26 მაისი და რუსეთის ვერაგობა

26 მაისი და რუსეთის ვერაგობა

26 მაისი არის საქართველოს ახალი ისტორიის უშესანიშნავესი თარიღი.

გასული საუკუნის განთიადზე რუსეთის თვითმპყრობელმა მეფემ ალექსანდრე პირველმა დაადასტურა შეშლილი პავლე პირველის ვერაგული აქტი და რუსეთის პროვინციად გამოაცხადა მოკავშირედ მონდობილი საქართველო.

შეწყდა მრავალ საუკუნიან ისტორიის და ბრწყინვალე სახელმწიფოებრივ ტრადიციების მქონე საქართველოს დამოუკიდებელი ცხოვრება. მამაც ქართველ ერს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გმირული თავდადებით გაუძლო ველურ ურდოების შემოსევებს და შეინახა, როგორც თავისი ეროვნული სახე და მეობა, ისე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, კისერზე დაედგა ეროვნული ჩაგვრის უღელი. რაც ვერ შესძლო აშკარა მტერმა, ის მოახერხა ფლიდობით და მოცემულ პირობის უსირცხვილო დარღვევით მფარველად და მოკავშირედ მიჩნეულმა რუსეთმა.

ამ დღიდან იწყება ის საშინელი ტრაგედია, რომელსაც ეწოდება რუსეთის ბატონობის ხანა. საქართველოს მისი სვე-ბედის გამგებლებად პეტერბურგმა წარმოუგზავნა კრიმინალურ საქმეებით ცნობილნი კნორინგები და სამშობლო ქვეყნის მოღალატე ციციანოვები. ალექსანდრე პირველის მიერ თაღლითურად დანაპირებ მშვიდობიანობისა და მფარველობის ნაცვლად კნორინგებმა მოიტანეს ძარცვა-გლეჯა უამისოდ განაწამებ და დაბეჩავებულ მოსახლეობისა. ციციანოვებმა რუსეთის შორეულ ქვეყნებში გადაასახლეს თავდადებულნი მამულიშვილები და ის პატრიოტი წარჩინებულნი, რომელთაც შეეძლოთ ხმა აღემაღლებიათ და ახალ უბედურებაში ჩავარდნილ ქვეყანას გამოსარჩლებოდნენ.

ამუშავდნენ ჯოჯოხეთური ძალები ქართველი ერის გასარუსებლად, მისი ეროვნული სახის წასაშლელად. მისი კულტურის მოსასპობად. რეპრესიული ზომები და დაშინება ერთი მხრით, ფულით თუ ჩინ-ორდენებით მოსყიდვა მეორე მხრით. აი ის სიბრძნე რუსული მმართველობისა, რომელიც მეთოდურად და სისტემურად წიწკნიდა ქართველი ერის სულსა და გულს.

სკოლებიდან გაიდევნა, არა მარტო საქართველოს ხსენება, არამედ ქართული ენაც. ქართულ ენას არ იწყნარებდნენ ეკლესიებშიც კი. ქართველ ინტელიგენტისთვის თანდათან გაჭირდა თავის ქვეყანაში სამსახურის შოვნა. საქართველო გაივსო რუსის ეროვნების მოხელეებით, რომელთა უმრავლესობა უნიჭობისა და უვარგისობის გამო შიდა რუსეთში გამოუსადეგრებად იყვნენ მიჩნეულები. ეროვნულ პოლიტიკურ ჩაგვრას თან ახლდა ეკონომიური რეპრესიებიც. ვაჭრობა, მრეწველობა, ყოველივე ინიციატივის გამოჩენა ეკონომიურ დარგში გაძნელებული იყო ადმინისტრაციული ღონისძიებებით. საქართველო მიჩნეული იყო ნედლი მასალის კოლონიალურ ქვეყნად. იგი სავსებით დამოკიდებული იყო შიდა რუსეთის სამრეწველო ცენტრებისაგან.

თითქმის ას ოცი წლის მანძილზე გრძელდებოდა ეს ბოროტი საქმიანობა. მეფის რუსეთის მესვეურთ სამუდამოდ გათავებულად მიაჩნდათ ქართველი ერი, როგორც ეროვნული ერთეული. მაგრამ ქართველ ერს აღმოაჩნდა უხილავი ძალით შენახული უკვდავი ეროვნული სული და განსაცვიფრებელი გამძლეობა. როგორც კი შეირყა რუსეთის იმპერიის სიძლიერე, ქართველი ერი უმალ ფეხზე დადგა, წელში გაიმართა და მაღლა ააფრიალა ეროვნულ განთავისუფლების დროშა, - წოდებული ამიერიდან 26 მაისად.

აქედან იწყება საქართველოს ისტორიის ახალი თავი, რომლის პირველ გვერდზე თავისუფლების ცეცხლით გაშუქებულ ასოებით არის აღბეჭდილი.

„უკვდავია ქართველი ხალხის ეროვნული სული. მტკიცე და ურყევია მისი ეროვნული ნებისყოფა. საქართველო არსებობდა, არსებობს და იარსებებს მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.

მთელი ქართველი ერი, განურჩევლად წოდებისა და სოციალური მდგომარეობისა, თავის ირგვლივ შემოიკრიბა 26 მაისის დროშამ. გაცოცხლდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ტრადიცია, აღსდგა ქვეყნისა და ერის სუვერენობა. აღსრულდა საქართველოს დიდ მამულიშვილთა საოცნებო ნატვრა. საქართველო საერთაშორისო ოჯახში შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მაგრამ ერთხელ კიდევ უმტყუნა მას ბედმა, - იგი კვლავ ჩავარდა ეროვნულ მონობაში. დღევანდელი მისი მტერი თავისი სისასტიკით უმაგალითო მოვლენაა. მისი საქმიანობა, მისი ექსპერიმენტები ფიზიკური განადგურებით ემუქრება მთელ ერს. მიუხედავად ამისა ის ხელიდან არ უშვებს 26 მაისის დროშას და განსაცვიფრებელი  სიმტკიცით განაგრძობს ბრძოლას. ამ დროშის ირგვლივ თავის მოყრით და გაერთიანებით ქართველი ერი იმედოვნებს, სძლიოს ყველა დაბრკოლებას და სამუდამოდ დააღწიოს თავი ეროვნულ ჩაგვრის მძიმე უღელს. ეროვნული მთლიანობა, ყველა სასიცოცხლო ძალების 26 მაისის დროშის ქვეშ დადგომა განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია საერთაშორისო გართულების დღევანდელ ხანაში.

26 მაისი განმათავისუფლებელ ბრძოლის დროშაა. ხვალ ის გახდება ბრწყინვალე გამარჯვების დროშა.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას