ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური საფრთხეებიდან ერთ-ერთი უმწვავესია ენერგეტიკული სანქციები. სწორედ ამიტომ აირჩია დასავლეთმა ომის პირობებში რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად ამ ქვეყნიდან გაზის იმპორტის შეწყვეტა. თუმცა, სანქციებს ყველა წევრი ქვეყანა არ შეუერთდა და რუსულმა „გაზპრომმა“ ამ ქვეყნების ენერგეტიკულ ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარა. შესაბამისად, მოსკოვმა გაზის მონოპოლიურად მაღალ ფასად რეალიზაციის შედეგად სანქციებიდან მიღებული ზარალი მინიმუმამდე შეამცირა, თანაც ამ ქვეყნებზე მისი პოლიტიკური ზეწოლა გაზარდა.
სტატიაში განხილულია რფ-ს და ევროკავშირის ენერგეტიკული დაპირისპირების ფაქტები და წინადადებები, რომლითაც საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, შეუძლია უპასუხოს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გამოწვევებს. მაგალითად, 2022 წლის 27 აპრილიდან „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება კომპანია „ბულგარგაზისთვის“ (Bulgargaz) იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე. საპასუხოდ, 2022 წლის ივნისში საქართველოზე გამავალი „სამხრეთის გაზის დერეფანში“ მყოფი „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ დაიწყო აზერბაიჯანული გაზის ბულგარეთისთვის საცდელი მიწოდება. ევროკავშირის იმავე „დერეფანში“ მყოფი „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ (TAP) ბულგარეთ-საბერძნეთის ინტერკონექტორის - IGB-ის გავლით, სატესტო რეჟიმში ბულგარეთისთვის აირის მიწოდება 2022 წლის ივნისის ბოლომდე განხორციელდა, ხოლო 2022 წლის 2 ივლისიდან 2023 წლის ბოლომდე უკვე 1 მლრდ კუბ. მეტრი აზერბაიჯანული აირის სახელშეკრულებო მოცულობის მიწოდება განხორციელდა, რაც 2024 წლის ბოლოსთვის 3 მლრდ კუბ. მეტრამდე გაიზრდება.
„ევროკავშირის სამხრეთის გაზის დერეფნით“ აზერბაიჯანიდან გაზს, „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ (TAP) საშუალებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - იტალია და საბერძნეთი, მოგვიანებით კი ბულგარეთი, 2020 წლის 31 დეკემბრიდან იღებენ. ინტერკონექტორი IGB-ის ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, იგეგმება მისი საპროექტო სიმძლავრის გაზრდა, რაც, მართალია, ევროპის გაზის მოხმარების შედარებით მცირე ნაწილია, მაგრამ გაზის ბაზარზე კონკურენციას რეალურად შეუწყობს ხელს.
ამასთან, ბულგარეთის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტის მიზეზი თვითონ რუსეთის ხელისუფლებაა, რომელმაც მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, მოითხოვა „არამეგობრული ქვეყნებისგან“ გაზის საფასურის გადახდა ახალი სქემით, უცხოური ვალუტის რუბლებში გადაცვლით. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბულგარეთმა, ეს სქემა არ მოიწონა და „გაზპრომმა“ მას აირის მიწოდება შეუწყვიტა, რამაც დააჩქარა რუსეთის გვერდის ამქცევი, ევროპული „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინტერკონექტორის - IGB-ის სრული სიმძლავრით ამოქმედება და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის „გაზპრომზე“ დამოკიდებულების შემცირება. კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ იმავდროულად გაიზარდა ცენტრალური ევროპის ქვეყნების - უნგრეთის, სლოვაკეთის, ვსტრიის, ჩეხეთის რუსულ სახელმწიფო მონოპოლია „გაზპრომზე“ დამოკიდებულება, რაც ამ ქვეყნების მთავრობების, რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე ნაკლებად კრიტიკულ პოზიციაში აისახა.
