგენია. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ბინებზე მოთხოვნა მაინც იზრდება. ამიტომ ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ უახლოეს პერიოდში საბინაო კრიზისი იჩენს თავს, დღევანდელი მოცემულობა ამას გამორიცხავს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სწრაფად იცვლება რეალური ვითარება. წლების წინ არავინ ელოდა, რომ მიგრანტების გამო რადიკალურად შეიცვლებოდა ფასი, მაგრამ ეს პროცესი მივიღეთ, არაფერია გამორიცხული“, - აღნიშნა იურისტმა,

ლევკოთეა ბინების თვიური ქირა მცირდება. მოთხოვნამ იკლო. წესით, ახალაშენებული ბინების ფასიც უნდა შემცირდეს, მაგრამ საშენი მასალები გაძვირებულია და პერსონალის ხელფასიც მომატებული. შეიძლება ამ გაძვირების გამო არ გაიაფდეს ბინების ფასი, თუმცა, რეალიზაცია დაიკლებს. ბოლო-ბოლო, ემიგრანტმაც რამდენი ბინა უნდა იყიდოს, თუ მერე ვერ გააქირავებს.
9 თვის უკან