ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შედეგად აღებული ვალდებულებების შეფასების განხილვა 28+1-ის ფორმატში გაიმართა.
შეხვედრის დროს ყველა მოკავშირემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მაღალ დონეზე ჩატარდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიხეილ დარჩიაშვილის თქმით, ნატოელმა პარტნიორებმა ქართველ ხალხსა და მთავრობას დემოკრატიული პროცესების კონსოლიდირების კუთხით წინგადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიულოცეს.
28+1-ის ფორმატში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები ნატოს წევრი ქვეყნების მიერ დადებითად შეფასდა. მიხეილ დარჩიაშვილმა თავდაცვის უწყებაში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. მან სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების, თავდაცვის დაგეგმვის, ასევე ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისა და 2015 წელს საქართველოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ჩართვის შესახებ წარადგინა მოხსენება.
„ნატოელ მოკავშირეებთან განვიხილეთ ყოველწლიური ეროვნული პროგრამისა და თავდაცვის ეროვნული პროგრამის მიხედვით განხორციელებული რეფორმები. ალიანსის მხრიდან ძალზე დადებითად შეფასდა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესი. ჩვენ ხაზი გავუსვით იმ პრიორიტეტებს, რომელიც თავდაცვის უწყებას გააჩნია“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ბრიუსელიდან თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიაში გადაინაცვლა, ნატოს ევროპულ სარდლობასა და ნატოს სპეციალური ძალების შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცება იყო.