“ვალერ გელბახიანს პასუხი გაეცემა და არა მარტო - სიტყვიერი”

“ვალერ გელბახიანს პასუხი გაეცემა და არა მარტო - სიტყვიერი”

ერთთვიანი დუმილის შემდეგ “ეროვნული ფორუმი” ისევ გამოჩნდა. გამიჯნულია, “დისტანცირებული”, რეიტინგდავარდნილი თუ შემართული, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. ფაქტია მხოლოდ ის, რომ გუბაზ სანიკიძე ბურჯანაძის ფლანგზე დაბრუნებას გამორიცხავს. სამაგიეროდ არ გამორიცხავს ოქრუაშვილის ფლანგზე აღმოჩენას და “სახალხო ამბოხს” ქვეყანაში. პატარკაციშვილის ფინანსები, ბურჯანაძესთან გარიგებები, 9-პარტიული საბჭოს მთავარი შეხვედრის დეტალები, მელაშვილის დაბრუნება, “ქართულ პარტიასთან” მოკავშირეობა - “ვერსიის” კითხვებს ამ და სხვა თემებზე “ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე პასუხობს:

        

- ის სისტემა, რომელიც “რვიანის” ფორმატითაა შეთავაზებული, სრულყოფილია. ავად თუ კარგად, “ფორუმს” თავისი გზა არჩეული აქვს და  ისიც ვიცით, რომ პროცესი ბოლომდეა მისაყვანი. არ მოგწონს ეს გზა? მოდი და უკეთესი შემომთავაზე.

 

ხომ არ შეიძლება დაუსრულებლად გვთავაზობდეთ გარემოს გაუმჯობესებას? ამ შემოთავაზებით გადადის ფორუმი აქტიურ ქმედებებეზე?  

- “ფორუმი” ქართულ საზოგადოებას საკუთარ თავსა და ლიდერებს სთავაზობს. ერთადერთი, რითაც “ფორუმის” მუშაობისას უკმაყოფილო ვარ ისაა, რომ მაინც ვერ მოვახერხეთ ხალხი საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობაში დაგვერწმუნებინა.

 

რატომ გგონიათ, რომ ახლა მოახერხებთ, მითუმეტეს, იმის ნახევარი მხარდამჭერებიც არ შეგრჩათ, რაც თუნდაც 2 წლის წინ გყავდათ?

- საზოგადოებაში უცებ შეიძლება მოხდეს მეტამორფოზა. ერთ პარტიას, რაც უნდა ძლიერი იყოს, პოლიტიკური პროცესის დაწყება არ შეუძლია. შესაძლოა,  ჩვენმა რეიტინგმა მართლაც დაიწია. ხალხს ჩვენდამი ზედმეტი მოლოდინი გაუჩნდა, მაგრამ “ფორუმი” თუ სუსტია, ძლიერი ვინაა, მაშინ ის მითხარით! თუ საარჩევნო გარემოს შეცვლის გზა არ ავირჩიეთ, სხვა რეალობა დგება - ეს ამბოხია. ამბოხი კი გზა არ არის - ქვეყნის გარდაუვალი დაღუპვაა. 30 წლის განმავლობაში ხოსნი მუბარაქი დასავლეთის მიერ დასმული ხელისუფალი იყო და არა მგონია, სააკაშვილი დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდეს. არც საქართველოა ეგვიპტეზე მნიშვნელოვანი ქვეყანა. ვეჭვობ, პროცესი ჯაჭვური რეაქციის სახეს მიიღებს, რადგან სერიოზული აქტივობები იემენსა და იორდანიაში უკვე დაწყებულია. ეს მოვლენები ჩვენც მოგვაგდება, რადგან დასავლეთისგან დავარცხნილ-გამოკვებილი დიქტატების დრო სრულდება. თუ არ გვინდა ჩვენი ბედიც ასე გადაწყდეს, მაშინ საზოგადოება, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად უნდა მივიდეთ იმ შეგნებამდე, რომ ცვლილება არჩევნების გზით მოხდეს. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და უკეთეს კი არა, უარეს გზასაც ვერავინ გვთავაზობს.

