მამკოდაში, საკუთარ აგარაკზე სოსო ჯაჭვლიანმა პატარა სვანეთი მოაწყო, უძველესი ქართული მეთოდით აყენებდა ღვინოს. როგორც თვითონ იხსენებდა, ერთხელ გადაურჩა კიდეც სიკვდილს, როცა მარანში მინის მოზრდილი ბოცა ხელში შემოატყდა, მინის მსხვილი ნაწილი მკლავზე დაეცა და მაჯიდან იდაყვამდე მთლიანად გადაუხსნა. ბევრი სისხლი დაღვარა და გონება დაუკარგავს, თბილისში გადაიყვანეს საოპერაციოდ, ოპერაცია უანესთეზიოდ ჩატარდა, რადგან უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტს ზუსტად ვერ აღუდგენდნენ სისხლძარღვებს. ექიმებმა ზედა კიდური შეუნარჩუნეს, სოსომ კი ექიმები იმით გააოცა, რომ სამი საათის განმავლობაში ნარკოზის გარეშე ვაჟკაცურად იტანდა ტკივილს. ახლაც, თურქეთში მკურნალობის დროსაც, ეგონა, გადარჩებოდა, მძიმე სენს დაუსხლტებოდა, მაგრამ ამაოდ.
როგორი იყო პირად ურთიერთობაში, ამის შესახებ for.ge-ს სოსო ჯაჭვლიანის მეგობარი, მწერალი მერაბ შათირიშვილი ესაუბრა.
სოსო ჯაჭვლიანს ხშირად უთქვამს, „არავის შევეტენები იმის გამო, რომ პოლიტიკაში ვიყო. როცა მეტყვიან, აღარ გვჭირდები, ვეტყვი, „დასვიდანია“-მეთქი, დავიხურავ ქუდს და წავალ ჩემს აგარაკზე, მამკოდაში, მე მიწის კაცი ვარ, მიწა სულ მეძახის“. არც იმას მალავდა, რომ პოლიტიკაში ცუდი მსახიობი აღმოჩნდა, რადგან ვერ წარმოედგინა, რატომ უნდა ეთამაშა ადამიანებთან. წუხდა, რომ რატომღაც თამაში ამ ცხოვრებაში ბევრი ადამიანის ცხოვრების წესად იქცა. თქვენ როგორი სოსო დაგამახსოვრდათ?
- სოსო დამამახსოვრდა, როგორც უშიშარი ადამიანი, უვაჟკაცესი, გმირობის მაგალითი. საქართველომ უზარმაზარი ადამიანი, მე კი მეგობარი დავკარგე. მას ბუნებრივი ერუდიცია ჰქონდა. სასწაული მეურნე იყო, ფუტკრის სკა ჰქონდა მამკოდაში, ფუტკრის ოჯახები ჰყავდა, ყველაფრის გამოყენება იცოდა - „დრელის“, ელექტროხერხის, ღვინოს აყენებდა უძველესი ქართული მეთოდით, 20-ლიტრიან ბოცებში ჩაასხამდა ღვინოს, რომელიც უნდა ადუღებულიყო და ჭუჭყი გამოეტანა, შემდეგ 4-5 ცალ კვერცხის ცილას ასხამდა ზემოდან, ეს ცილა ნელ-ნელა მიდიოდა ძირისკენ და მთელი ჭუჭყი მიჰქონდა. გადაიღებდა ამ ღვინოს და ცრემლივით სუფთა ღვინოს გასმევდა. ეს კაცი ყველაფერში ნიჭიერი იყო, მსახიობი იყო და ყველამ იცის, როგორი მსახიობიც იყო, რეჟისორი იყო და როგორი ფილმები გადაიღო - „სვანი“, „მაიტა ნასოსი“.
ნიჭიერების მიუხედავად, თითქმის ყველა სფეროდან გულნატკენი წავიდა - პოლიტიკიდანაც, რომელზეც ამბობდა, რომ პოლიტიკამ დრო დააკარგვინა, მკლავჭიდიდანაც, ფილმების გადაღებაც უნდოდა, მაგრამ დაბლოკეს, მათ შორის, ვერ გადაიღო ფილმი უშბაზე, ასევე, ემიგრანტ ქართველ ქალებზე.
