"მეცის" დირექტორი: "მიქაუტაძის დაბრუნების იმედი გვაქვს, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს"

„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოოსიმ გიორგი მიქაუტაძის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. მან არ დამალა, რომ არსებობს ქართველი ფეხბურთელის გადაბირების შანსი, მაგრამ ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის, როგორც ამას ფრანგული მედია წერდა.

„იმედი გვაქვს, რომ გიორგი დაბრუნდება, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან სწრაფად ვრცელდება ინფორმაციები მის დაბრუნებაზე, მის ჩამოსვლას სწრაფად ელოდნენ, მაგრამ ნამდვილად ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი, რომ ეს მართლაც მოხდეს, ეს არის ჩვენი სურვილი.

იანვარში გაძლიერების იმედი გვაქვს, ვგრძნობთ, რომ გვაქვს ხარვეზები, აუცილებელია ვეცადოთ ამ პოზიციების შევსება, ნაწილობრივ მაინც. არ ვაპირებთ უგუნურ ტრანსფერებს ან გიჟურ ხელფასებს, ეს არ შეგვიძლია, მაგრამ ვეცდებით, გუნდი გავაუმჯობესოთ. გვაქვს გიორგის დაბრუნების შანსიც, თუმცა თუ არ გამოვიდა, შეიძლება სხვა ვარიანტიც გვქონდეს“ - თქვა დრეოსიმ.

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეს ახლა მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: „აიაქსში“ დარჩენა ან „მეცში“ დაბრუნება.

გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც დღემდე მხოლოდ 8 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩები 5 იანვარს საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“, ხოლო ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.