„ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის ტიაგო მოტას აგენტმა დარიო კანოვიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი მომდევნო სეზონში „ნაპოლიში“ სამუშაოდ არ წავა.
იტალო-ბრაზილიელს „ნაპოლის“ უკავშირებენ, ის ჯერ კიდევ ლუჩანო სპალეტის შემცვლელად განიხილებოდა, ახლა კი, ვალტერ მაძარის, მაგრამ როგორც ჩანს, მოტას სხვა გეგმები აქვს.
„მოტამ არ იცის სად იქნება თავისი მომავალი, მაგრამ „ნაპოლიში“ ნამდვილად არა. ის „ნაპოლიში“ არ წავა დე ლაურენტისმა „ბოლონიადან“ კალაფიორი და ზირკზეც რომ იყიდოს. მას მომავალში განსხვავებული პროექტები სურს“, - თქვა კანოვიმ.
აქვე გეტყვით, რომ ტიაგო მოტას „ბარსელონას“, „მილანს“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ. მისი ხელმძღვანელობით „ბოლონიას“ კარგი სეზონი აქვს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.