„მეცში“ გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებას, როგორც ჩანს, წინ მხოლოდ დრო უდგას. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი უკვე საფრანგეთშია, სადაც სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიქაუტაძეს გადაუღეს პრეზენტაციის ვიდეოც, რათა მისი დაბრუნება გულშემატკივარს სპეციალური ვიდეორგოლით აცნობონ.
გიორგი „მეცს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე, 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, მაგრამ ფრანგებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ. მოგეხსენებათ, ფიფას წესებით, ფეხბურთელს ერთ სეზონში სამ კლუბში თამაშის უფლება არ აქვს, შესაბამისად, მიქაუტაძეს ახლა მხოლოდ ორი ვარიანტი ჰქონდა: „აიაქსში“ დარჩენა ან „მეცში“ დაბრუნება.
გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც დღემდე მხოლოდ 8 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.
„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩები 5 იანვარს საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“, ხოლო ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.