იტალიის სერია A-ს მეათე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონას“ უმასპინძლა, რომელიც ძალიან ადვილად, 99:70 დაამარცხა.
გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და ბოლონიელებმა პრობლემების გარეშე გაიმარჯვეს.
თორნიკე შენგელია ისევ საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 28 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რითაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.
„ვირტუს ბოლონია“ 8 მოგებით და 2 წაგებით სერია A-ს „ბრეშასთან“ ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 10 დეკემბერს, „ოლიმპია მილანოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.