როდესაც დიეგო მარადონას უთხრეს, რომ მასთან შეხვედრა ედუარდ კოკოითის სურდა (სეპარატისტმა მას ვენესუელიდან შეუარა), ალბათ, დიდი დიეგო შეშფოთდა. საქმე ის არის, რომ სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს შხამიანი ბაყაყი "კოკოი". ალბათ, ფეხბურთელმა კარგა ხნის განმავლობაში ვერ გაიგო, რა საქმე ჰქონდა მასთან ბაყაყს და რატომ უნდა შეხვედროდა "კოკოის" ჟურნალისტების თანდასწრებით.
ჩვენ არ ვიცით, სამხრეთამერიკულ ბაყაყ "კოკოის" რომ აკოცო, გადაიქცევა თუ არა ის მშვენიერ ასულად, თუმცა ის ნამდვილად ვიცით, რომ რუსეთთან ნაამბორალი სამხრეთოსური ბაყაყი, სახელად "კოკოითი" პუტინის ვაჟად არის ქცეული.
ისიც ვიცით, რომ მარადონამ, ბოლოს და ბოლოს, იძია შური ქართველებზე. 2008 წლის ოქტომბერში დიეგო თბილისში ჩამოვიდა და ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ბილეთები ძვირი ღირდა და მარადონას თამაშს ანშლაგი არ მოჰყოლია. ეს მარადონამ შეურაცხყოფად მიიღო...
მარადონასა და კოკოითის შეხვედრა ორი ჩემპიონის შეხვედრაა. დიეგო ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონია. ედიკას კი ეს ტიტული სხვადასხვა სფეროში აქვს მოპოვებული.
მაგალითად, მარადონა მოედანზე ვერ აკრეფდა იმ სიჩქარეს, რა სიჩქარითაც კოკოითი 2008 წლის აგვისტოში ცხინვალიდან ჯავაში გარბოდა. მარადონას საფეხბურთო წრეებში სისულელეების კეთებაში ჩემპიონსაც უწოდებენ. ამ საკითხში კოკოითი დიდ დიეგოს ვერ შეედრება. მარადონა თავისი სისულელეებით მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებდა.
ედიკამ კი რამდენიმე ათასი ადამიანი გაამწარა და წარმატებით აგრძელებს ტიტულის დაცვას.
მარადონამ მიიღო კოკოითის მიწვევა და ამბობენ, ცხინვალში ჩასვლას აპირებსო. თუმცა, ამ ვიზიტის ალბათობა დაბალია... თავისი ხარჯებით, რა თქმა უნდა, დიდი დიეგო პატარა, მაგრამ ამაყ ცხინვალში არ ჩავა. ცხინვალს კი ფული არა აქვს. შესაბამისად, ეს ვიზიტი რუსეთმა უნდა დააფინანსოს. აბა გამოიცანით, სად მიდის ის ფული, რომელსაც რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს ამა თუ იმ მიზნით აძლევს? რა თქმა უნდა, კოკოითის ჯიბეში. მარადონა მოედანზე ნებისმიერ დაცვას არღვევდა, თუმცა, ზემოხსენებული მოჯადოებული წრის გარღვევა მას ნამდვილად გაუჭირდება.
მარადონა ჩვენგან თავისას მიიღებს
- გადაწყვეტილია, რომ შემოდგომაზე საქართველოში პელე ჩამოდის. ფეხბურთის მეფეს, სხვათა შორის, დიეგოსავით თავპატიჟი არ გამოუდვია. მაშინვე დათანხმდა მოწვევას და, ალბათ თქვა კიდეც: იმ ქვეყანაში, სადაც მარადონას თამაშზე სტადიონზე ხალხი არ მიდის, ფეხითაც ჩავალო.
პელეს ისეთი დახვედრა უნდა მოვუწყოთ, რომ მარადონას ნერვიულობისგან ისევ ჰალუცინაციები დაეწყოს. თუმცა, კოკოითისთან შეხვედრის შემდეგ, ეს მინიმუმ, 3-4 დღე ისედაც გარანტირებული აქვს.
კოკოითის კი... თუმცა, ის კოკოითია და თავისი უბედურებაც ეყოფა.