 

რატომ არა? ორი ანგარიშგასაწევი ძალა, “სახალხო კრებადაქართული პარტია” “დიდ გაზაფხულსსწორედ ვადამდელი არჩევნების გზით გვპირდება

- ერთხელ ხომ მოვითხოვეთ ეს ვადამდელი არჩევნები? დაგვინიშნეს. წავაგეთ? მეორედაც მოვითხოვეთ, ისევ დაგვინიშნეს, ისევ წავაგეთ. მესამედაც იგივე მოხდა. ვთქვათ, გაიხსნა ცა, სააკაშვილი ჭეშმარიტებას ეზიარა, გამოვიდა და თქვა - წავედი, კარგად იყავითო. მერე არჩევნებს იგივე ცესკო და შსს არ ატარებს?! ანუ იგებს ის, ვინც ცესკო-სა და შს სამინისტროს იყიდის.

 

სულაც არაა აუცილებელი, ეს ხელისუფლება იყოს.

- შეიძლება არც იყოს ხელისუფლება. ის აყალბებს, ვისაც მეტი ფული აქვს და მთელს საარჩევნო მანქანას იყიდის. დღეს სულ სხვა რამ მედარდება. მე, გუბაზ სანიკიძე, გეკითხებით - ქართველებს გვაქვს საერთოდ შეთანხმების უნარი? დღეს მოდაში ჩვენი გინებაა, მაგრამ ზოგადად, საზოგადოებას გადავხედოთ. პოლიტიკოსები თუ ვჭამთ ერთმანეთს, სხვა ვინაა შეკრული - მწერალთა კავშირი? მოჭიდავეები? მასწავლებლები? დევნილები? ჩვენ არ გვაქვს შეთანხმებების მიღწევისა და მერე დაცვის თავი. ოპოზიცია არ ვარგა, კი ბატონო, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ქვეყანა მოკვდეს.

 

სწორედ ერთმანეთის ცუდი მაგალითით იღუპება ქვეყანაც. ამ ვითარებაში ვის აწყობს შიდაოპოზიციური გარჩევების, ფულის, გარიგებების თემების წამოწევა?  

- ახლავე შევთანხდეთ იმაზე, რომ “ფორუმი” არაფერ შუაშია. არცერთი ცენტი ჩვენამდე არ მოსულა. ჩემთვის ელისო კილაძის განცხადებები აბსოლუტური სიურპრიზი იყო. მეტსაც გეტყვით, არც მე და არც შარტავა, პატარკაციშვილს არ ვიცნობდით. მას ერთხელაც კი არ შევხვედრივართ.

 

არც შარტავას ძმა იცნობდა? იგი პატარკაციშვილის შტაბის წევრი ყოფილა.  

- ერთი წუთით რა... რა ვქნა ახლა, ამ თემაზე პრესკონფერენცია მოვაწყო? ელისო კილაძეს არასწორი ინფორმაცია აქვს. კახა შარტავას ძმა პატარკაციშვილის შტაბში არასდროს ყოფილა. მორჩა და გათავდა!

 

ფორუმიდანვინ იყო ჩართული 9-პარტიული საბჭოს ფინანსურ საკითხებში?

- “ფორუმიდან” ამაში არავინ ჩარეულა. გამოვიდეს იმ რვიდან ნებისმიერი პარტია და თქვას, იყო თუ არა “ფორუმი” ფინანსების საკითხში ჩართული და ჰქონდა თუ არა “ფორუმში” ვინმეს ფულთან შეხება.