რუსეთის დამანგრეველი აგრესიის პირობებში, ქ. უჟგოროდთან არის ადგილი, რომელიც ომის მესამე წელს კვლავ უსაფრთხოდ გამოიყურება. ესაა რუსული გაზის ტრანზიტული მილსადენი „ბრატსტვო“ („ძმობა“). ის „უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის“ ფარგლებში ევროკავშირის მყიდველებისთვის 2024 წელს, 2021 წელთან შედარებით მართალია მცირე მასშტაბით, მაგრამ მოქმედი დასავლური სანქციების პირობებში მაინც ახორციელებს ციმბირიდან უკრაინის გავლით ევროკავშირში გაზის ტრანსპორტირებას (Pipelines, 2021). აშკარაა, რომ სახეზეა არა სანქციები, არამედ „ნახევრად-სანქციები“ ვინაიდან „ძმობა“ მუშაობს, სხვა მილსადენები უმოქმედოდაა. სანქციების საკითხი ეკონომიკურ უსაფრთხოებაში შედარებით ახალი და ნაკლებად შესწავლილი თემაა. ამ სტატიაში ჩვენ ვამტკიცებთ ჰიპოთეზას, რომ დასავლეთის მხრიდან სანახევროდ გატარებული სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სახელმწიფო მონოპოლიების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და რფ-ს საბიუჯეტო შემოსავლებს დიდ ზიანს არ აყენებს და მათგან თავის დაღწევა მოსკოვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. თანაც, რადგან დასავლეთი სანქციების საკითხს დრო და დრო უბრუნდება, საჭიროდ მიგვაჩნია ეკონომიკური სანქციების ეფექტის კვლევის დაწყება.
უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ანტირუსული „ნახევრად-სანქციები“
მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს ნებისმიერი სახმელეთო კრიტიკული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით გაზის და ნავთობის მილსადენები, უკიდურესად დაუცველია (Z. Garakanidze, N. Garakanidze., 2013) უკრაინაში მაინც ყველაზე უსაფრთხო ადგილად „სუდჟა-ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ ზემოხსენებული „ძმური“ მილსადენი მიაჩნიათ (ის საბჭოთა დროიდან ცნობილია, როგორც მილსადენი „ძმობა“ - Братство). მით უმეტეს, რომ უკრაინის ყველა დანარჩენი სატრანზიტო მილსადენი სანქციების გამო უკვე წელიწადზე მეტია უფუნქციოდაა.
ამ ფაქტმა ზოგიერთ დასავლელ ექსპერტს სამწუხაროდ ათქმევინა, რომ ’’... სანქციები, რომლებიც შექმნილია რუსეთის უკრაინიდან გამოდევნის მიზნით, სინამდვილეში გამიზნულია იმისთვის, რომ უბიძგოს რუსეთს დემოკრატიისკენ. ახალ, პროგრესულ რუსეთსა და ინდუსტრიულ სამყაროს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა მკვეთრად გარდაქმნის საერთაშორისო ვითარებას. ეს შეიძლება იყოს დემოკრატიული განვითარების უაღრესად თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც აფერხებს ჩინეთის ავტოკრატიის პოპულარიზაციას და კიბერშეჭრის მინიმიზაციას ემსახურება. ის ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მოთხოვნებს სამხედრო ძალებისთვის გლობალურად, მათ შორის ბირთვული იარაღის მნიშვნელოვანი შემცირების შესაძლებლობის ჩათვლით. დიპლომატიური თვალსაზრისით, რუსეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დაპირისპირების შემცირებას ავღანეთში, ვენესუელაში, ბელორუსში, უკრაინასა და სირიაში.“ (E. Corcoran., 2024)
ამ ექსპერტებს, სავარაუდოდ, არ სმენიათ (?!) რუსეთის შეჭრის შესახებ საქართველოში 2008 წელს, ასევე მის მიერ სირიაში და ერაყში ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ დროს, 2011 წლიდან განხორციელებული რეიდების შესახებ ამ ქვეყნების დემოკრატიული, პროდასავლური ძალების წინააღმდეგ, 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონების და ყირიმის „თვითგამოცხადებული რესპუბლიკების“ შესახებ და ა.შ. ამ აგრესიულმა ქმედებებმა არ „...უბიძგა რუსეთს დემოკრატიისკენ“, როგორც ზემოაღნიშნულ ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია. პირიქით, დასავლეთის მხრივ სუსტ ანტირუსულ რეაქციას მოჰყვა აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, აღმოსავლეთ უკრაინის და ყირიმის ანექსია, სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ყოფილი საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზის რესტავრაცია ქ. ტარტუსში, ახალი სამხედრო-საჰაერო ბაზის შექმნა სირიის ჩრდილოეთ სანაპიროზე ქ. ხმეიმიმში, ვერტმფრენების სამხედრო-საჰაერო ბაზის დაფუძნება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ქ. ელ-კამიშლიში და ა.შ. (M. Барановская., 2019).
კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობა სანქციების პირობებში
აღსანიშნავია, რომ 4,500 კილომეტრის სიგრძის „სუდჟა-ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“გაზის მილსადენი ხელუხლებელი რჩება, რადგან ორივე მეომარი მხარის სერიოზული სავალუტო შემოსავლების წყაროა. ბიზნესი არის ბიზნესი და რუსეთიც და უკრაინაც ყველა ღონეს ხმარობენ, რათა უნებურად არ დაზიანდეს მილი, რომელიც გადაკეტილი „იამალ-ევროპის“, „ტრანსბალკანური“ და „სოიუზის“ გაზის მილსადენებისგან განსხვავებით, აგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში და უცხოური ვალუტის შემოტანას მოსკოვშიც და კიევშიც (Матвей Катков., 2022).
„როიტერის“ მონაცემებით, უკვე 2023 წელს, ევროპაში რუსული მილსადენის გაზის ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 56%-ით შემცირდა. ომამდე რუსული გაზი ევროპის გაზზე მოთხოვნის 35%-დან 40%-მდე ფარავდა, მაგრამ განსხვავდებოდა ცალკეული ქვეყნების დამოკიდებულების ხარისხი „გაზპრომზე“. კერძოდ, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია და ესპანეთი, თითქმის არ იღებდნენ რუსულ გაზს. სხვები, როგორებიცაა გერმანია, იტალია და ნიდერლანდები, ყიდულობდნენ ამ გაზის მნიშვნელოვან რაოდენობას. ამ სამმა ქვეყანამ 2020 წელს იყიდა შესაბამისად 56,3 მილიარდი, 19,7 მილიარდი და 11,2 მილიარდი კუბური მეტრი (მლრდ კუბ.მ) რუსული გაზი.
არსებითია არა მარტო იმის გათვალისწინება, თუ რამდენად დიდია რუსული გაზის წილი ევროპულ ბაზარზე, არამედ ისიც, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ევროპელებისთვის ალტერნატივები. მაგალითად, ომამდე გერმანია რუსული გაზით მოთხოვნის თითქმის ნახევარს იკმაყოფილებდა, ბულგარეთი - 100%-ს, იტალია კი - მოთხოვნის 46%-ს. „როიტერის“ მონაცემებით, 2023 წელს რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ (GAZP.MM) მიერ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 55,6%-ით შემცირდა და 28,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე დაეცა. ამ სტატისტიკით, რომელიც ეფუძნება ევროპული გაზის სატრანსპორტო ჯგუფის Entsog-ისა და „გაზპრომის“ ყოველდღიურ მონაცემებს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ აჩვენა, რომ რუსული გაზის საშუალო დღიური ექსპორტი ევროპაში შემცირდა 77,6 მილიონ კუბურ მეტრამდე (მლნ. კუბ.მ) 2023 წელს, 2022 წლის 174,8 მლნ. კუბ.მ-დან. „გაზპრომის“ მონაცემებით და „როიტერის“ გათვლებით, 2022 წელს რუსეთმა სხვადასხვა მარშრუტით ევროპას სულ დაახლოებით 63,8 მილიარდი კუბური მეტრი მილსადენის გაზი მიაწოდა (Reuters, 2023). “გაზპრომს” არ გამოუქვეყნებია საკუთარი სტატისტიკა 2023 წლის დასაწყისიდან. ასევე, კომპანიის წარმომადგენელმა არ უპასუხა „როიტერს“ კომენტარის მოთხოვნაზე.
