თერჯოლაში 118 წლის ეფროსინე ბებო ცხოვრობს

თერჯოლაში 118 წლის ეფროსინე ბებო ცხოვრობს

თერჯოლის რაიონში 118 წლის ქალი ცხოვრობს. ეფროსინე მიხეილის ასული ბედინაშვილი-თურქაძე 1887 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში დაიბადა. ეს თარიღი მის საბჭოთა პასპორტშია დაფიქსირებული.

ოჯახის შესახებ ეფროსინე ბებო ძალიან ცოტას საუბრობს: ბებიას გავუზრდივარ, დედა ადრე გარდამეცვალა, მამაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა. ქალიშვილობის და მისი შემდეგი პერიოდი არც მახსოვს, სულ შრომაში ვიყავი, ზურგზე ტომრები მქონდა მოკიდებული და შიმშილი მომკლავდა, თოხი რომ არ მყვარებოდაო.

მეზობლები ამბობენ, რომ სამი საუკუნის მომსწრე ქალბატონი გაზაფხულზე ყანას 80 წლის შვილთან ერთად ამუშავებდა, ახლა საზანოს ბაზარში დადის და შესანიშნავადაც ვაჭრობსო.

„118 წელი სულაც არ ყოფილა საკმარისი იმისათვის, ცხოვრებამ რომ თავი მოგაბეზროს. სიცოცხლე კარგია, ამისთვის ვერ მოვიკალი თავი, თორემ ჩემი ცხოვრება ცხოვრებაა?“ - ამბობს ასაკოვანი მოხუცი, რომელსაც სულ ახლახან ქალიშვილი გარდაეცვალა, მანამდე კიდევ ორი შვილი მიაბარა მიწას და ერთი ვაჟიღა დარჩა, რომელიც ოზურგეთის რაიონში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად.

ეფროსინე ბებო თავის ცხოვრებაში ოთხ პოლიტიკურ გარდატეხას მოესწრო და არც ერთით კმაყოფილი არ არის: „არც ერთ ცხოვრებაში გახარებული არ ვყოფილვარ, ჩემთვის კაი და გლახა მთავრობას რა მნიშვნელობა აქვს?“ - აღნიშნა მან.

რამდენიმე კვირის წინ რაიონის ხელისუფლება გუბერნატორთან ერთად ას წელს გადაცილებული მოხუცების მონახულებას და დახმარებას გეგმავდა, მაგრამ ეს ღონისძიება არ შედგა. თუმცა, რაიონის გამგებელი ავთანდილ ჩუბინიძე აცხადებს, რომ საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და მოხუცებს უახლოეს დღეებში მოინახულებენ.