 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ადასტურებენ, რომ პატარაკაციშვილისგან შემოწირულობა ოპოზიციამ მართლაც მიიღო. განგვიმარტეთ, შემოსულ ფულს ვინ განაგებდაეროვნულ საბჭოშიდა მისი გადანაწილება სხვადასხვა პარტიებზე რა პრინციპით ხდებოდა?

- კატეგორიულად ვაცხადებ - ეროვნულ ფორუმს ბადრი პატარკაციშვილისგან ერთი ცენტიც არ მიუღია. ხომ ვთქვი, მე ეს საკითხი საერთოდ არ მეხებოდა. “ეროვნული საბჭოს” საფინანსო განყოფილებაში “ფორუმს” არცერთი წარმომადგენელი არ ჰყოლია.

 

მაშინ გეკითხებით, რა თანხით მოძრაობდაფორუმისკოლონები, ან ხალხს რით ინახავდით არჩევნებამდე, მთელი შემოდგომის მანძილზე?

- არ დაიჯერებთ, მაგრამ “ფორუმი” ენთუზიაზმზე აწყობილი პარტიაა. კოლონები, რა თქმა უნდა, საერთო ყულაბიდან აღებული თანხით დაფინანსდა. თუმცა, ძალიან ხშირად “ფორუმელები” ბენზინსაც თვითონ ისხამდნენ.

 

და ერთხელაც არ იკითხეთ, ბენზინს ამ ყულაბიდან ვისი ფულით ასხამდით?

- არა, რატომ უნდა მეკითხა? შემოწირულობა შემოწირულობაა და მორჩა! ენის ტლიკინსა და ჭორაობას ყველამ თავი დაანებოს და დოკუმენტი დამიდოს, უკანონო იყო თუ არა ის ფული, რითაც ოპოზიცია ფინანსდებოდა. თქვას გელბახიანმა, კონკრეტულად ვის აძლევდა ფულს ბადრი პატარკაციშვილი და დაადასტუროს, ან უარყოს ამაში ჩვენი მონაწილეობა. თუ არადა, ვალერ გელბახიანს პასუხი გაეცემა და არა მარტო - სიტყვიერი. მესმის, რომ ადასტურებს, ბადრი ოპოზიციას ფულს აძლევდაო, მაგრამ მაშინ ყველაფერი დააკონკრეტოს, თუ არადა, ეს ცილისწამებაა. “ფორუმი” ამ პროცესების მიღმა იდგა, რადგან ჩვენი უპრინციპულესი პოზიცია იყო, დავალებულები არავისგან  ვყოფილიყავით.        

 

ხაინდრავა კი ამბობს, ნათელაშვილისა და ჩემს გარდა, ოპოზიციაში ყველა დანარჩენიქალიშვილია”, რადგან არ აღიარებს, რომ პატარკაციშვილისგან დაფინანსდაო. გელბახიანი, ბესელია, გუნცაძე, ხაინდრავა... უკვე ბევრი ისეთი ხომ არ დაგროვდა, ვისაცპასუხი უნდა გაეცეს”?'  

- გეუბნებით, “ფორუმი” ამ ფულების აღებ-მიცემობაში არ მონაწილეობდა. გოგა ხაინდრავას, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა პირადი ურთიერთობა პატარკაციშვილთან, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის.

 

ანუ, ადასტურებთ, რომ საბჭოსთვისქეშისწორედ მას დაჰქონდა?  

- არა, რას ლაპარაკობთ! საიდან, როგორ, რანაირად? მე ინფორმაცია მსგავსი რამის შესახებ არ მაქვს და არც სხვებზე ვაგებ პასუხს.                              

 

გაიხსენეთ ადგილობრივი არჩევნებიდან მეორე დღე, როცა ცაგარეიშვილთან ერთად ქუთაისიდან გამოემგზავრეთ და გამყრელიძის შტაბში მანდატების დახევა-არდახევის თემაზე დიდიგარჩევაცგქონდათ, რადგან ამის შესახებ არავინ გაგაფრთხილათ. ამას თუ ადასტურებთ და შედეგებზე თუ აგებთ პასუხს?  