უკრაინამაც, 2015 წლის ნოემბერში - თითქმის ერთ წელში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია განახორციელა, საერთოდ შეწყვიტა რუსული გაზის ყიდვა. ამაში მას „დაეხმარა“ ევროპაში ყველაზე ტევადი და კარგად ორგანიზებული მიწისქვეშა გაზსაცავების ქსელი.
აღნიშნული სქემიდან აშკარაა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფორმირებისა და განვითარების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს მიმდინარე ენერგეტიკული პრობლემებით გამოწვეული საფრთხეების იდენტიფიკაციასა და შეფასებას - სწორედ ამის მაგალითია მიწისქვეშა გაზსაცავები (UGS) უკრაინაში. აშკარაა, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ენერგო რესურსების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე აუცილებელია მათი საკმარისობის უზრუნველყოფაც. მაგალითად, უკრაინაში, მიწისქვეშა გაზსაცავების მთლიანი აქტიური მოცულობა 30 მლრდ კუბ. მეტრზე მეტია. ამჟამად უკრაინაში არის 13 მიწისქვეშა გაზსაცავი (მათ შორის ერთი დროებით ოკუპირებულ ყირიმში), რომელთაგან ორი შეიქმნა წყალშემკრები მიწისქვეშა ფენების ბაზაზე, დანარჩენი კი გაზის ამოწურული საბადოების ადგილას (Где Украина и мир, 2023).
სსრკ-ს პირობებში უკრაინის ს/ს „გაზის ტრანსპორტირების სისტემის“ (GTS) გამტარუნარიანობა რუსეთთან საზღვარზე იყო 288 მლრდ მ3/წელიწადში. მაშინ უკრაინის დასავლეთ საზღვარზე 178,5 მლრდ მ3/წელიწადში მოცულობის გაზსაცავებიც აშენდა, რათა საბჭოთა გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისას იქ საკმარისი რეზერვი ყოფილიყო. დღეს გაზის ტრანზიტის მოცულობა საგრძნობლად შემცირდა და უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავები სრულად არ არის დატვირთული. უკრაინული „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელობამ 2023 წლის 28 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საკუთარი საჭიროებისთვის 2023-2024 წლების გათბობის სეზონის დასაწყისისთვის, უკრაინამ დაგეგმილი 14,7 მლრდ მ3-დან 14 მლრდ მ3 გაზი უკვე ამოტუმბა (Европейские трейдеры., 2023)
მანამდე, 2023 წლის 7 აპრილს, ს/ს „უკრტრანსგაზმა“ (Ukrtransgaz) მიიღო სერტიფიცირება ევროკავშირის წესების შესაბამისად, რამაც ამ ქვეყანას საშუალება მისცა გამოეყენებინა თავისი გაზსაცავების მოცულობის დაახლოებით 50% ევროპის ქვეყნების გაზის რეზერვების შესანახად. ს/ს „უკრტრანსგაზმა“ ჯერ კიდევ 2017 წელს 10 მიწისქვეშა გაზსაცავზე აამოქმედა „საბაჟო საწყობის“ რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც გაზით მოვაჭრეებს ეძლევათ შესაძლებლობა 1095 დღით, ე.ი. 3 წლით, საბაჟო ტარიფებისა და სხვა გადასახადების გადახდის გარეშე, უკრაინაში შეინახონ გაზი დასავლეთისკენ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისას (Georgi Gotev.,2024). ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისათვის, თუნდაც ერთი მიწისქვეშა გაზსაცავის არსებობა!
გაუძლებს „ძმობა“ ომით გამოცდას?
2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა რუსული გაზის ყიდვა. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც არა აქვს ზღვაზე გასასვლელი და LNG ტანკერებით თხევადი გაზის მიღების საშუალება, განაგრძო „ძმობის“ მილსადენით ციმბირიდან გაზის მიღება და „გაზპრომმაც“ გააგრძელა უკრაინისთვის ტრანზიტის ტარიფის გადახდა.
