ქართველ და უცხოელ გიდებს შორის დაპირისპირება მწვავე ფორმას იძენს

ქართველ და უცხოელ გიდებს შორის დაპირისპირება მწვავე ფორმას იძენს

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ადგილობრივ ბაზარზე უცხოელი გიდების დომინანატობას აპროტესტებენ. ქართველი გიდები კოლეგებს სხვა ქვეყნებიდან ბაზრის „ოკუპაციაში“ და საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად გადმოცემაში სდებენ ბრალს. გიდები სახელმწიფოსგან სამართლიანი და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას ითხოვენ.

გიდების ასოციაცია „საგას“ წარმომადგენელი და ტურიზმის პროფკავშირების თანადამფუძნებელი ქეთი ბურნაძე ამბობს, რომ არსებობს რიგი ქვეყნები, სადაც უცხოელი გიდების საქმიანობა შეზღუდულია. მათი მოთხოვნაა, რომ საქართველომაც ეს გზა აირჩიოს და გარკვეულწილად შეუზღუდოს საქმიანობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. თუ ეს მიმართულება ტურიზმის შესახებ ახალ კანონში კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე არ მოხდება, ადგილობრივი ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდება.

„თუ არ იქნა დამატებითი კანონქვემდებარე აქტებით კანონის გაკეთილშობილება, სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. რომ ამბობენ, უცხო ქვეყნის ტურიზმის კანონების გათვალისწინება მოხდა, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ, პრიორიტეტი ენიჭება ადგილობრივ მოქალაქეს. მოთხოვნა გვაქვს, გათვალისწინებულ იქნეს ქართული ენის ცოდნა აუცილებლად, პრიორიტეტული იყოს საქართველოს მოქალაქე.

ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეზღუდვა ტურისტულ ბიზნესში. ეს არის საკმაოდ პრესტიჟული საქმე და აუცილებლად რეგულაციების და მონიტორინგის ქვეშ უნდა მოექცეს. ნუ მივცემთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს იმის უფლებას, რასაც ჩვენ არ გვაძლევენ. ახლახან ჩეხეთის დელეგაცია გვყავდა საერთაშორისო გიდების ასოციაციაში, რომლებმაც გვითხრეს, რომ 3000 ევროა ჯარიმა, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ვინც ტურს ჩაატარებს. მეორე ჯერზე კი დეპორტი ქვეყნიდან. საკმაოდ კარგი პრაქტიკაა, ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს“, - ამბობს ქეთი ბურნაძე.

უცხოელი გიდები არსად რეგისტრირებულები და დაფიქსირებულები არ არიან. უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებს არც სახელმწიფო ბიუჯეტთან აქვთ ანგარიშსწორება.

„ეს ახალი პრობლემა არ არის, ამ პრობლემის წინაშე მძაფრად დავდექით პანდემიის წინა პერიოდში. ძალიან გამოიკვეთნენ ე.წ. გიდები, რომლებიც ამ ბაზარს ნელ-ნელა იპყრობენ და ჩვენ ამ ბაზრიდან განდევნილები ვართ. ესენი არიან ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლები - ირანი, თურქეთი, პაკისტანი, ინდოელი სტუდენტები, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ბოლო ხანებში ძალიან აქტიურად გვხვდებიან ჩეხი, პოლონელი „გიდები“.

გაღიზიანების ფაქტორს იწვევს არა მარტო ის, რომ ჩვენს სამუშაო არეალს და ჩვენგან შექმნილ ნიშას ვკარგავთ, მახინჯდება კულტურა, ისტორია, ტრადიციები, ამ ყველაფრის გადაცემა ძალიან ცუდად ხდება. ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ აგდებულადაც მოგვიხსენიებენ ხშირ შემთხვევაში. გარდა იმისა, რომ ისტორიულად, ეთნიკურად, ტრადიციულად ვზარალდებით, ასევე, იმით, რომ სამსახურებს ვკარგავთ. საქართველოს ბიუჯეტის გვერდით ავლით ხდება გადინება ძალიან დიდი თანხების, იმიტომ, რომ ისინი არსად რეგისტრირებულები არ არიან, ასევე არც დაფიქსირებულები არ არიან. მოვალეობა და ანგარიშსწორება ბიუჯეტთან არ აქვთ, რასაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში, პირნათლად ვასრულებთ.

ისინი ძალიან კარგად ფლობენ ინტერნეტ სივრცეებს, ამ გზით მარტივად და იოლად ეძებენ მომხმარებლებს. იაფად და იოლად ჰყიდიან ტურებს. ჩვენ „დემპინგის“ ქვეშაც მოვექეცით”, - განაცხადა ქეთი ბურნაძემ.

საქართველოში საკმაოდ ბევრია ისეთი გიდი, ვისაც არანაირი სერტიფიკატი არ გააჩნია. უკვე 10 წელია, რაც გიორგი გურგენიძე უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს საქართველოს ისტორიას უყვება. ის სერტიფიცირებული გიდია და ძალიან აწუხებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ამ ფეროში საქართველოში ხდება, როცა უცხოელი ე.წ. გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიის თავისებურ ვერსიას უყვებიან.