- რას ლაპარაკობთ? გია ამბობს, რომ მე და ის ქუთაისიდან ერთად წამოვედით? არა, ჩემო კარგო, როგორც ჩანს, ცაგარეიშვილს რაღაცეები ერევა.  ჯერ ერთი, ეს ყველაფერი არჩევნების მეორე კი არა, მესამე დღეს მოხდა და მე ქუთაისიდან თბილისამდე მასთან ერთად არ მიმგზავრია. გარდა ამისა, მანდატების დახევის შესახებ შტაბში მისვლამდე ვიცოდი, რადგან ძიძიგურმა და მელაშვილმა ტელეფონით გამაფრთხილეს. ეს გადაწვეტილება ჩემთვის უცხო არ ყოფილა და ამ დოკუმენტს ხელი მაშინვე უპრობლემოდ მოვაწერე. ამას ჩხუბი და დედისგინება ნამდვილად არ მოჰყოლია, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა იყო.

 

არ ვიცი, ცაგარეიშვილს რა აერია, მაგრამ საკუთარი თვალით ვხედავ, რომ  დაახლოებით იგივე სიტუაცია გაქვთ კრებასთან მიმართებაშიც. კრებაში ყველაზე გვიან მიხვედით და ყველაზე ადრე წამოხვედით. ესეც შეიძლება გარკვეული ეჭვების საბაბი გახდეს, მითუმეტეს ბურჯანაძემ ვერ გაიგო, ასე რატომ მოიქეცით.

- მე ამას წამოსვლას ვერ დავარქმევ. თანამშრომლობის ფორმა შევცვალეთ. ბურჯანაძეს რაც შეეხება, ეს მისი პოზიციაა. შეამჩნევდით, როცა კრებაში შევედით, ხალხმა იქიდან გამოსვლა დაიწყო. იმიზეზებდნენ, პროცესში პოლიტიკოსები ჩაერივნენ და კრებამ სახე დაკარგაო. ეს იყო ჩვენი წამოსვლის მთავარი მიზეზი და იქ დაბრუნებაზე საუბარი არ არის.  

 

სანამ კრებაში მიხვიდოდით, მანამდეც ამბობდნენ, პოლიტიკოსები იდეას გააფუჭებენო. ლოგიკურად ისმის კითხვა - რადგან კრების იდეასთან დგომა ვაჭრობის საგანი გახდა, “ფორუმიმას რამდენიმე დღით ადრე შეუერთდა და მალევე დატოვა, ფინანსურ გარიგებებზე, “ფორუმსადა ბურჯანაძეს შორისაც ხომ არ იყო საუბარი?

- “ფორუმი” პარაზიტული ორგანიზაცია არასდროს ყოფილა და არც იქნება. არავის ვათქმევინებ, ეს საქმე იმიტომ არ გამოვიდა, რომ “ფორუმი” შემოგვეტენაო. რა თქმა უნდა, ჩემთვის სურპრიზი აღმოჩნდა გარიგებები კრების იდეაზეც, მაგრამ სხვის შეხვედრებზე პასუხს არ ვაგებ. დავიღალე ამ ჭორებით “ფორუმზე”: “ფორუმი” რომის პაპისა და კათოლიკეების აგენტია, რუსეთთანაა შეკრული, ცერეუ-ს პროექტია და შარტავა ამერიკაში “დაავერბოვკეს”, საქართველოში რევოლუციისთვისაა ჩანერგილი და სანიკიძე დამასკოშია “დავებროვკებული”, მერაბიშვილი “ფორუმთან” ძმაკაცობს და მისი ნაჩუქარი შავი ჯიპებით დავდივართ. ახლა “ფორუმი” კრებაში იმიტომ შევიდა, რომ ბურჯანაძემ ფული გადაუხადაო. და თუ არ გადაგვიხადა, რა, “ნისიაზე” შევედით და “პოსლეზე”? რევოლუციის მომწყობებიც ჩვენ ვართ, ჩამშლელებიც, მერაბიშვილთან გარიგებულებიცა და ბურჯანაძის ფულზე აწყობილებიც? გამოდის, ან ყველაფერი ტყუილია, ან “ფორუმი” ყველაზე მაგარია და მე ჩერჩილი ვარ. 

