გუშინ, დილის 7 საათსა და 30 წუთზე, თბილისის ცენტრში, მიხაი ზიჩის 9-ში ორსართულიანი სახლი დაინგრა.
შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს საქართველის პარლამენტის დეპუტატი, გაოგნებული ნესტან კირთაძე შერჩათ ხელში.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, დეპუტატი ამ სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა.
საპარლამენტო ფრაქცია „ლეიბორისტის“ აპარატის უფროსის ვაჟა ოთარაშვილის თქმით, კირთაძე სახლის ნანგრევებიდან მეზობლებმა გამოიყვანეს. საბედნიეროდ, მას სხეულის სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.
თვალცრემლიანი ნესტან კირთაძე ჟურნალისტებს გამოუტყდა: „არ ვიცი, ახლა რა გზას დავადგე“. ნესტან კირთაძის და მისი ოჯახის წევრების გარდა, უსახლკაროდ დარჩა კიდევ ერთი ოჯახი, რომელიც ამავე სახლში, მის გვერდით ცხოვრობდა.
ნესტან კირთაძემ განაცხადა, რომ ექვსი წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმართავდა შესაბამის ინსტანციებს თხოვნით, ყურადღება მიექციათ სახლის ავარიული მდგომარეობისთვის.