სოცვალდებულება - მეტი საელჩო პარტიას!

სოცვალდებულება - მეტი საელჩო პარტიას!

ქვეყნის საგარეო უწყება ახალ-ახალი საელჩოების გახსნით არის დაკავებული. საქართველოს მოქალაქეები კი - უცხო ქვეყანაში გადაბარგების მცდელობით. მალე რამდენიმე ათასი დევნილი უცხო ქვეყნებს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვს… ცოტა ხანში, ალბათ, იმდენი ემიგრანტი გვეყოლება, თავისუფლად შევძლებთ, სხვა სახელმწიფებში ქართული ქალაქ-სახელმწიფოების „შექმნას“. აქ საკითხავი ისღა დარჩა, ვინც საქართველში დავრჩებით, რამდენიმეათასიან ხელფასებსა და პრემიებს თუ დაგვირიგებს ხელისუფლება?

საქართველოდან დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი იპარება საზღვარგარეთ და უცხოეთში, თავშესაფრებში ბარდება, საქართველოს საგარეო უწყება კი, უფროდაუფრო მეტ დიპწარმომადგენლობას ხსნის საზღვარგარეთ. როგორც ჩანს, ქართველებისგან სახელმწიფოს „დაცარიელების“ შემთხვევაში, ხელისუფლება ალტერნატიულ გეგმაზეც მუშაობს, როგორიცაა, მაგალითად - აფრიკელი ბურების ჩამოსახლება და მათით ემიგრანტების „ჩანაცვლება“. ეს - ხუმრობით...

გეგმიური ნაბიჯები...

ახლა კი, დავუბრუნდეთ საქართველოს საგარეო უწყების 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმას და მისი შესრულების შემთხვევაში  შედეგების შეფასების კრიტერიუმები განვიხილოთ. სამინისტროს ჩამოწიკწიკებული გეგმა, რომელშიც ხუთიდან ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ემიგრანტებთან და დიასპორებთან ურთიერთობების გაღრმავებაა, შესრულებულად ჩაითვლება, თუ:

„შემცირდება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებათა შელახვის ფაქტები. გაიზრდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოს წარმომადგენლობებისადმი ნდობა და კრიზისულ სიტუაციებში მოქალქეთათვის დახმარების გაწევის რაოდენობრივი მაჩვენებლები; გამარტივდება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების პროცედურები; გაიზრდება, ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობების რაოდენობა“.

უკვე ვნახეთ, როგორ სრულდება გეგმა სავიზო რეჟიმის გამარტივების ნაწილში. ახლა, ალბათ, საინტერესოა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს რას მოუტანს ქვეყანასა თუ ხალხს ახალი დიპწარმომადგენლობების გახსნა და რამდენად გვაქვს ჩვენ საშუალება, ასეთი ფუფუნების უფლება მივცეთ თავს? თუმცა, როცა ქართველები საქართველოდან გარბიან, მაგალითად დევნილები, მაშინ უპრიანიც კია, რაც შეიძლება მეტი საელჩო გავხსნათ, თუნდაც - აფრიკაში.

„ნიდერლანდების ჰელსინკის კავშირის“ (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია) გენერალური მდივანი ირაკლი ურუმბეგაშვილი: „ახალი დიპკორპუსების გახსნა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ნაცმოძრაობის ინტერესებში შედის. ელჩებად და კონსულებად ამავე ნაცმოძრაობიდან მოსული ხალხი ინიშნება. გასაგებია, რომ მმართველი პარტიაა, მაგრამ დიპლომატიაში ნაცნობ-მეგობრობითა და ნათესაობით არ უნდა ინიშნებოდეს ისეთი ადამიანი, ვისაც ამ სფეროში მუშაობის სტაჟი არ გააჩნია. საბავშვო ბაღს არ უნდა გვაგონებდეს ეს რთული სფერო..

ვიდრე ნიდერლანდების ელჩი, მაია ფანჯიკიძე (გურამ ფანჟიკიძის შვილი და ირაკლი ალასანიას ცოლის და) მათი ინტერესების გამტარებელი იყო, მანამდე მისაღები კანდიდატურა გახლდათ ხელისუფლებისთვის. მას მერე, რაც ირაკლი ალასანია (ვითომ) ოპოზიციაში წავიდა, ამ ქალბატონისადმი მიდგომა შეიცვალა და გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. არ ვიცი, რამდენად კომპეტენტური იყო ეს ქალბატონი ელჩი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, იგი გაუშვეს, ხოლო მის ადგილას 30 თუ 32 წლის ახალგაზრდა ყმაწვილი დანიშნეს“...

არადა, წესით, ნებისმიერ ქვეყანას, რაც უფრო მეტი საელჩო, თუ საკონსულო ექნება სხვადასხვა ქვეყანაში, ეს ძალიან კარგია: ღრმავდება უცხო სახელმწიფოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, იქმნება ნიადაგი ინვესტიციების მოსაზიდად, შენი მოქალაქეები, რომლებიც იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, უფრო დაცულები არიან და ასე შემდეგ... ერთი სიტყვით, ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას ნორმალური ქვეყნისთვის დადებითი შედეგი მოაქვს.