 

მერე ამ პროცესს პოლიტიკური მსხვერპლის გარეშე ხომ არ ჩაუვლია. როგორც სარიშვილი მიიჩნევს, ბურჯანაძე-სანიკიძის ტანდემს მელაშვილიშეეწირა”, რომელიც, თურმე, ისევ თქვენთან დაბრუნებას აპირებს. მას მეორე ვერსიაც ჰქონდა... 

- ერთი წუთით, რა! სარიშვილი რასაც ამბობს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - გადამწყვეტი. მელაშვილის დაბრუნებას “ფორუმში” მართლაც არ გამოვრიცხავ. თუ რეზო შავიშვილი, კახა შარტავა და სხვები ისეთი მიამიტები გგონიათ, რომ ჩემოდანით ფული მომაქვს, აი, ბიჭებო, “დავაი” დავხარჯოთო და არავინ მეკითხება, საიდააა ეს ფულიო?

 

რატომაც არა? თქვენ ხომსაბჭოსარ ეკითხებოდით, საერთო ყულაბაში ფული საიდან შედიოდა?
- ის ბლოკი იყო და ეს ერთი პარტიაა, მე ბლოკის წევრებზე პასუხს არ ვაგებ.

 

მაგრამ პასუხს აგებთ იმაზე, რომ თურმე, პარტია თავზე გეშლებათ, თქვენს რიგებს რეგიონული კომიტეტები ტოვებენ და ხალხი ხაჭაპურიძის პარტიაში გარბის...

- ხაჭაპურიძის ერთი ინტერვიუ არ ნიშნავს, რომ პარტია დაიშალა. რამდენიმე ადამიანი წავიდა, ზოგი - წამოვიდა. ეს დინამიკაა. მახსოვს, შარშანწინ ზაფხულში ამბობდნენ, “ფორუმი” ოქრუაშვილთან ერთიანდებაო. მერე იგივე  ალასანიაზე, ნათელაშვილსა და ბურჯანაძეც თქვეს.

 

წარმოიდგინეთ, ახლა იმასაც ამბობენ, ბურჯანაძისგან იმიტომ წამოვიდა, რომ ოქრუაშვილთან აპირებს თანამშრომლობასო.  

- პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ “ქართულ პარტისათან” თანამშრომლობასაც. მთავარია, საკუთარ პრინციპებს არ უღალატო. ისე არაა, რომ კრებიდან გამოვედით და ახლა “ქართულ პარტიასთან” ვერთიანდებით. პარტნიორობას მიზანშეწონილობა და საერთო ინტერესები განსაზღვრავს და არა საფლავზე ან ეკლესიაში ფიცის დადება. თუ ეგრეა, იყო დრო, როცა ალექსანდრე პირველი და ნაპოლეონი მეგობრები და მოკავშირეები იყვნენ. 

 

ანუ, დიდი ალბათობით, თქვენ და ოქრუაშვილი მოკავშირეები გახდებით?

- ახლა რა გინდათ, ვერ გავიგე, გამორიცხული არაფერია-მეთქი. გინდათ წამომაცდენინოთ, რომ მე და ოქრუაშვილი აუცილებლად მოკავშირეები ვიქნებით? გეუბნებით, გამორიცხული არაფერია. სხვათა შორის, იმ პარტიაში  ჩემი მეგობრები არიან და პოლიტიკაში მეგობრობაც გამოსაყენებელია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.