”მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ხომ ნახეთ, რა მშვენიერი სიტყვა თქვა. ისეთი, როგორიც შეჰფერის ნამდვილ ვაჟკაცს და გამორჩეულ პრეზიდენტს. ღირსეულად წავიდა და დაემშვიდობა თავის ხალხს. უდიდესი სიყვარული დატოვა ჩემში. მომავალზე კი ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით.” - განგვიცხადა მსახიობმა ოთარ კობერიძემ, როდესაც მას საქართველოს ყოფილი და მომავალი პრეზიდენტების შეფასება ვთხოვეთ.
- გამონაკლისი ბრძანდებით... თითქმის ყველა ქართველი ხელოვანი ცალსახად არის დაპირისპირებული მიხელ სააკაშვილთან...
- მე არ ვთვლი მათ ხელოვანებად, ვინც მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდება... (გვარები არ მსურს ჩამოვთვალო, რადგან ერთხელ ვთქვი და სასტიკად გამლანძღეს). ხელოვანი გარეთ არ უნდა იდგეს ან იყოს დაყუდებული რომელიმე პოლიტიკურ ლიდერის კართან. ხელოვანს თავის საქმე აქვს და უნდა მიხედოს. მე მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს საქმეს ვაკეთებდი და 88 წლის ასაკშიც ვცხოვრობ ჩემი საყვარელი, გატანჯული ერის სიყვარულით. საქართველოსთვისვე მოვკვდები.
- ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 9 წლის მანძილზე ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის?
- რა თქმა უნდა შვილო, რა თქმა უნდა!... ახალი ხელისუფლების მისამართით ვამბობ, რომ არ შეიძლება ასე ზიზღით და ვერაგულად მოსვლა. თუ მოდიხარ, ვაჟკაცურად უნდა მოხვიდე! ვფიქრობ რომ ძალიან ”გააჭუჭყიანეს” ნაციონალური მოძრაობა. არ იყვნენ ამის ღირსი, მაგრამ რას ვიზამთ, ასე გადაწყვიტეს... ჩვენი ერი იმიტომ არის ძლიერი და ბრძენი, დრო რომ გადის ყველაფერს თავის სახელი ერქმევა.
- საქართველოს ახლანდელ პრეზიდენტზე - გიორგი მარგველაშვილზე რას გვეტყვით?
- ჯერჯერობით ვერაფერს!
- არც ბიძინა ივანიშვილზე გსურთ საუბარი?
- არც მასზე მსურს პასუხი გაგცეთ... ეს უკვე სულ სხვა ამბავია. ერთი ისაა, რომ ჩვენ ბევრი რამ გვახსოვს ცუდი და მიხარია, ახლა რომ მშვიდობიანად მოხდა ხელისუფლების შეცვლა.