ვანო სარაჯიშვილი

ვანო სარაჯიშვილი

ვანო სარაჯიშვილი ბედნიერია, რადგან მისგან მხოლოდ ტკბილი ჰანგები დაამახსოვრდება საქართველოს.

სიმღერით, ცეკვით და მუსიკით ადიდეთ თქვენ თქვენი ღმერთი, გვასწავლის ზარატუსტრა. ბედნიერია ის, ვინც სიმღერით ადიდებს თავის ღმერთს.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მთელი არსებით ტრანსცენდენტალ სამყაროში ცხოვრობს, რომელსაც სინამდვილის შეხება არა სჭირია არც კალმით, არც ყალმით, არც ჩაქუჩით, რადგან სინამდვილე ყოველ დიდ ხელოვანს სძულს.

ამ მხრით მომღერალს ყოველი დარგის ხელოვანი შურით შეჰყურებს. მომღერალი პირწმინდა რომანტიკოსად რჩება მაშინაც, როცა რომანტიკა შორეული დროის ზღაპრადაა გადაქცეული. არასოდეს სინამდვილეს ისეთი მკაცრი გამომეტყველება და აღნაგობა არ მიუღია, როგორც ჩვენს საუკუნეში. არც ერთ ეპოქაში ისეთი მძაფრი არტახები არ შემოჭდომია ადამიანის სულს, როგორც დღეს. მიტომაც ეგზომ გვიყვარს ჩვენ ეს მარად შეყვარებული ჭაბუკი - სარაჯიშვილი.

ქართული მუსიკალური კულტურის აღორძინება ვანო სარაჯიშვილიდან დაიწყო. აბესალომ და ეთერის პირველი დადგმა ნამდვილი ეპიფანიების დღესასწაული იყო ქართული მუსიკისათვის. ამ ეპიფანიების პირველი ქურუმი - ვანო სარაჯიშვილია.

ისტორიულად ქართული სული ცალმხრივად გამოცხადდა: ლექსში, ქანდაკებაში, მხატვრობაში და ხუროთ მოძღვრებაში. მეოცე საუკუნის ბჭეებთან ქართული მუსიკისა და სიმღერის კოლუმბებმაც მოაღწიეს. ჯერაც თვალგადუწვდენელია ქართველი ერის მუსიკალური გენია. ცხადია: ქართული გენია აქაც ძლიერად მოიქნევს. სარაჯიშვილი ამ გენიის უდიდესი მახარობელია, მისი პირგაბადრული ჰეროლდი.

საქართველოს სარაჯიშვილამდის მომღერალი არა ჰყოლია. წარსულში მას მრავალი მოზარე ჰყავდა, რადგან ძალოვანი გრიგალები ჰქროდნენ ჩვენს თავზე.

მიტომაც მუდამ მოსთქვამდნენ ქართველი პოეტები: გურამიშვილი და ბარათაშვილი, ილია და აკაკი, ვაჟა და კ. მაყაშვილი. ამიტომაც ქართული პოეზია ეს იყო მტირალი თვალი საქართველოსი. საქართველოს აკლდა დიდი მომღერალი და ვანო სარაჯიშვილი მოვიდა საქართველოში, როგორც ჭაბუკი ლოჰენგრინი ოცნებასავით თეთრი გედისგან გატაცებული.

არავის ეგონა, რომ საქართველო ისევე დიდია და მაღალი თავის სიმღერაში და სიხარულში, როგორიც თავის გლოვასა და მწუხარებაში.

ეს არავინ იცოდა, ვიდრე ვანო სარაჯიშვილი თავის აბრეშუმის ხმით არ გვიმღერებდა იმ საქართველოზე, რომელიც არასოდეს არ ყოფილა, რომელიც მერმისში უნდა იქნეს. - გახარებულ საქართველოზე.

ჩვენი თაობის უახლესი პაროლია: ქართული სულის რენესანსი. ამ ახალ საქართველოს ტკბილად მოღუღუნე ტრისტანი, ქართული რენესანსის პირგაბადრული იოჰანე მახარობელია - ვანო სარაჯიშვილი.

კონსტანტინე გამსახურდია

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას