დიდი დიეგო

დიდი დიეგო

გუშინ გამოჩენილ არგენტინელ მოთამაშეს, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას დიეგო მარადონას დაბადებიდან 53 წელი შეუსრულდა. საფეხბურთო სამყაროში დიეგოს ყოველთვის არაერთგვაროვანი რეპუტაცია გააჩნდა და გააჩნია.

ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ დიეგო უდიდესი ფეხბურთელი იყო და 1986 წელს, არგენტინის ეროვნული გუნდი პრაქტიკულად მარტომ გააჩემპიონა. სამწუხაროდ, დღემდე დიდი კამათია მისი პიროვნული თვისებების შესახებ.

ერთნი მას ყველაფერს პატიობენ და საკუთარი ქვეყნის უდიდეს პატრიოტადაც მიაჩნიათ. ოპონენტები კი მარადონას დიად ყალთაბანდად, ნარკომანად და ყოველმხრივ მანკიერ პიროვნებად მოიხსენიებენ. დიეგოს, ცხოვრების მანძილზე კარგი მართლაც რომ ბევრი გაუკეთებია, მაგრამ საკმაოდ არაორდინალური ადამიანი ბრძანდებოდა და შარშიც თავი ხშირად გაუყვია.

მისი პროფესიული საფეხბურთო კარიერა 1976 წელს “არგენტინოს ხუნიორსში” დაიწყო და 1997 წელს “ბოკა ხუნიორსში” დასრულდა. მარადონას ბიოგრაფების აზრით, მისი ცხოვრების სწორი გზიდან გადახვევა იტალიურ “ნაპოლიში” დაიწყო, სადაც ეს უკანასკნელი ღმერთივით ჰყავდათ და ყველაფერს პატიობდნენ. ისიც, გათავხედებული პატარა ბიჭივით, ყირაზე გადადიოდა და ნარკოტიკებსაც სწორედ რომ ამ სამხრეთულ ქალაქში დაეჩვია. ლეგენდები დადიოდა მარადონას ღრეობებზე სხვადასხვა რესტორნებში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ურთიერთობაზე და ადგილობრივი მაფიის ბოსებთან ახლო მეგობრობაზე. სხვა ნებისმიერ ფეხმურთელს ციხეში ჩააყუდებდნენ, მაგრამ მარადონა ნეაპოლელთათვის ანგელოზი იყო, ზნედაცემული, მაგრამ მაინც ანგელოზი.

ნარკოტიკებთან დაკავშირებით კონფლიქტურ სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილა, მაგრამ ის დიდი დიეგო იყო და ეს “საგმირო” საქმეებიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის შეუმჩნეველი რჩებოდა.

ცნობილია, რომ მარადონა საკუთარი შვილებისათვის ჩინებული მშობელია, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ დიეგოს თავის დროზე იტალიის საბაჟოზე კოკაინი უპოვეს, თანაც - ერთ-ერთი შვილის მედალიონში.

ყველასათვის ცნობილია, რომ მარადონა ფეხბურთს დოპინგ-ტესტების ჩაფლავებისათვის ჩამოაშორეს, არადა მანამდე უფრო დიდი ცოდვები ჰქონდა ჩადენილი. თუმცა ერთხელაც დადგა მომენტი, როდესაც ვიღაცამ საჭიროდ ჩათვალა, რომ მისი მოთამაშის სტატუსით მოღვაწეობა საჭირო აღარ იყო.

დიეგო მარადონა უდიდესი ფეხბურთელი გახლდათ და მისი წარმატების მწვერვალი 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატი აღმოჩნდა, სადაც კარლოს ბილარდოს შეგირდებმა ჩემპიონის წოდება მეორედ მოიპოვეს.

ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი დიეგო მარადონა გახლდათ. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს იმ ინტერვიუდან, რომელიც დიეგომ 1986 წელს, ფინალური შეხვედრის შემდეგ მისცა ერთ-ერთ ესპანელ ჟურნალისტს.

რაზე ფიქრობდით, როცა ინგლისელებთან შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანეთ?

- ვფიქრობდი დედაჩემზე, ძმებზე, მამაჩემზე, რომელიც ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალყურს თამაშს. იმ მომენტში ვიგრძენი, რომ შემიძლია გავამართლო მათი ნდობა, ვინც ნაკრებში შემიყვანა.

იფიქრეთ თუ არა, რომ თქვენ მსოფლიო ჩემპიონატის უძლიერესი ფეხბურთელი ხართ?

- ვიფიქრე, რომ არგენტინის გუნდს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშოს. მას ხომ ჩინებული ოსტატები ჰყავს: პუმპიდო, რუჯერი, მარადონა და სხვები. თითოეულ არგენტინელ ფეხბურთელს თავისი უნდა მივუზღოთ.

რა ცვლილებები მოახდინა ბილარდომ არგენტინის ნაკრებში?

- დავიწყოთ იმით, რომ არგენტინელ მწვრთნელთაგან ისე არავის აკრიტიკებდნენ, როგორც ბილარდოს. რატომ? თვლიდნენ, რომ იგი თავის კლუბ “ესტუდიანტესში” ანტიფეხბურთს ნერგავდა. ეს აზრი სწორი არ იყო. მას აკრიტიკებდნენ მაშინაც, როცა გუნდში ჰყავდა ბატისტა, ბურუჩაგა, მარადონა, რომლებიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ. საბოლოოდ ბილარდომ დაამტკიცა, რომ მისი გუნდი მექსიკაში გაცილებით უკეთ თამაშობდა, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის ნებისმიერი სხვა მონაწილე.

ეს პირველობა “მარადონას ჩემპიონატი” იყო?

- დიახ, ამ ჩემპიონატს ასე უწოდებდნენ, მაგრამ მას უფრო “არგენტინის ჩემპიონატი” შეეფერება სახელად.დავუბრუნდეთ მსოფლიო ჩემპიონატს.

ფინალურ მატჩში იყო მომენტი, როცა დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა...

- ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, რომ უძლიერესი ნაკრები გვყავს. როცა გერმანელებმა ანგარიში გაათანაბრეს (2:2), ამან ერთგვარად შეგვაშფოთა, მაგრამ ძალა გამოვნახეთ, რომ კონტრიერიში წამოგვეწყო და კიდევ ერთი ბურთი გაგვეტანა. დღეს ყველამ იცის, რომ ჩვენი ნაკრები ერთი ფეხბურთელის გუნდი არ არის. ჩემს თამაშში, ჩემს ოსტატობაში თავისი წვლილი დოქტორმა ბილარდომაც შეიტანა, ზუსტად ისევე, როგორც 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დანიელ პასარელას მიღწევებში უდავო იყო მენოტის ღვაწლი. ფინალურ მატჩში ძალიან მინდოდა გოლის გატანა, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. სამაგიეროდ, ბურთის გატანის საშუალება სხვებს შევუქმენი, გუნდისთვის თამაშიც სწორედ ეს გახლავთ.