ყველა ძირითად პროდუქტზე საკმაოდ მაღალი ფასები დარჩა – გამოსავალი თითქმის არ ჩანს

ყველა ძირითად პროდუქტზე საკმაოდ მაღალი ფასები დარჩა – გამოსავალი თითქმის არ ჩანს

საქართველოში ინფლაცია თითქმის განულებულია და რიგი საქონელი თითქოს იაფდება, მაგრამ სამომხმარებლო ბაზარს პრაქტიკულად არაფერი ეტყობა. მოსახლეობისთვის მაღალ ნიშნულზე დატოვებული ფასები დიდ პრობლემად რჩება.

შექმნილ მდგომარეობას რეალურად აფასებენ სპეციალისტები. ისინი მთავრობას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებენ. ფინანსისტმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თემურ ბასილიამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ ქვეყანაში საგრძნობლად მაღალი ფასებია ყველა ძირითად პროდუქტებზე.

„საუბარია, რომ ინფლაცია არის ნულის დონეზე საქართველოში, მაგრამ მე ზუსტად 1 წლის წინ ვიყავი ჩამოსული და პირადი შეფასებით შემიძლია ვთქვა, რომ ფასები 30-40%-ით არის გაძვირებული. მოვუწოდებ ყველას, რომ ამ მიმართულებით გაამახვილოს ყურადღება. ყველა ძირითად პროდუქტებზე საკმაოდ მაღალი ფასებია და არანაირი ფაქტორი არ მუშაობს მის შესამცირებლად“, - განაცხადა ბასილიამ.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასები საკმაოდ დაბლა ჩამოდის, საქართველოში, პრაქტიკულად, არაფერი იცვლება, თუ არ ჩავთვლით ფასდაკლების აქციებს, რომელსაც სავაჭრო ქსელები დრო და დრო მიმართავენ. მოსახლეობას კი დიდი პრობლემა ექმნება გაზრდილი ხარჯის გამო.

როგორც ცნობილია, 8 თებერვალს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტი, რომელიც გერმანიაში ღირს 2 ევრო, საქართველოში 19 ლარად იყიდება. მანვე მიუთითა, რომ უნდა გამოიკვლიონ, რით არის აღნიშნული სხვაობა გამოწვეული.

უფრო პრინციპულად ცდილობდა ამ გაუგებრობის გარკვევას ირაკლი ღარიბაშვილი და საკმაოდაც წაიწია კიდეც წინ. 2023 წლის დასაწყისში სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადება დაიწყო, თუმცა მოულოდნელად, გასული წლის ზაფხულში პროცესი შეჩერდა.

რითეილ სექტორში მაღალი ფასების ერთ-ერთ მიზეზად საოპერაციო ხარჯები მიიჩნევა. ამასთან დაკავშირებით რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, სოფო ქაშაკაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურსათს შესაბამისი ფასი მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო ედება.

„საოპერაციო ხარჯებში დიდი წილი მოდის ხელფასებზე, კომუნალურ გადასახადებზე და სხვადასხვა ხარჯზე. გარდა ამისა, ჩვენს სექტორს უწევს „ჰასპის“ და სხვა ძალიან ბევრი სტანდარტის დაცვა. ეს ევალება არაორგანიზებულ ბაზარსაც, მაგრამ ისე აქტიურად მათ არ ამოწმებენ. ჩვენ, მაგალითად, შრომის ინსპექცია ყოველ კვირას გვამოწმებს სხვადასხვა საკითხზე. ცოტა უსამართლო მიდგომაა ეს ორგანიზებული ბაზრის მიმართ. არაორგანიზებული ბაზარი კომფორტშია, თან უდიდესი ნაწილი მაინც მათ უჭირავთ. კარგი იქნება, თუ ამასაც მიაქცევენ ყურადღებას“, - აღნიშნა სოფიო ქაშაკაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“.

კიდევ ერთ მიზეზად, რის გამოც ძვირდება სურსათი, მან რეგულაციები დაასახელა.

„მუდმივად ახალი რეგულაციები შემოდის, რისი დანერგვაც უწევს სექტორს და ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ნათელია, რომ მაღალი საოპერაციო ხარჯებია, რის გამოც სურსათს ედება შესაბამისი ფასი. კარგი იქნება სამომავლოდ როცა რაიმე რეგულაციას მიიღებენ, წინასწარი მოკვლევა ჩაატარონ, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ეს ბიზნესისთვის და გაითვალისწინონ ჩვენი პოზიცია იმიტომ, რომ პოსტფაქტუმ ხდება მერე ყველაფრის განხილვა“, - განაცხადა ქაშაკაშვილმა.

იმპორტიორთა ერთი ნაწილი ადასტურებს, რომ სადისტრიბუციო კომპანიები როგორც საცალო ბაზარს, ასევე სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესსაც მინიმუმ 8-10%-იანი ფასდაკლებით აწვდიან პროდუქციას, მაგრამ ეს სარეალიზაციო ფასებზე არ აისახება.

„ევროპიდან შემოსული პროდუქტები გაიაფდა კიდეც, რასაც ბიზნესი არაადეკვატურად პასუხობს. როგორც მაღაზიებს, ასევე ჰორეკა სექტორს 8-10%-ით ნაკლებ ფასში ვაწვდით პროდუქციას იმასთან შედარებით, რაც შარშან ღირდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს სხვაობა არსად ჩანს. ამიტომ როცა მეკითხებით, რატომ არ იაფდება სურსათი, მომხმარებლის წინაშე ორივე სექტორი სცოდავს“, - განაცხადა იმპორტიორმა მამუკა კვერნაძემ.

მაღალი ფასების შენარჩუნებისა და შიგადაშიგ სხვადასხვა მომსახურების გაძვირების ფონზე, ინფლაცია მცირდება. ოფიცილური სტატისტიკით, 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 0.4%-იანი წლიური (12 თვის) ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა 166 ქვეყანას შორის, ანუ უფრო დაბალი ინფლაცია 11 ქვეყანაშია, ხოლო 154 ქვეყანაში უფრო მაღალი ინფლაციაა.

თომა ბლა ბლა ბლა... მეტი არაფერი ხალხი ყველას ჰკიდია, ერთი სირით არიან დაკეთებულები, ეს ფარისეველთა ჯოგი!
10 თვის უკან