2024 წლის არჩევნების არაღიარებისთვის ოპოზიცია ნიადაგს ამზადებს - პრეზიდენტს თამაშში რუსეთი შემოყავს

2024 წლის არჩევნების არაღიარებისთვის ოპოზიცია ნიადაგს ამზადებს - პრეზიდენტს თამაშში რუსეთი შემოყავს

მზადდება თუ არა 2024 წლის არჩევნების არაღიარებისთვის ნიადაგი და რატომ ახსენა საქართველოს პრეზიდენტმა საპარალმენტო არჩევნებში რუსეთის სპეცსამსახურების ჩარევა? პრეზიდენტი, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფებოდა, Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის გადამწყვეტ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს. ვის სასარგებლოდ იმუშავებენ რუსული სპეცსამსახურები, სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა პარტნიორებს აფრთხილებს, რომ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რუსების მონაწილეობით არჩევნების ჩატარება კი ქვეყნისთვის საბოლოო განაჩენი იქნება.

ზურაბიშვილი პარტნიორებს ღიად მიანიშნებს, რომ დარჩენილი რამდენიმე თვე ყურადღების დიდი რესურსი სწორედ საქართველოსკენ უნდა მიმართონ. მანამდე კი საერთაშორისო მედიის საშუალებით პრეზიდენტი „ოცნებას“ წამმზომს ურთავს და ეუბნება, რომ ერთპარტიული მმართველობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს.

გერმანიიდან გაკეთებული განცხადებების გამო „ოცნებაში“ პრეზიდენტი გააკრიტიკეს და უპასუხეს, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში ოპოზიციას ეხმარება. მმართველ გუნდს უჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილის დახმარებით, „ნაცმოძრაობის“ ლობისტები ცდილობენ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ქვეშ დააყენონ და ზურაბიშვილი კონკრეტული სცენარის გეგმას მიჰყვება.

მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს დაკვეთილი დავალების შესრულებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველგვარი გზით ცდილობენ, მმართველ პარტიას რუსული საქმეები „მიაწებონ“.

„რუსული ხომ უნდა ეხსენებინა. ყველას ერთად, სალომე ზურაბიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ, სხვა წევრებს გუნდისა, აქვთ ერთი დავალება - ყველაფერი უნდა იყოს რუსული, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა მიეწებოს. ახლა რუსეთი ჩაერევაო - რუსეთი შეიძლება მართლა ჩაერიოს, მაგრამ ვის სასარგებლოდ, კაცმა არ იცის. რუსეთმა შეიძლება მართლა სცადოს, ჩვენთან კი არა, ეჭვები არსებობს, გაცილებით ძლიერ და დიდ ქვეყნებში ცდილობენ ისინი ჩარევას, მაგრამ კაცმა არ იცის - ვის სასარგებლოდ“, - ამბობს მდინარაძე.

მედია ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გიორგი ახველდიანი for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება რამდენიმე მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს.

„ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერთა რაოდენობა ბოლო დროს, ძალიან შეთხელდა. ნიკა მელიას გამოყოფის შემდეგ, მას უკან რეგიონალური აქტივის უზარმაზარი ნაწილი გაჰყვა. ამას დაემატა გამოკვეთილი ნაციდეოლოგიის მიერ პარტიის შექმნის შესახებ გაკეთებული განცახდება. ამ არეალში წარმოიქმნა ვითარება, რომ ყველა იმ პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც წარმოადგენდა ნაცკლასტერს, „ნაცმოძრაობასთან“, როგორც პოლიტიკურ კეთროვანთან, გამიჯვნა დაიწყო. ამიტომ ზურაბიშვილის მეთაურობით, ცდილობენ, მესამე ძალის ილუზიის შექმნას, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება.

ზურაბიშვილი კი საარჩევნო თემატიკის სატყუარაა, რომელსაც რასაც დაავალებენ, იმას გაიმეორებს. მთელ მსოფლიოში ახლა ძალიან მოდაშია საუბარი იმაზე, რომ ყველა არჩევნებში რუსეთი ერევა და ის მართავს ყველაფერს. ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების წინაპირობა. ეს არის წინასწარ ალიბის შექმნის მცდელობა, რომ მერე ოპოზიციამ თავი გაიმართლოს, თუ რატომ წააგო არჩევნები. თუკი გაყალბების თემას ვერ დაამტკიცებენ, სათქმელი ექნებათ, რომ აგერ, რუსეთი ჩაერია და ის გაიყვანეს ვინც უნდოდათო - რაც ამერიკაში ვნახეთ წინა არჩევნების დროს, რომ ვითომ ტრამპი პუტინმა გაიყვანა. ჯერ ამერიკის პოლიტიკურმა ელიტამ თავის ქვეყანას ეს როგორ უნდა აკადროს და ზუსტად ამას ცდილობს ახლა ოპოზიცია ზურაბიშვილის დახმარებით“, - ამბობს ახვლედიანი.