„ტურისტულ ადგილებში ხშირად ვხვდები უცხოელ მოქალაქეებს, ვისაც დაჰყავს უცხოელი ტურისტები და მათ უყვებიან საქართველოს ისტორიას, ხშირად მე მომისმენია ეს ისტორია და ეს არ არის საერთოდ ადეკვატური და არ შეესაბამება საქართველოს წარსულს. ჩვენ გიდები ვართ უცხოელი მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად, ელჩები, აცნობ უცხოელ მოქალაქეს საქართველოს კულტურას, ისტორიას. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქე, პირველ რიგში, უნდა აცნობდეს ამ ისტორიას, კულტურას და არ იყოს ისეთი პრობლემა, რომ უცხოელი მოქალაქე შემოვიდეს აქ და დაუსაბუთებლად, არასერტიფიცირებულად, არაკანონიერად გიდობდეს“, - ამბობს გიდი გიორგი გურგენიძე.

საქართველოს სერტიფიცირებული გიდები ახლა სახელმწიფოს სთხოვენ დახმარებას. მათ სურთ, კანონში ცვლილებები შევიდეს.

„სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ შედეგად ის კანონი, რომელიც სასარგებლო იქნებოდა, რომელიც ხელს შეუწყობდა პრობლემების მოგვარებას, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას და დიდწილად ისეთი მუხლებია, რომლებიც ჩვენთვის პირიქით დამაზიანებელია. ის ხალხი, ვინც მუდმივად არის დასაქმებული ამ სფეროში, ვინც თავის მხრებით დღევანდლამდე მოიტანა ეს სფერო და განავითარა, სწორედ ისინი იძულებულნი ხდებიან, მიატოვონ სფერო და სხვაგან ეძებონ სამუშაო, ასევე ხშირ შემთხვევაში დატოვოს ჩვენი ქვეყანა და სხვა ქვეყანაში ეძებონ სამუშაო“, - განუცხადა „ევრონიუს ჯორჯიას“ გიორგი თეთრაძემ, საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ.

„გასაგებია, რომ კანონის მომზადება იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი, ახლა იწყება მუშაობა ქვემდებარე აქტებზე, მაგრამ ამასობაში ჩვენ ვკარგავთ ტურისტულ ბაზარს, იმ ბაზარს, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტში შეუძლია შემოიტანოს მილიარდები, ეს ბაზარი გადადის სამწუხაროდ. დამერწმუნეთ, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული, საკუთარ თავზე იგრძნობს ტურისტული სეზონის დაწყებიდან თუ რამხელა პრობლემის წინაშე დადგება, როდესაც ჩაანაცვლებს მას უცხოეთიდან შემოსული გიდი, რომელმაც არამც თუ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია, მიზანმიმართულად, შეგნებულად მახინჯდება ისე, როგორც აწყობს მისი ქვეყნის პოლიტიკას, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა“, - აღნიშნა საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა გეგეშიძემ.

ლაზი გიდი საკუტარი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის პროპანდისტი და რეალური ფაქტების მიმწოდებელი უნდა იყოს უცხოელი ტურისტებისათვის. წარმოიდგინეთ თურქი გიდი, რომელსაც სკოლაში ასწავლიდნენ, რომ საქართველო ეს თურქეთია, რომელიც რუსებმა წაართვეს თურქეთს ქართველებისათვის და რომელიც დასაბრუნებელი აქვთ, როგორ ტურს ჩაატარებს, მაგალიტად აჭარაში ან მესხეთში. ან როგორ მოყვება დიდგორის ისტორიას.
სასწრაფოდ არის ეს საკითხი მისაწესრიგებელი. საერთოდ უნდა აიკრძალოს უცხოელი გიდების დამოუკიდებლად საქმიანობა საქართველოში. ისინი შეიძლება დასაქმებული იქნან მხოლოდ გამცილებლებად და სათარჯიმნო დანიშნულებით, მაგრამ არა ექსკურსიამძღოლებად.
10 თვის უკან
ლევკოთეა ვერც ვიფიქრებდი, თუ უცხოელები იყვნენ გიდებად და საქართველოს ისტორიას მათგან შეიტყობდნენ ტურისტები. აბა, ეგეთი რამე როგორ შეიძლება? განა რა დიდი ტვინი უნდა შედეგების წინასწარ განსაზღვრას.
გასაგებია, რომ ტურისტები ისტორიის გაკვეთილების მოსასმენად არ ჩამოდიან, მაგრამ, მაგრამ ხომ უწევთ ამა თუ იმ დოზით ინფორმაციის მიღება.
10 თვის უკან
ლევკოთეა ეხლა წარმოვიდგინე, სომეხი გიდის ტექსტი ჯვრის მონასტერზე: ეს ჯვრის მონასტერია, რომელიც სამი მეტრით და ოცი სანტიმეტრით უფრო დაბალია, ვიდრე მეზობელ, უძველეს სომხეთში არსებული ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი. უნდა მოინახულოთ ეჩმიაძინი აუცილებლად. :))
10 თვის უკან