- მისი ფილმი დამტკიცებული იყო, მოლაპარაკებულნი იყვნენ და ბოლოს ჩაუგდეს. რაც შეეხება მკლავჭიდს, ვანდამი ჩამოჰყავდა ბათუმში, შეთანხმებული იყო ყველაფერი, მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმში უნდა გამართულიყო და ესეც ჩაუგდეს. ყველაფერ ამაზე ინერვიულა. იმ ფედერაციაში კიდევ შეუჩინეს ზონდერები და, ფაქტობრივად, დაუნგრიეს ის ღვაწლი, რაც მას ჰქონდა. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. არაა დასამალი, ინერვიულა, ძალიან ინერვიულა, ხშირად გვისაუბრია ამაზე, არ მოხდა მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენება სათანადოდ. ამ ქვეყნიდან რომ წავიდა, ახლა დაიწყეს მასზე დანანებით საუბარი. ასე ვიცით ჩვენ, ქართველებმა - ადამიანს მოვკლავთ და მერე ვეფერებით. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, სოსოს არ მოექცნენ ისე, როგორც მის ღირსებას ეკადრებოდა.
სვანებზე იუმორი არ აღიზიანებდა, თვითონაც ხშირად ხუმრობდა ამ თემაზე, მიაჩნდა, რომ სვანობა „პო ჟიზნენნი“ იყო. მისი იუმორიდან რა დაგამახსოვრდათ?
- საერთოდ, სოსო სუფრის ხელმძღვანელი როცა იყო, ვერ გაჩერდებოდი, პირდაპირი მნიშვნელობით შემიძლია ვთქვა, რომ სიცილით ვხოხავდით, ზოგი მაგიდის ქვეშ, ზოგი მაგიდის იქით და აქეთ, ისეთი მოყოლა იცოდა, მსახიობურად, თანაც თვითონ არ იცინოდა, შენ გაცინებდა, მოყოლის საოცარი უნარი ჰქონდა.
თამადობა უყვარდა?
- დიახ, უყვარდა. კარგი მეთოდი ჰქონდა. ძალიან ხშირად, როცა თამადობდა, სუფთა დემოკრატიულ პარიტეტს იცავდა, რამდენიმე სადღეგრძელოს იტყოდა და მერე სუფრის ყველა წევრს სთავაზობდა, თავად ეთქვათ სადღეგრძელოები. მართალია, თვითონ ორგანიზატორი იყო, მაგრამ კოლექტიური ქეიფი მიდიოდა მასთან და ყველა თანამეინახე თავის სიტყვას ამბობდა, ყველას უხაროდა მასთან სუფრაზე ყოფნა.
ლიკა ქავჟარაძის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, „ნატვრის ხემდე“ იყო „კავკასიური რომანსი“, სადაც სოსოს გმირი ლიკას უბელო ცხენით იტაცებდა. „კავკასიური რომანსის“ პრემიერა რომ შედგა კინოს სახლში და ეკრანზე იხილა ლიკა, სოსოს ჩუმად ჩაულაპარაკებია, როგორ დაუმახინჯებიათ ლიკა ეკრანზეო, იმდენად ლამაზი იყო ლიკა ქავჟარაძე ცხოვრებაში...
