„გაერთიანებას ლიდერი სჭირდება, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში კი ძალიან ბევრი გენერალია და ცოტა ჯარისკაცი“

„გაერთიანებას ლიდერი სჭირდება, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში კი ძალიან ბევრი გენერალია და ცოტა ჯარისკაცი“

შედგება თუ არა „ნაციოანლური მოძრაობის“ გვერდის ავლით ახალი პოლიტიკური გაერთიანება და ვინ შეიძლება მასში მოიაზრებოდეს? საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მომავალ არჩევნებში მმართველი ძალის დამარცხება მხოლოდ დიდი პოლიტიკური ცენტრის შექმნით არის შესაძლებელი.

რომან გოცირიძე ერთ-ერთ მედიასთან საუბარში განმარტავს, ვინ წარმოუდგენია „დიდ პოლიტიკურ ცენტრში“ და როგორც განაცხადა, მასში უნდა გაერთიანდეს ყველა ოპოზიციური საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსი“.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება ხმათა 15-20 პროცენტს, მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხრივ 20%-ის მობილიზებას შეძლებს და ხმათა თავის წილს მიიღებს გიორგი გახარიას პარტიაც, ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება შესაძლებელი იქნება.

„ამ დიდ პოლიტიკურ ცენტრში უნდა იყოს ყველა, დღეს ვინც არის პარლამენტში, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიისა. გაერთიანებაში უნდა ვიყოთ მათ შორის ჩვენ, ალეკო ელისაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, რომელიც ახირებულ პოზიციაზეა და არ შემოვლენ ამ დიდ კოალიციაში, როგორც ჩანს. ასევე ვგულისხმობ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც - „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, ანა დოლიძე, პლუს ადამიანები, რომლებიც არიან პოლიტიკაში მოსვლის მსურველები და აქვთ საზოგადოებრივი ცნობადობა და რეიტინგი, ლომჯარია, მაგალითად, ან ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო სექტორში არიან, ახალგაზრდები, რომლებმაც ძალიან დიდი პოლიტიკური სკოლა გაიარეს. მათ შორის ნიკა მელიაც - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლისა და თვითდაზიანების ეს პროცესი დამთავრდება. ასევე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე. ეს უნდა იყოს დიდი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს 15-20 ან მეტი პროცენტის აღების შესაძლებლობა. თუ არ ჩამოყალიბდა ეს ცენტრი ცვლილებები არ იქნება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც მან განმარტა, ამ ინიციატივაზე საუბარს ოფიციალური ხასიათი ჯერ არ მიუღია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობსს, რომ ჩვენი ქართული ოპოზიცია სპორტული თამაში რომაა - თოკის გადაქაჩვა, იმ სიტუაციაში იმყოფება. საყვარელიძის აზრით, ამ თამაშში არის ასე, რომ რაც მეტი ადამიანი ჩადგება ერთ მხარეს და გამოქაჩავს, მით მეტი შანსია გამარჯვების. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ იქაც კი ღონეს გააჩნია. 10 მისუსტებული ადამიანი წინააღმდეგობას ერთ ღონიერს ვერ გაუწევს, ასეაა ზუსტად ქართულ პოლიტიკაშიც.