თუმცა, როცა მსოფლიოში ისევ ეკონომიკური კრიზისია, საქართველოშიც მაღალია უმუშევრობის დონე, საინტერესოა, რაში გვჭირდება კიდევ ახალი დიპწარმომადგენლობების გახსნა (განსაკუთრებით, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში) და ამაში ფულის გადაყრა? წინა სტატიაში უკვე ვნახეთ, რომ ჯერ მარტო საგარეო უწყების მაღალჩინოსანთა პრემიებზე რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, საზღვარგარეთ უკვე არსებული ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენახვაზე 2010 წლის ბიუჯეტში 52 მილიონ 482 ათასი ლარი გააიხარჯა. კიდევ 2 ახალი საელჩოს გახსნამდე, საქართველოს საზღვარგარეთ სულ 52 მოქმედი დიპლომატიური დაწესებულება ჰქონდა. ხოლო, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში ახალი წარმომადგენლობების გახსნისთვის გასულ წელს, ბიუჯეტიდან 2 მილიონ 261 ათას 954 ლარი გამოიყო. როცა გაიხსნება ეს დიპწარმომადგენლობები, მის შენახვას თანხები ხომ სჭირდება?

გეგმა 3 - ქართველები საზღვარგარეთ, ბურები - საქართველოში

უკვე გადაწყვეტილია, რომ აფრიკელი ბურების ჩამოსახლების პროცესი წელსვე დაიწყება. ძველით ახალი წელიც ჯერ კიდევ კარგად არ იყო „გათენებული“, რომ 14 იანვარს საქართველომ და კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ალბათ, მალე, წარმომადგენლობაც გაიხსნება... საინტერესოა, იქამდეც ჩააღწიეს ქართველებმა? იქნებ, ინვესტიციებს ელოდება საგარეო უწყება აფრიკიდან? ყოველშემთხვევაში, ფაქტია, რომ წელს აფრიკასთან ურთიერთობა მყარად დაგვებედა.

ცოტა ძნელია, სკეპტიკურად არ უყურო კონგოსთან დამეგობრების ამბავს, მაგრამ თუ ეს ურთიერთობები იმ საკითხს მაინც მოხმარდება, რომ ნაურუს მსგავსად ისიც არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ეს უკვე წარმატებული ნაბიჯი იქნება. სხვათაშორის, ახალი დიპწარმომადგენლობების გახნის აუცილბლობაზე საუბრისას, ამ თემაზე ხშირად აპელირებენ ხოლმე საგარეო უწყების წარმომადგენლებიც.

რაში გვჭირდება დიპლომატიური წარმომადგენლობა სამხრეთ აფრიკაში?

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე: „იქ არის ძალიან დიდი პოტენციალი. ჩვენ ვსაუბრობთ აფრიკის იმ ნაწილზე, რომელიც ეკონომიურად განვითარებულია და სადაც, ერთი პერიოდი ეკონომიკური ბუმიც იყო. მათი დაინტერესება აუცილებელია. მათ საქართველოზე წარმოდგენა არ აქვთ. დიპლომატიური მისიის გარეშე მათი რეალური ინტერესის გაღვივება საქართველოს მიმართ, არ მოხდება. თუმცა, რეალური ეკონომიკური პოტენციალი არის ბევრად მეტი, ვიდრე სხვა ქვეყნებში...

როცა ახალი საელჩოების გახსნაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილობის საკითხსაც ვიხილავთ... აქ არის საუბარი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ეს არის ჩვენი მისია და დაკავშირებულია ეკონომიკურ განვითარებასთან. ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია გარედან განხორციელებულ ინვესტიციებთან და ტურიზმთან. ტურიზმი, ამავდროულად, ისევ უკავშირდება საექსპორტო პროდუქციის პროპაგანდირებას საზღვარგარეთ და ა.შ. ტურისტი შემოვა აქ, შესაბამისად, უფრო მეტი ქართული რესტორანი გაიხსნება სხვაგან. ბერძნების სამზარეულო ასე გახდა ცნობილი და ყველაგან გაიხსნა ბერძნული რესტორნები, იმის გამო, რომ ტურიზმი იყო იქ განვითარებული.

თუმცა, ექსპერტების განცხადებით, მხოლოდ ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებამ, ასევე უამრავმა საგარეო ვალმა საბერძნეთი სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანა.

ეს ძალიან ზედაპირული და დილეტანტური შეფასებაა იმ ექსპერტებისა, ვინც ამას ამბობს. საბერძნეთის ფინანსური კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო კრიზისითან იყო დაკავშირებული, ასევე, ნაწილობრივ, არასწორად მართული ფინანსური პოლიტიკის (ევროკავშირის ფარგლებში) შედეგიც იყო. ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებიც დაარღვიეს, მაგრამ ტურიზმის გარეშე, საბერძნეთს ძალიან გაუჭირდებოდა იმ დონის შენარჩუნებაც კი, რაც აქვთ“.