- ერთი რამ ნამდვილად ვიცი, სოსოს სიგიჟემდე უყვარდა თავისი მეუღლე, ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი. სხვათა შორის, სოსო გურულების სიძეა, ლანჩხუთელი ჰყავს მეუღლე, სულ ვეხუმრებოდი, შენ გეშველა, რომ გურულების სიძე ხარ, თორემ ბოლომდე სვანად დარჩებოდი-თქო. სოსო არ იყო მექალთანე, მიუხედავად იმისა, რომ სოსოსთან ქუჩაში გავლა საოცრება იყო, დაჩრდილული იყავი, უნდა აჰყოლოდი იმ სითბოს და სიყვარულს, რასაც ხალხი მას ანიჭებდა, თუ არადა, ბოღმას შეეძლო გაენადგურებინე. თუკი შენ არ იყავი ზნეობრივად მისი მეგობარი და მისი ტოლი, აუცილებლად შეგშურდებოდა, იმხელა სიყვარული ჰქონდა მას ხალხისგან. ნებისმიერ ქალაქში, სადაც მოვხვდებოდით, ხალხი უკან დასდევდა. რაც შეეხება ლიკას, ეს იყო ბიჭური ასაკისთვის დამახასიათებელი გატაცება. ყველას გვქონია ასეთი გატაცება, სკოლაში რომ ვსწავლობდით, ჩვენს დროს მოდაში იყო კინო, გოგონასთან ახლოს დაჯდომა თუ მოგიწევდა კინოში, უკვე გიყვარდებოდა, მაგრამ ეს არ იყო სერიოზული. ერთი მაგალითიც კი არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, სოსოს თავისი ოჯახისთვის ეღალატოს.
სვანეთი განსაკუთრებულად უყვარდა, ამბობდა, ნეტავ სულ არ წამოვსულიყავი ჩემი ულამაზესი სვანეთიდანო. ისე საუბრობდა სვანეთზე, ყველას ეგონა, უშბის ძირას ცხოვრობდა, მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ ეგულებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადგილას იყო ნამყოფი. ახერხებდა სვანეთში ასვლას?
- მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, სვანეთს იმდენ სითბოს და სიყვარულს ვერ უნაწილებდა, რადგან მუდმივად დატვირთული იყო, მაგრამ მამკოდაში, მსახიობების სახლები სადაც არის, რომ ახვიდეთ, მიხვდებით, რომ პატარა სვანეთი შეიქმნა თავად, ისე მოაწყო ის გარემო, რომ ჩანდა, როგორი მეურნე კაცი იყო, კარგი გაგებით, სოფლის კაცი იყო, მშრომელი, პატიოსან ოჯახში გაზრდილი, მამა მესტიის კომისარი ჰყავდა, დედა პედაგოგი, კარგად აღზრდილი იყო.
მორწმუნე იყო?
- ზოგიერთი ადამიანი ეკლესიურად ვერ ცხოვრობს, მაგრამ მთელი თავისი შინაგანი მეობით, გვარით, სისხლით, ტრადიციით, არის ქრისტიანი. სოსო ჯაჭვლიანი თავისი ქცევებით, ზრდილობით აბსოლუტურად მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. ჯერ ოჯახში მიღება როგორი ჰქონდა, მერე მისთვის სტუმარი როგორი იყო, გადახრილად არავის გახედავდა. აბსოლუტურად ჯანმრთელი, ძლიერი ადამიანი იყო. იმ დღეებში მასთან ავდიოდით, ვქეიფობდით, მწვადებს ვწვავდით.
როგორ აღმოაჩინეს, რომ მძიმე სენი ჰქონდა?
- ერთ-ერთ მის ახლობელს გამოეცხადა გარდაცვლილი მსახიობი გურამ ფირცხალავა, რომელმაც უთხრა, ადი, ბიჭო, და სოსო წაიყვანე ექიმთანო. ადიოდა ეს ადამიანი მამკოდაში და მთელი თვეების განმავლობაში შეუჩნდა სოსოს, გურამ ფირცხალავა გამომეცხადა და მითხრა, წაიყვანე ექიმთანო. სოსო გაგიჟებული იყო, რაში მჭირდება ექიმიო, მაგრამ მოგვიანებით დათანხმდა, გაესინჯა ექიმს და აღმოაჩნდა ის, რაც აღმოაჩნდა.
გურამ ფირცხალავასთან მეგობრობდა სოსო ჯაჭვლიანი?
