კოტ დივუარს საფრანგეთის ქალთა ნაკრებიდან მწვრთნელის იჯარით დათმობაზე უარი უთხრეს

კოტ დივუარს საფრანგეთის ქალთა ნაკრებიდან მწვრთნელის იჯარით დათმობაზე უარი უთხრეს

კოტ დივუარის ნაკრები მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის თასზე თამაშობს, სადაც მასპინძელია, უმწვრთნელოდ დარჩა.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჟან-ლუი გასე გაათავისუფლეს და მერვედფინალის წინ კოტ დივუარელები ახალ მწვრთნელს ეძებენ. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, კოტ დივუარის ფეხბურთის ფედერაციას იჯარით საფრანგეთის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ერვე რენარის აყვანა სურდათ, რომელიც ამჟამად კოტ დივუარშია და ტურნირს ესწრება.

რენარი კოტ დივუარს 2014-2015 წლებში წვრთნიდა და აფრიკის თასიც მოაგებინა 2015 წელს. აფრიკელები იმედოვნებდნენ, რომ ფრანგულ მხარეს დაიყოლიებდნენ მწვრთნელის დროებით დათმობაზე, რადგან ორშაბათს, კოტ დივუარს სენეგალთან რთული მერვედფინალური მატჩი ელოდება, მაგრამ ბოლო ცნობებით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მათ უარი უთხრა.

კოტ დივუარის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 3 ქულა დააგროვა (1 მოგება, 2 წაგება) და ჯგუფიდან მესამე ადგილით მაინც გავიდა. მწვრთნელიც ხსენებული ორი წაგების გამო ტურნირის მიმდინარეობისას დაითხოვეს.

ერვე რენარი 2023 წლიდან უდგას სათავეში საფრანგეთის ქალთა ნაკრებს, მანამდე საუდის არაბეთის ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელსაც არგენტინა დაამარცხებინა ბოლო მუნდიალზე. სხვათა შორის, მას აფრიკის თასი ორჯერ აქვს მოგებული - 2015 წელს კოტ დივუარის ნაკრებში და 2012 წელს ზამბიის ნაკრებში.