ირაკლი ურუმბეგაშვილი: „დიპკორპუსის გახსნას სამხრეთ აფრიკაში ყველა მიესალმება, მაგრამ რას, ან ვის ემსახურება ამ საკითხის გადაწყვეტა? ეს უფრო სამხრეთ აფრიკელი ბურების ინტერესსში შედის, ვიდრე - საქართველოს მოსახლეობის. გაჩნდა ახალი პროექტი, რომ საქართველოს მიწების ათვისება ამ ბურების მიერ მოხდეს... ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს საქართველოს მთავრობა და პირველი ლედი, შესაბამისად - საელჩოს გახსნასაც ვგეგმავთ...

ეკონომიურად განვითარებულ სამხრეთ აფრიკაში, ნელსონ მანდელას პრეზიდენტად არჩევის შემდგომ, ბურებს თითქმის ყველაფერი წაართვეს და გადაუწვეს, ზოგიერთი დახოცეს კიდევაც. რასაც 2 საუკუნის განმავლობაში სამხრეთაფრიკელ აბორიგენებს ბურები (ჰოლანდიელები) უკეთებდნენ, აბორიგენმა მოსახლეობამ დღეს მათ სამაგიერო გადაუხადა. სამხრეთ აფრიკაში კოლონიზატორი ფარნგები, ინგლისელები და ჰოლანდიელი ბურები ვისი მიწის გულისათვის ეომებოდნენ ერთმანეთს?

ჩვენდა სამწუხაროდ, მაშინ ქართული სამეფოს შტოს წარმომადგენელი ნიკოლოზ (ნიკო) ბაგრატიონი, ანუ ნიკო ბური იბრძოდა ბურების მხარეს - ინგლისელების წინააღმდეგ. დღეს, ნიკო ბურის სახელობის ორგანიზაციაღა არსებობს ამსტერდამში, რომელიც შევარდნაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა 90-იანი წლების დასაწყისში და რომელიც ერთგულად ემსახურებოდა შევარდნაძის მთავრობას, ეხლა კი - ასევე ერთგულად ემსახურება სააკაშვილის ხუნტას.

როდესაც საქმე ეხება რომელიმე ნაციის მასიურად ჩამოსახლებას ქვეყანაში და რაც მთავარია, მისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემას, ამ დროს მთავრობას არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ ეს არც მისი გადასაწყვეტია, არც საგარეო უწყების, მითუმეტეს - დიასპორის სამინისტროსი. ეს საკითხი წყდება ხალხის მიერ, საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე. აღარ ეკითხებიან იმ შამქორელ გლეხებს, უნდათ, თუ არა სამხრეთაფრიკელი ბურები მეზობლად?

აი, აქ არის უკვე დანაშაული, როდესაც ხალხის აზრისა და ნება-სურვილის გვერდის ავლით, ჩუმად აწარმოებ მოლაპარაკებებს და არ უკვირდები, რა საშიშროება შეიძლება, ემუქრებოდეს შენს ქვეყანას... ქალბატონმა კალანდაძემაც ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როდესაც ბურები უკვე საქართველოში იყვნენ ჩამოსულები და მიდამოს ათვალიერებდნენ.

რამდენად დამაჯრებელია თქვენთვის ის ფაქტი, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრიკიდან ტურისტების ნაკადს ელოდება?

- საკმაოდ არადამაჯერებელია ის არგუმენტი, რომ ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ელოდებიან აფრიკიდან. ხელისუფლების განცხადებები დემაგოგიაა და მეტი არაფერი. „ნაცმოძრაობის“ წევრები და მინისტრები მხოლოდ მიშა „ბრძენს” უსმენენ და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებივით უნისონში მღერიან.

რაღაც მეეჭვება, რომ სამხრეთ აფრიკიდან აქ ვინმე ჩამოვიდეს, გარდა - აბორიგენი აფრიკელების მიერ გამოყრილი და ქონების გარეშე დარჩენილი ბურებისა. სამხრეთაფრიკელი აბორიგენები საერთოდ არ იცნობენ საქართველოს, არც ის იციან, სად მდებარეობს ჩვენი ქვეყანა. განათლებულ აფრიკელ აბორიგენს რომ ჰკითხო - GEORGIA სად არისო, გეტყვის - ამერიკის შეერთებულ შტატებშიო. ყველამ, შეიძლება, ესეც არ იცის“.

ახლა, დასკვნა თქვენ გამოიტანეთ, როგორ ასრულებს საგარეო საქმეთა სამინისტრო დასახულ გეგმებს და რატომ ხსნის ახალ საელჩოებს, სადღაც - აფრიკაში. თუ ამდენი ფული აქვს ბიუჯეტს, მაშინ რატომ გვყავს ამდენი ღარიბი და ამდენი ემიგრანტი?

სამინისტროს სტრატეგიულ გეგმაზე შემდეგ სტატიაშიც ვისაუბრებთ. სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად იმასაც შეიტყობთ, რატომ ექცევიან არადამიანურად საკონსულოს თანამშრომლები ემიგრანტებს, რატომ „უთვალთვალებენ“ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ჩვენი თანამემამულეების ბიზნესებსა და რა გავლენას ახდენენ პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახისა და უახლოესი გარემოცვის წევრები საკონსულოებზე, დიასპორებსა თუ საელჩოებზე...