მანამდე, 2019 წლის დეკემბერში, უკრაინულმა „ნაფტოგაზმა“ და რუსულმა „გაზპრომმა“ ხელი მოაწერეს გაზის ტრანზიტის ხუთწლიან შეთანხმებას 2024 წლის ბოლომდე „გადატვირთე-ან-გადაიხადე“ (ship-or-pay) გადახდის პირობებით, რაც ნიშნავს, რომ „გაზპრომი“ ვალდებულია გადაიხადოს ტრანზიტის ტარიფი იმის მიუხედავად, გამოიყენებს თუ არა უკრაინის გაზის სატრანზიტო მილებს შეთანხმებით განსაზღვრულ პერიოდში. ამ შეთანხმებით, უკრაინა ვარაუდობს რუსული გაზის ტრანზიტიდან გარიგების ვადის ამოწურვამდე მიიღოს 7 მლრდ დოლარის სატრანზიტო შემოსავალი.
ზემოაღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, ორი ქვეყნის წლიური სატრანზიტო კონტრაქტი „ძმობის“ მილსადენით 40 მლრდ კუბ. მეტრი გაზის ტრანზიტზე იყო გაფორმებული. დღეს ეს მაჩვენებლები გაცილებით დაბალია. 2023 წელს უკრაინიდან „ძმობის“ მილით 6 მლრდ კუბ. მეტრი გაზი გავიდა ავსტრიაში, 6,5 მლრდ კუბ. მეტრი - სლოვაკეთში და 1 მლრდ კუბ. მეტრი - უნგრეთში, სულ 13,5 მლრდ კუბ.მეტრი (Georgi Gotev., 2024). ადვილი შესამჩნევია, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის ის წევრებია, რომლებიც ყველაზე ნაკლებად, ან საერთოდ არ აკრიტიკებენ რუსეთის ხელისუფლების აგრესიულ პოლიტიკას უკრაინაში.
მართალია 2015 წლის ნოემბერში თავად უკრაინამ შეწყვიტა გაზის პირდაპირ შესყიდვა რუსეთიდან, მაგრამ სანაცვლოდ ის ამ გაზს არაპირდაპირი გზით ყიდულობს ევროკავშირის იმპორტიორებისგან, უკრაინაზე ტრანზიტით გავლილი გაზის, ე. წ. „რევერსული ნაკადების“ სახით. შეთანხმებას ვადა 2024 წლის ბოლოს იწურება და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ 2023 წლის აგვისტოში გამორიცხა კიევის მონაწილეობის პერსპექტივა რუსეთთან გაზის ტრანზიტის სამომავლო ღონისძიებების შესახებ მოლაპარაკებებში.
დიდი ალბათობით, კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბერს გაგრძელების გარეშე დასრულდება და „ძმობის“ მილიც, სხვების მსგავსად, დაიკეტება. ევროკომისიამ პირობა დადო, რომ 2027 წლისთვის შეაჩერებს რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტს, გაზის ჩათვლით, არა უკრაინული მარშრუტებიდანაც (Frédéric Simon, Kira Taylor., 2022). მაგრამ 2027 წლამდე რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ისეთ ალტერნატიულ მარშრუტს, როგორიცაა ოფშორული “თურქული ნაკადი” (TurkStream), რომელიც შედის ევროკავშირის ტერიტორიაზე ბულგარეთში, სტრანდჟას (Strandzha) სასაზღვრო პუნქტთან, სადაც პოლიტიკური კორექტულობისთვის მას “ბალკანურ ნაკადს” (Balkan Stream) უწოდებენ. ამ მარშრუტზე, ანუ „რუსული გაზის თურქულ ჰაბზე“, თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები ჯერ კიდევ 2022 წლის 28 სექტემბერს შეთანხმდნენ.
თავის მხრივ, ბულგარეთმა შეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მაგრამ იგი, თურქეთის მსგავსად, ასრულებს სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და ავსტრიაში რუსული გაზის ტრანზიტის სახელშეკრულებო ვალდებულებებს. კერძოდ, 2021 წელს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, უნგრეთი იღებს 3,5 მლრდ კუბურ მეტრ რუსულ გაზს ბულგარეთისა და სერბეთის გავლით და აშკარად მეტის იმპორტი სურს (Georgi Gotev, 2024).
(პირველი ნაწილის დასასრული)