- დიახ, ერთხელ მომიყვა კიდეც, გურამს ფოთში მამა გარდაეცვალა, ჩავედით თბილისიდანო, ფოთში მატარებელი ჩავიდა დილის 6 საათზე, მეგობარი მახლდა, სად წავიდოდით, მივედით ნაბადაში, ასეთი უბანია ფოთში, გურამს უთხრეს, სოსო მოვიდა, ჯაჭვლიანი და მისი მეგობარიო, გურამს აუყვანია სახლის მეორე სართულზე და დილაადრიან „ვავა, ვავას“ იძახდა, თავში ირტყამდა ხელებს, შეიყვანა ოთახში და გარდაცვლილ მამას მიმართა, „მამიკო, აგერ ჩემი მეგობრები მოვიდნენო“. სოსო და მისი მეგობარი თავდახრილები აწურულან კედელთან, გურამ ფირცხალავა კი ელაპარაკებოდა გარდაცვლილ მამას, „აგერ, ჩემი სოსო მოვიდა, მამა, მისი მეგობარიც მოვიდა, შეწუხდნენ, თბილისიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ ამათ რა ენაღვლებათ, ამათი დედა ვატირე, რომ 500-სულიანი ქელეხი უნდა გადავიხადოო“. გურამსაც სასწაული იუმორი ჰქონდა და აუტყდათ სიცილი სოსოსა და მის მეგობარს.
სვანურად ჩხუბი უყვარდა?
- კი, უკანდაუხეველი იყო. არის რაღაც მამაკაცური, ისეთი, რომ გადაიკეტება, სოსოს ჯარი რომ დადგომოდა წინ, უკან ვერ დაახევინებდი.
მისი კინოკარიერა ცნობილი მსახიობების გარემოცვაში დაიწყო - სესილია თაყაიშვილი, კოტე დაუშვილი, ეროსი მანჯგალაძე, გიორგი გეგეჭკორი, სოფიკო ჭიაურელი, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე. გურამ ფირცხალავას გარდა რომელ მსახიობთან მეგობრობდა?
- საერთოდ, სანამ მკლავჭიდელი გახდებოდა, სოსო ძიუდოისტი იყო, მოჭიდავე. კარგ სპორტსმენად ითვლებოდა, მერე ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩააბარა, მესტიიდან გადმოვიდა თბილისში. იმ პერიოდში ცნობილი კინორეჟისორები თეატრალურ ინსტიტუტში კი არ ეძებდნენ ტიპაჟებს, არამედ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში. „ნატვრის ხემდე“ ლიკასთან ერთად გადაიღეს ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმში, სადაც ცხენზე ჯირითობდა. თენგიზ აბულაძე ეძებდა ტიპაჟს, რომელიც ფლობდა ცხენის მართვის ტექნიკას. სოსო სვანეთში იყო გაზრდილი, უკუღმა ახტებოდა ცხენს, სალტოებს აკეთებდა ცხენზე. ყვებოდა, როცა მოვიდა თენგიზ აბულაძე, რამდენიმე შეგვარჩია, ცხენზე ჯდომა თუ იცითო, იქ სტადიონი იყო და რომ ნახეს, უბელო ცხენს მივდევდი და ვახტებოდი, აბულაძე გაგიჟებულა. სოსო მაშინ სწრაფი იყო. ასე დაიწყო მისი კარიერა. საერთოდ, სხვა განწყობა შემოიტანა ქართულ სინამდვილეში, ქართულ ფილმში, სხვანაირი ტიპაჟი იყო. რომ დაუკვირდეთ, სადაც კი უთამაშია, იმდენად ბუნებრივი მსახიობი იყო, ყველგან წარუშლელ კვალს ტოვებდა. „ფესვები“ გავიხსენოთ, რამდენად დიდი ბუნების პერსონაჟია, პარიზში მაწონს რომ ყიდის. დოდო აბაშიძე აგრძელებს მის როლს და გაგრძელებული სოსო გეგონება. მძიმეა ჩემთვის მასზე წარსულში საუბარი, მაგრამ დიდი მადლობა სოსოს გახსენებისთვის, თქვენ არც კი იცით, რამხელა შვება მომეცით მასზე საუბრით.