„ბევრი პატარა პარტიის გაერთიანებით ერთი დიდი პარტია არ მიიღება. ძალიან დიდი მნიშვნელობა კი ასეთ გაერთიანებაში ლიდერს აქვს. ვინ არის ლიდერი. პოლიტიკაში სიმბოლოებს აქვს მნიშვნელობა. ასეთი ულიდერო, არაპერსონიფიცირებული გაერთიანება საზოგადოებაში დიდ ღელვას არ გამოიწვევს, მომხრეებს დიდად ვერ გაიჩენს, მით უმეტეს პერსონიფიცირებული პოლიტიკა ქართველებს გვიყვარს - ადამიანებს ვუკავშირებთ ამა თუ იმ პოლტიკურ ხაზს, თან რაც მთავარია, მათზე ბევრად ძლიერი „ნაციოანლური მოძრაობა“ ვერ აგროვებს მომხრეებს და ეს მცირე პარტიების მიერ შეგროვებული ელექტორატი ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. ასევე, მნიშვნელობა აქვს რა იდეის გარშემო ერთიანდება ეს ხალხი, რა არის მათი მიზანი. თუ „ოცნებას“ გადააგდებენ, მაშინ ვინ მოდის ხელისუფლებაში? რა შეთავაზება აქვთ ხალხისთვის? ჩვენი მოსახლეობა ახლა არ არის განწყობილი ისე, როგორც იყო 2012 წელს. არ ეჩქარებათ ამ ხელისუფლების გადაგდება და აინტერესებთ, ვინ მოვა ხელისუფლებაში. პატარა პარტიები შეიკრიბნენ და ხალხს უჩნდება კითხვა - ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში ლიდერად?“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, დავუშვათ, ამ პატარა პარტიებისგან შექმნილმა კოალიციამ გაიმარჯვა, მერე რა ხდება? აქვთ კი მათ საზოგადოების მხრიდან ამხელა ნდობა? მით უმეტეს ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, როცა ხალხმა დაინახა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით „ოცნების“ პოლიტიკა სწორი იყო.

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დიდი პოლიტიკური ცენტრის შექმნა ცუდი არ იქნება, მაგრამ ძალიან დიდი აჯაფსანდალი გამოვა. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სჯობს, ამ პატარა პარტიებისგან ორი ჯგუფი შეიქმნას, რადგან რეალურად, ეს უფრო შესაძლოა გამოვიდეს.

„ასეთ გაერთიანებას ლიდერი სჭირდება, რომელიც ხალხის მიერ დიდი ნდობით სარგებლობს. ამ ჩამოთვლილი პარტიებისგან ყველას ლიდერობა უნდა. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრი გენერალია და ცოტა ჯარისკაცი. გენერლებს არანჟირება უჭირთ, ამიტომ რთული პოზიციაა. თუმცა, ასეთი ცენტრი თუ შეიქმნა, კარგი და სწორი პროგრამა დადო, დიდი შანსია, რომ სერიოზული კონკურენცია გასწიონ.

თუმცა, აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავად ეს ხალხი რაზე შეთანხმდება და შეთანხმდებიან კი რამეზე? თეორიულად ეს შესაძლებელია, რადგან არსებობს სამი თანატოლი ელექტორალური ჯგუფი. ეს არის „ოცნების“ ამომრჩეველი, „ნაციოანლური მოძრაობის“ და მესამე ჩამოუყალიბებელი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. რამდენად შეძლებენ დალაპარაკებას და მოლაპარაკებას ესენი, ამაშია საქმე. ასეთი გაერთიანების ლიდერად, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილიც განიხილებოდეს, ოღონდ ის ამას პრეზიდენტის რანგიდან ვერ შეძლებს. ნეიტრალური ფიგურაა საჭირო, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, დრო მიდის, მაგრამ მაინც საჭიროა ლოდინი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სიტუაცია როგორ განვითარდება. ძაბირაძე ამბობს, რომ გამორიცხულია ენმ-მა ერთიანობა მოჩვენებით კიდევ შეინარჩუნოს. პირიქით, ეს პარტიას კიდევ უფრო დააზიანებს. ამიტომ ის პატარა პარტიებს ურჩევს, რომ ჯერ მოვლენების განვითარებას დაელოდონ.

Gami ჯერ " მითომ პოლიტიკოსებს" არაფერი აქვთ ნათქვამი, რომ ძაბირაძე და საყვარელიძე უკვე კომენტარს აკეთებ. ეტყობა, პოლიტმგრძნობელობა აქვთ ძალიან გავითარებული
ვაი, თქვენს პატრონს, ციდამტკაველები!
5 თვის უკან