რა დანაშაულებებს სჩადიან მოსამართლეები?

რა დანაშაულებებს სჩადიან მოსამართლეები?

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ბოლო წლებში იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა გადაცდომების შესახებ 200-ზე მეტი საჩივარი შევიდა, თუმცა საბჭომ არც ერთი მათგანი არ განიხილა: "მოსამართლეთა უკანონო მოქმედების მიმართ ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში არც ერთი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა არ განხორციელებულა. როგორც ჩანს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქცა არა მოსამართლეთა კონტროლის, არამედ მათი შეცდომებისა თუ დანაშაულების დაფარვის ინსტრუმენტად". - აცხადებს ნიკოლაიშვილმა.

რისთვის უნდა მიმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პარლამენტს?

"ალიას" გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა:

ბატონო გელა, რა გადაცდომებზეა საუბარი?

- საუბარია გადაცდომებზე, რომელიც დისციპლინური ხასიათისაა. მაგალითად, როცა ადვოკატი თვლის, რომ მოსამართლემ არ მისცა შუამდგომლობის დაყენების საშუალება, არასამართლიანად დააჯარიმა, არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო კონკრეტულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, აშკარად მიემხრო ბრალდების მხარეს, იყო მიკერძოებული. ათასი სახის იყო ეს საჩივარი. ვთქვათ, დაიგვიანა, 2 საათი აცდევინა და მერე თქვა, რომ პროცესი გადაიდო. მერე დააჯარიმა ადვოკატი.

ეს მოსამართლეების რა კატეგორიაა, ისინი ხომ არა, ვინც "ნაციონალებს" "აპრავებდნენ"?

- ეს ჩემთვის, სამწუხაროდ, ცნობილი არ არის. ეს მონაცემები მაქვს იუსტიციის საბჭოდან. ბოლო ორწელიწადნახევრის მანძილზე 200-ზე მეტი საჩივარია შესული.

არ დაინტერესდით ამ მოსამართლეების ვინაობით?

- ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ჩვეულებრივ მოკვდავებს არ გვაძლევენ საშუალებას, მას გავეცნოთ. ეს საჩივრები გაჟღერდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან, მაგრამ გვარები არ დაუსახელებიათ. ყველა მოსამართლე გაფოფინებული იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ისე ვერ იმუშავებდნენ მაშინ. ამიტომ ძნელია მათი გამოყოფა, მაგრამ დიდი კვლევა არც არის საჭირო ამ საკითხზე. მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობა დავალების შემსრულებელი იყო. ვინც არ იყო შემსრულებელი, კი გაუშვეს თავის გზაზე.

რატომ თავხედობენ ისე, რომ ამ ხელისუფლების პირობებშიც არ ხდება ამ საქმეების განხილვა?

- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აბსოლუტური უმრავლესობა არის კუბლაშვილის დანიშნული კადრი, მოსამართლეები აირჩია მან მოსამართლეთა კრებაზე კენჭისყრით, იქ სულ რამდენიმე პიროვნებაა, რომელიც დამოუკიდებელია, ზოგიც - პრეზიდენტის დანიშნული. კვოტით არიან ამ თანამდებობაზე. როგორც ჩანს, გარკვეული მოსამართლეები იძლევიან გარანტიას, რომ, რაც არ უნდა გადაცდომები იყოს, მაინც არ მოახდენენ რეაგირებას. მათ არც მიჰყავთ საქმე იქამდე, რომ განიხილონ დისციპლინური საქმე, არც კი განხილულა არც ერთი ამ საქმეთაგანი. პირველივე ეტაპზე იბლოკება ეს საქმეები.

ახალი მთავრი მოსამართლე მოვიდა, როგორ ფიქრობთ, გამოსწორდება სიტუაცია?

- თავმჯდომარე ახლა შეიცვალა და ცდილობს, სხვა მექანიზმები მოიძებნოს, რომ ამ საქმეს მიეხედოს. მას უნდა, რომ დისციპლინური დევნა უფრო ქმედითუნარიანი იყოს. ახლა საუბარია ინსპექტორის შემოღებაზე. ბევრი მექანიზმი იქნა შემოღებული, ათასი მაკონტროლებელი შემოიღეს. ხან გენინსპექცია დაარქვეს, ხან - რა. თან ამბობდნენ, არ უნდა იყოს კონტროლიო. ეს ხალხი ანგარიშვალდებულია ხალხისა და კანონის წინაშე და ეს არ უნდა დაავიწყდეთ.

ანუ ეს საბჭო შეიძლება გაუქმდეს და სხვა ინსტიტუტი შეიქმნას?

- ეს იქნება არაორდინარული გადაწყვეტილება, მაგრამ აქ საუბარი არაა საბჭოს გაუქმებაზე, არც იმაზე, რომ ინსპექტორი განიხილავს ამ დისციპლინურ დევნას, საუბარია იმაზე, რომ ინსპექტორმა მოახდინოს უფრო ღრმა ჩახედვა და სიღრმისეული შესწავლა ამ საქმეების, უფრო დასაბუთებული დასკვნის დადება, რომ მერე ამ საბჭომ ვეღარ შეძლოს მისი იგნორირება. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ მათ ჩამოერთვათ ეს უფლება და გადაეცეს ინსპექტორს.

რა შეიძლება გააკეთოს გვენეტაძემ?

- პარლამენტმა უნდა გადაწყვეტოს ეს. უნდა შევიდეს საკანონმდებლო ცვლილება. გვენეტაძეს შეუძლია მიმართოს პარლამენტს.

ადვოკატები თუ აპირებთ რამეს?

- არა, აქციებს ვერ მოვაწყობთ, მაგრამ მათი ლუსტრირება იმის მიხედვით, რა კონკრეტული საკითხი იქნება, ამაზე სულ ვსაუბრობდით, ვამხელდით და კიდევ გავაგრძელებთ. სისულელე იქნება აქცია, მაგრამ თუ რამე კონკრეტული იქნება ოდიოზური მოსამართლის მიმართ, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ადვოკატის იარაღი არის განცხადების გაკეთება, ამას ადრეც ვაკეთებდით და გავაკეთებთ.