ე.წ. უკანონო მიშენებების მიმართულებით მერიის გააქტიურება შეინიშნება. ირკვევა, რომ 2007 წლის შემდეგ მიშენებულ ლოჯიებს დიდი დღე არ უწერიათ.
თბილისის კორპუსებზე უკანონო მიშენებების მფლობელებს 10 ათას ლარიანი ჯარიმა და მიშენების დემონტაჟი ემუქრებათ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კვირაზე მეტია დედაქალაქის მცხოვრებლებს მოსალოდნელი დემონტაჟის და ჯარიმების შესახებ აფრთხილებს.
დემონტაჟი შეეხება მხოლოდ 2007 წლის შემდეგ მიშენებულ ლოჯიებს და სხვა კონსტრუქციებს. როგორც ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, მიშენებების პატრონებს ჯერ გააფრთხილებენ, შემდეგ მოსთხოვენ მშენებლობის კანონიერების დამამტკიცებელ დოკუმენტაციას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში მიშენების მფლობელს დრო მიეცემა ფასადისთვის პირვანდელი იერსახის დასაბრუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოქმედდება 10 ათას ლარიანი ჯარიმა.
შემდეგ საქმე სასამართლოს გადაეცემა და თუ იქიდან 3 თვეში პრობლემა კვლავ არ მოგვარდება, ჯარიმა გასამმაგდება, ხოლო ობიექტი დემონტაჟს დაექვემდებარება.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს მერიას თავისი მიშენების შემოწმების თხოვნით, მერიის წარმომადგენლები კი შემოწმებას უფასოდ ჩაატარებენ. თუმცა მერიაში იმასაც ამბობენ, რომ მოსახლეობა თავს იკავებს მსგავსი თხოვნით მიმართვისგან, რადგან შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ მიშენება ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება. მისი დანგრევა კი მოქალაქეს, რომელსაც ამ მიშენების აგებაში დრო და ფული აქვს დახარჯული, არ სურს.
საცხოვრებელი ბინების გაფართოების მიზნით კორპუსებზე მიშენებები თბილისში 80 - იან წლებში დაიწყო და პიკს 1995 წელს მიაღწია. 90-იან წლებში ამგვარ შენობებს არავინ აკონტროლებდა. დღეს დედაქალაქში არსებული კორპუსების 70%-ს მიშენებები აქვს.
უკანონო ლოჯიების დიდი ნაწილი ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებზე მოდის. 2009 წელს უკანონო მიშენებების 200-მდე მცდელობა გამოვლინდა, კონსტრუქციების მინიმალური სამშენებლო სტანდარტების გაუმართაობის გამო მერიამ 70 მშენებლობა შეაჩერა.
სხვათა შორის, ადრე თბილისის მუნიციპალიტეტში აცხადებდნენ, რომ მიშენების დემონტაჟის ღირებულების 70%-ს თავად დაფარავდნენ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ამ ვალდებულებასაც მოსახლეობას აკისრებენ.
”თავდაპირველად უნდა დადგინდეს არსებული მიშენების მდგრადობა. თუ ის ავარიულ მდგომარეობაშია, დაუყოვნებლივ დემონტაჟს საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში, მერიის ექსპერტიზის დასკვნის გამოტანის შედმეგ მიშენება დაინგრევა. მიშენების დემონტაჟის ღირებულების 70%-ს მერია ფარავს, დანარჩენს კი მოსახლეობა იხდის.
მოსახლეობა არ არის თანახმა, რომ ავარიული მიშენებები დაინგრეს. ჩვენ ვერ მივიყვანეთ ადამიანები იმის გაგებამდე, რომ ავარიული მიშენებები მათ სოცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაში მერია არ იღებს მობინადრეთა დანაკარგის თაობაზე ვალდებულებას. მაგრამ თუ დადგინდა, რომ მიშენების დეფორმაცია გამაგრებას ექვემდებარება, ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ დაზიანებული ნაწილის აღდგენას”, - ასეთი კომენტარები ვრცელდებოდა მერიიდან, მაგრამ ნაარჩევნებს დრო, ვითარება და ხმის ინტონაცია შეიცვალა.