“როდესაც ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა, მაშინ მივხვდით, რომ ფრანგული კინო ისეთი კარგი აღარასდროს იქნება.” – ედგარ ვრაითი.
განსხვავებული გარეგნობის, ქარიზმატული ღიმილისა და თვალისმომჭრელი სამსახიობო შესრულების გამო მსოფლიო კინოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოძრაობის – ფრანგული ახალი ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელ – ჟან-პოლ ბელმონდოს ხშირად ადარებდნენ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ჰამფრი ბოგარტი, მარლონ ბრანდო და ჯეიმს დინი იყვნენ.
ჟან-პოლ ბელმონდო 1933 წელს, პარიზისგან მოშორებით, არტისტების ოჯახში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ დედა მხატვარი, მამა კი მოქანდაკე ჰყავდა, ათლეტური აღნაგობის მქონდე ბელმონდოს კრივი და ჭიდაობა უფრო იზიდავდა.
სპორტული სამყაროთი დაინტერესებულმა ჟან-პოლმა მსახიობობისადმი სიყვარული თინეიჯერობის ასაკში აღმოაჩინა, რის შემდეგაც საფრანგეთის ეროვნულ დრამატულ კონსერვატორიაში დაიწყო სწავლა. კინოხელოვნებაზე შეყვარებულ ბელმონდოს სასწავლებელში გარანტირებული ადგილის მოსაპოვებლად სამი ცდა დასჭირდა.
როგორც მისი ერთ-ერთი მასწავლებელი “წინასწარმეტყველებდა” ბელმონდო თავისი “ხულიგნური” გამომეტყველებით კინოსამყაროში წარმატებას ვერასდროს მიაღწევდა. მიუხედავად გარშემომყოფების უარყოფითი დამოკიდებულებისა დამწყებ მსახიობს საკუთარი თავის რწმენა და მომავალი წარმატების იმედი არასდროს დაუკარგავს.
ბელმონდომ კინოკარიერა 1950-იან წლებში, მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებში მონაწილეობით დაიწყო. ამომავალ ვარსკვლავს საერთაშორისო აღიარება 1960 წელს, ჟან ლიუკ გოდარის ფილმ Breathless-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა და მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოძრაობის – ფრანგული “ახალი ტალღის” სახედ აქცია, ექსპერიმენტული გაერთიანების, რომელმაც მსოფლიო კინოში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.
ბელმონდოს მაგნეტიზმმა, თვალისმომჭრელმა ღიმილმა, ცინიზმისა და სენსიტიურონის მიქსტურამ, სითბოსა და არაცნობიერი სიმსუბუქის ნაზავმა ახალი სახის რომანტიზმი შექმნა, რომელმაც მას საფრანგეთის ახალი ტალღის რეჟისორებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა მოუტანა. ის სამუდამოდ გაიგივდება ფრანგული “ახალი ტალღის” სახედ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ექსპერიმენტალურ არტისტულ ამბიციებს ხშირად თავადაც არ იზიარებდა.
ბელმონდო ჰოლივუდის რეჟისორების მცდელობას, დაეყოლიებინათ ის მონაწილეობა მიეღო ამერიკულ ფილმებში, ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
“რატომ გავირთულო ცხოვრება? ზედმეტად სულელი ვარ ენის შესასწავლად და რომც მეცადა, დარწმუნებული ვარ, კატასტროფა იქნებოდა.”
მიუხედავად მსგავსი განცხადებებისა, ბელმონდოს კომერციული წარმატება კარიერულ საქმიანობაში უფრო და უფრო იზრდებოდა. ჟან-პოლი 1970-80-იანი წლების ფილმებში უკვე ისეთი დონის მსახიობებთან ერთად იღებდა მონაწილეობას, როგორებიც იყვნენ სოფი ლორენი, კეტრინ დენევი და სხვები.
თინეიჯერობის ასაკში მიღებული სპორტული გამოცდილება და მოქნილობა ბელმონდოს ფილმებში რთული ტრიუკების შესრულებაში ეხმარებოდა, ის ხშირად ამბობდა დუბლიორებზე უარს და გარკვეული სცენების ინდივიდუალურად შესრულებას მოითხოვდა.
მან დაიმსახურა რამდენიმეწუთიანი ოვაციები, როდესაც ფილმ Itinerary of a Spoiled Child-ში შესრულებული როლისთვის საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს გამარჯვებული გახდა. ფრანგმა ვარსკვლავმა პრიზის მიღებაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი მოგვიანებით ცეზარ ბალდაჩინი დასახელდა, მოქანდაკე, რომელმაც შექმნა ჯილდოს დიზაინი და პიროვნება, რომელმაც არაერთხელ უარყო ბელმონდოს მამის ნამუშევრები.
ქარიზმატულ მსახიობს გადაწყვეტილი ჰქონდა კარიერა კომერციულ კინოში გაეგრძელებინა, რამაც საზოგადოების კრიტიკა არაერთხელ გამოიწვია.
„როდესაც მსახიობი წარმატებულია, ხალხი მას ზურგს აქცევს და ამბობს, რომ მარტივი გზა აირჩია წარმატების მისაღწევად. ხერხი, რომელიც ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს ან რისკის გაღება არ სჭირდება. რეალურად, კინოთეატრების გავსება ასეთი მარტივი რომ იყოს, კინოსამყარო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად მარტივი გზა რომ ამერჩია, ამდენი ხანი ყურადღების ცენტრში ნამდვილად არ ვიქნებოდი. ხალხი სულელი არ არის და მათ ეს შესანიშნავად იციან.“
მართლაც, ბელმონდოს მაგნეტიზმი გარშემომყოფი ვარსკვლავური მსახიობების თვალისმომჭრელობასაც კი ფარავდა. ის რეგულარულად ჩნდებოდა 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმებში. 2001 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჟან-პოლი კინოს ჩამოშორდა, რეაბილიტაციის შემდეგ კი 2008 წელს ფილმ Man and His Dog-ში შესრულებული როლით უკანასკნელად გამოჩნდა ეკრანებზე.
2011 წელს კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბელმონდომ ოქროს პალმის რტო მიიღო.
ფრანგული კინოს ლეგენდას საზოგადოება 6 სექტემბერს გამოემშვიდობა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში პარიზში, საკუთარ სახლში, მშვიდ ვითარებაში გარდაიცვალა.