„ნაპოლი“ იტალიის თასს დაემშვიდობა. „აძური“ მერვედფინალში საკუთარ მოედანზე „ფროზინონეს“ დაუპირისპირდა და 0:4 განადგურდა!
ამ მატჩმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ შარშანდელი „ნაპოლისგან“ ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი... ვალტერ მაძარიმ შემადგენლობაში როტაციას მიმართა ფეხბურთელების დასვენების მიზნით - ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო, ვიქტორ ოსიმენი და სტანისლავ ლობოტკა არ იყვნენ ძირითად შემადგენლობაში.
ამ სვლამ არ გაამართლა, რადგან ნეაპოლელებმა პრაქტიკულად მომენტიც ვერ შექმნეს, 37-ე წუთზე ჯოვანი სიმეონეს გაუქმებულ გოლს თუ არ ჩავთვლით. 64-ე წუთზე მაძარიმ კვარაცხელია და ოსიმენი ერთად შეუშვა მოედანზე, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ სტუმრებმა ნეაპოლელთა რბევა დაიწყეს.
65-ე წუთზე ანგარიში ენცო ბარენეჩეამ გახსნა, ხუთ წუთში ჯუზეპე კაზომ სხვაობა გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვალიდ ჩედირამ და აბდუ ჰარუიმ ანგარიში საერთოდაც გამანადგურებელი გახადეს - 0:4...
ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს იყო იტალიის თასზე კარიერაში პირველი თამაში, რადგან გასულ სეზონში მას ამ ტურნირზე არ უთამაშია. შარშან „ნაპოლი“ თასიდან ასევე მერვედფინალში გავარდა, როცა ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ პენალტებში აჯობა, მაშინ კვარა ტრავმირებული იყო.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას 22 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა.
„ფროზინონეში“ პირველი ტაიმი მარჯვენა ფლანგზე ითამაშა გიორგი კვერნაძემ, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს. მან ყვითელი ბარათი მიიღო და შეცვლის მიზეზიც ალბათ ეს იყო. მის აქტივში იტალიის თასზე სამი მატჩია და სამივე ძირითადში, ხოლო სერია A-ში სამჯერ ითამაშა და სამჯერვე შეცვლაზე.
„ფროზინონე“ იტალიის თასის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, სადაც „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს სერია A-ში „რომასთან“ ჩაატარებს, ხოლო „ფროზინონე“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.