დღეს დილით ფრანგულმა გამოცემამ „Le10Sport” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო კარიერის გაგრძელებას კლუბ „პარი სენ ჟერმენში“ გეგმავს.
ფრანგულ გამოცემას „პსჟ“-ს ყოფილი მოთამაშე საფეთ სუშიჩი ესაუბრა. ბატონი საფეთი ფრანგულ კლუბში 1982-1991 წლებში ასპარეზობდა, ამჟამად კი ბოსნია-ჰერცეგოვინას ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს.
„ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობასთან ახლო ურთიერთობა გამაჩნია და დანამდვილ;ებით ვიცი, რომ მომავალი წლის ზაფხულში კრიშტიანო რონალდო „პარი სენ ჟერმენში“ გადავა.
ფრანგულ კლუბს დიდძალი ფული გააჩნია და ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენა შეუძლია. რამდენიმე დღის წინ პარიზში ყოფნა მომიწია და „პსჟ“-ს დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა პორტუგალიელის შესაძლო ტრანსფერის ამბავი გამიმხილა. პარიზული გუნდი ყოველწლიურად პროგრესირებს და დარწმუნებული ვარ, რომ რონალდოს ყიდვის შემდეგ მადრიდის „რეალს“, კატალონიურ „ბარსელონასა“ და მიუნჰენის „ბაიერნს“ მძაფრ კონკურენციას გაუწევს“. - განაცხადა საფეთ სუშიჩმა.