Gazzetta Dello Sport: კვარაცხელიას აგენტს კონტრაქტის საკითხზე დე ლაურენტისთან შეხვედრა სურს

Gazzetta Dello Sport: კვარაცხელიას აგენტს კონტრაქტის საკითხზე დე ლაურენტისთან შეხვედრა სურს

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი იტალიურ მედიაში ისევ აქტუალურია. როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრას იმედოვნებს.

წყაროს თანახმად, ჯუღელი ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე იყო იტალიაში, როდესაც დე ლაურენტისთან შეხვედრა სურდა, რათა კონტრაქტის პირობები განეხილათ, მაგრამ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა და დღემდე მხარეებს შორის დეტალური საუბარი არ დაწყებულა.

კვარა სეზონში მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მას მერე, რაც ვიქტორ ოსიმენს სეზონში ხელფასი 10 მილიონ ევრომდე გაუზარდეს, კიდევ უფრო გაჩნდა გულშემატკივრებში უსამართლობის განცდა - ხვიჩა „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მისი სტატუსისთვის შეუფერებელ გასამრჯელოს უხდიან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.