სოფლის მეურნეობის განადგურების შესახებ ინფორმაციამ სააკაშვილის ყურამდეც მიაღწია. პრეზიდენტმაც ორიოდე უკმაყოფილო სიტყვა გამოიმეტა და მეურნეობაზე ზრუნვა იმ ხალხს მიანდო, რომელთა წყალობითაც ეს დარგი ლამისაა საერთოდ გაუქმდეს.
რა დასამალია და... საქართველოს პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების დონით უკმაყოფილოა. როგორც მიხელ სააკაშვილმა რეგიონების გუბერნატორებსა და გამგებლებთან შეხვედრისას განაცხადა, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გაკეთოს, რომ სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში გაიზარდოს.
`ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარდეს და მისი დონე 2-ჯერ გაიზარდოს. დღეისათვის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 12 %ს შეადგენს, რაც საკმაოდ მწირია~, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამიტომაც, პრეზიდენტმა გამგებლებსა და გუბერნატორებს ხალხთან მუდმივი დიალოგისკენ მოუწოდა. მისი აზრით, ეს სოფლად მცხოვრები ადამიანების პრობლემებს უკეთ წარმოაჩენს. პრეზიდენტის თქმით, ისინი ხალხის მიერ არიან არჩეულნი, რაც მათ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.
`ხალხთან მუდმივი დიალოგი და მათი პრობლემებისადმი გულისხმიერება აუცილებელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წლებში ჩვენ ხალხს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს~, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სულ ეს იყო, რაც პრეზიდენტმა საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგზე ისაუბრა. სააკაშვილმა სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა ისევ იმ ხალხს მიანდო, რომელთა წყალობითაც ეს დარგი ლამისაა საერთოდ გაუქმდეს.
იმისათვის, რომ პრეზიდენტს რეალური წარმოდგენა შეექმნას სოფლის მეურნეობაში არსებული ვითარების შესახებ, მთავაზობთ ბოლო წლების სტატისტიკას:
90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში 800 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მუშავდებოდა. ითესებოდა, საკვები კულტურები, ბოსტნეული, სიმინდი და სხვა.
2008 წელს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 250 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამუშავდა, 2009 წელს - 300 ათასი ჰექტარი.
სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი საერთოდ აღარ არსებობს. საკვები კულტურები თითქმით აღარ ითესება, ასევე აღარ იწარმოება თამბაქო და აბრეშუმი.
რაც შეეხება ხორბალს, თუ წინა წლებში ეს კულტურა 150-200 ჰექტარზე ითესებოდა, ამჯერად ეს მაჩვენებელი 50-55 ჰექტრამდეა დასული. შესაბამისად, ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფის კოეფიციენტი მხოლოდ 8%-ს თუ შეადგენს.
ბოსტნეულის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 80%-ია, როცა ეს მონაცემები 100%-ზე ქვევით არ ჩამოდიოდა. თვითუზრუნუნველყოფის 100%-იანი მაჩვენებელი მხოლოდ სიმინდის კულტურას შემორჩა.
რაც შეეხება თამბაქოს, ქვეყანა 20-25 ათას ტონას აწარმოებდა და ეს დარგი დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. `საქართველოში 74 მილიონი დოლარის თამბაქოს პროდუქტის იმპორტი ხორციელდება, ჩვენთან კი თამბაქოს წარმოება შეწყვეტილია. ეროვნულმა მეურნეობამ მოთხოვნაზე რეაგირების უნარი დაკარგა~, - აცხადებს ექსპერტი თამაზ კუნჭულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ აბრეშუმზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, საქართველოში კი ეს დარგი, რომელიც ერთ დროს ყვავოდა აღარ არსებობს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის დაცემის ძირითადი მიზეზებია ის, რომ შესყიდვა არ არსებობს, საზღვრები გახსნილია, პროდუქცია არაკონკურენტულია, ტექნიკა მოძველებული და წარმოება კი არაორგანიზებული.