მადრიდის „რეალის“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს Golden Boy-ს ჯილდო გადასცეს. მან პრიზი ტურინში დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაიბარა და კომენტარიც გააკეთა.
„ბედნიერი ვარ ამ ჯილდოს მიღებით. ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ ჩემი სტილი უნდა მქონოდა და განვითარებულიყავი. ჩემს კარიერაში დიდ ფეხბურთელებთან მომიწია თამაში, რომლებმაც გამზარდეს და მათგან ბევრი ვისწავლე. არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ, უბრალოდ ვცდილობ ყოველდღე გავიზარდო. მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ასეთ გუნდში ვთამაშობ“, - თქვა ბელინგემმა.
აქვე გეტყვით, რომ ეს არის პრიზი, რომელსაც 2003 წლიდან Tuttosport-ი გადასცემს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს (21 წლამდე), პრაქტიკულად „ოქროს ბურთის“ ანალოგი, ოღონდ ახალგაზრდა ფეხბურთელებში. ბელინგემმა გამოკითხული 50 ჟურნალისტიდან ხმების 97% მიიღო.
გარდა ამისა, ბელინგემი „რეალის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო. ხმების 97% აქამდე მხოლოდ კილიან მბაპეს ჰქონდა მიღებული 2017 წელს, მაგრამ მაშინ 30 ჟურნალისტი გამოკითხეს.