რა როლი შეიძლება ზურაბიშვილს არჩევნებისითვის დაეკისროს და როგორ შეიძლება ოპოზიციამ ის გამოიყენოს? - კითხვაზე ახველდიანი პასუხობს, რომ შესაძლოა, ვითარება არჩევნების დროს სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს.

„მე, პირადად, ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო, რომ 6-წლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ზურაბიშვილი, არც თუ ახალგაზრად ასაკში, თავისი სურვილით გადაწყვეტს პარტიული პოლიტიკური ბრძოლა დაიწყოს, ჩაჯდეს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციაში და პარლამენტში მოხვედრისთვის, დეპუტატის მანდატისთვის ქალაქებში, რეგიონებში და სოფლებში იაროს.

ადამიანი, რომელიც 6 წელი პრეზიდენტი იყო, ამის შემდეგ სხვას რაღას უნდა მიაღწიოს? ისიც „ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დახმარებით აირჩიეს. ვფიქრობ, თავად ზურაბიშვილის სურვილი ეს არ უნდა იყოს. მას, ალბათ, ბევრად ურჩევნია და ლოგიკურიც იქნებოდა, პენსიაზე გასვლამდე, რომელიმე დიპლომატიურ ორგანიზაციაში ემუშავა. პრეზიდენტის ბეგრაუნდი ამაში ხელს შეუწყობდა. მგონია, თავის თავს ზურაბიშვილი სწორედ ასეთ კონტექსტში ხედავს. თუმცა, ველი, რომ ის წინასაარჩევნოდ აქტიურად ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში, თუკი თავის დასავლელი ლობისტებისგან ამ დავალებას მიიღებს. ეს ლობისტები ძალიან სერიოზულად მუშაობენ იმისთვის, რომ „ნაციოანლური მოძრაობა“ ისევ ხელსიუფლებაში დაბრუნდეს“,-ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ახლა საქართველოში მთავარ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს არა ოპოზიციური პარტიები, არამედ მათი ევროპული და საერთაშორისო ლობისტები. ამიტომ თუკი ისინი წინასაარჩევნოდ ზურაბიშვილს სცენარის მთავარი როლის შემსრულებლად დაინახავენ, ის კონკრეტულ დავალებებს მიიღებს. ახვლედიანი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი ამისთვის ნიადაგს იმზადებს.

„ჩვენს ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე იმდენად მძიმე სიტუაციაა, რომ თითქმის ხელისუფლების მოპასუხე მხარე ნაცოპოზიციის ლობისტები არიან. მათი ევროპარლამენტის მანდატი და სტატუსი გაცილებით უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე ხაბეიშვილის თავმჯდომარის სტატუსი. აქედან გამომდინარე, დღეს მათ აქვთ თავიანთ თავზე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური პიარის კეთება აღებული. ისინი პირდაპირ და ღიად, ყოველ მეორე დღეს, ჩვენს ხელისუფლებას ურტყამენ, ითხოვენ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანას და აძლევენ პოლიტიკური პატიმრის სტატუსს. ამიტომ ეს არის მათ მიერ გაწერილი პოლიტგეგმა, როგორ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ უფრო ეფექტურად წარმოჩენა“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, უბრალოდ, გაუგებარია და არ არსებობს ლოგიკური კავშირი ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს შორის.

„ეს ორი ფაქტორი იმდენად შეუფარდებელია, არ ვიცი დასავლეთში რისი იმედი აქვთ. ჩვენ რომ ვსაუბრობდეთ ძალიან ქარიზმატულ პოლიტიკურ ლიდერეზე, კიდევ შეიძლება. ზურაბიშვილის გამოთქმულ აზრს საზოგადოება რომ ელოდებოდეს, იყოს ავტორიტეტი და დიდი ნდობით სარგებლობდეს, მათ მიზანს კიდევ გავიგებდი. თუმცა, ეს ქალბატონი, რომელიც პრეზიდენტობის გარეშე არაფერს წარმოადგენს და მხოლოდ ამ ტრიბუნის ქონის გამო უნდა მასთან ოპოზიციას კომუნიკაცია, რას მისცემს დასავლეთს, ჩემთვის გაუგებარია“, - ამბობს ახვლედიანი.

ლაზი არ არის ეგ უბრალო საკითხი. დაარქვეს იმ კანონს რუსული და კინაღამ გადააყოლეს მაგ სატყურას ხელისუფლება. ახლა თუ ორკესტრირებულად, არჩევნებსაც რუსულის დარქმევა მოახერხეს, მერე გამოიყვანენ ქუჩაში აგენტურულ რესურსს, მოლოტოვის კოქტეილებით და აღარაფერია გამორიცხული.
2 თვის უკან