საგარეო უწყებაში პრემიები უფრო „ადარდებთ“, ვიდრე სტრატეგიული გეგმა

საგარეო უწყებაში პრემიები უფრო „ადარდებთ“, ვიდრე სტრატეგიული გეგმა

[რუსიკო მუმლაძე]

საგარეო უწყების სტრატეგიულ გეგმას სახელმწიფო 4-ჯერ ნაკლები თანხით აფინანსებს, ვიდრე ამავე უწყების მაღალჩინოსანთა პრემიებს. არადა, გეგმაში  ჩაწერილია, რომ  სამინისტრომ ქვეყნისთვის უსაფრთხო იმიჯის შექმნაზე უნდა იზრუნოს. ამ დროს უცხოური პრესა ღიად წერს,  პრეზიდენტ სააკაშვილის წინდაუხედავი ნაბიჯები, რუსეთს ახალი პროვოკაციების საბაბს აძლევსო.

საინტერესოა, თუ საგარეო უწყებას არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს ქვეყნის პრეზიდენტის ქცევაზე, როცა საქმე საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, მაშინ  რაში იღებენ პრემიებს საგარეო უწყების მაღალჩინოსნები? და კიდევ, საერთოდ, რისთვის წერენ გეგმებს სამინისტროები, თუ მათი შესრულება-არშესრულება, მხოლოდ ერთი კაცის, თუნდაც პრეზიდენტის, ხასიათზეა დამოკიდებული და ის წყვეტს ყველაფერს ამ ქვეყანაში?

დღევანდელი სტატიის ძირითადი თემა საგარეო საქმეთა სამინისტროს 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმა და მისი პრიორიტეტები იქნება. ალბათ, საინტერესოა იმის გარკვევა, რამდენად ჭკვიანურ სტრატეგიებს იმუშავებენ ჩვენი დიპლომატები და რამდენად აყენებს ამ სტრატეგიების განხორციელებას ეჭქვეშ პრეზიდენტ სააკაშვილის „არაკონსტრუქციული“ ქმედებები.

მოკლედ, გეგმის თანახმად, საგარეო უწყებას ხუთი პრიორიტეტული მიმართულება გააჩნია: 1.უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, 2.საერთაშორისო სისტემაში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობა, 3.საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში, 4.საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და დიასპორასთან ურთიერთობების გაღმავება, 5.საქართველოს წარმოჩენა.

გეგმა 1 - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს...

მიმზიდველად ჟღერს - „.უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება“.  ამ პუნქტში დასახელებული სხვადასხვა ქვეპუნქტების შესრულების შემდეგ სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მოხდება  „ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და რეგიონში დემოკრატიის გავრცელების ხელშეწყობა“. ეს უწყება თავისივე გეგმაში ასევე აღნიშნავს, რომ ამ გლობალურ პროცესში უდიდესი როლი ენიჭებათ ქართულ დიპ.წარმომადგენლობებსაც.

მე კი, საზოგადოებას შევახსენებ, რომ ქართული დიპწარმომადგენლობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისია სწორედ ის გახლავთ, რომ საზღვარგარეთ  ქართული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას შეუწყონ ხელი.

 „2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ნიდერლანდებში, საქართველოს საელჩოში დამკვირვებლის სტატუსით ვიყავი მიწვეული. მინდა, გითხრათ, რომ ნიდერლანდებისა და ბელგიის საარჩევნო სიებში შეყვანილი ყავდათ ისეთი ამომრჩევლები, რომლებიც ფიზიკურად არ არსებობდნენ.

აქ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. საქმე ისაა, რომ ადრე ნიდერლანდებში საელჩო არ იყო და ეს ქვეყანა ბელგიიდან იფარებოდა. იქაც მარტო საკონსულო ფუნქციონირებდა და არა - საელჩო. საარჩევნოო სიები 1995, თუ 1996 წლების მიხედვით იყო შედგენილი. სიაში შეყვანილი იყვნენ ის  ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ბელგიის საკონსულოში იმყოფებოდნენ აღრიცხვაზე.  13-14 წლის შემდეგ სად წავიდნენ ეს ადამიანები, ვინმემ იცის? ან როგორ შეიძლებოდა, რომ მაშინდელი სიები 2008 წელსაც ზუსტი ყოფილიყო?

შესაბამისად, ამ ძველ სიებში იყვნენ ის ამომრჩევლებიც, რომელთაც ხმის მიცემის უფლება უკვე აღარ ჰქონდათ, რადგან ქვეყანა ძალიან დიდი ხნის წინ დატოვეს. საერთაშორისო კანონმდებლობით კი, პირს, რომელიც სამ წელზე მეტია თავის ქვეყანაში არ ცხოვრობს (ეს არ ეხებათ დიპლომატებსა და სხვადასხვა სფეროშო კონტრაქტით მომუშავე ადამიანებს), იურდიული უფლება არ აქვს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

უფრო მეტიც, საარჩევნო სიებში შეყვანილი ჰყავდათ არა მარტო ის ამომრჩევლები, რომლებიც ბელგიასა და ნიდერლანდებში აღარ ცხოვრებდნენ, არამედ - ისინიც, რომლებიც გარდაიცვალნენ. ახლა, მინდა, დასკვნა თავად გამოიტანოთ: თუ ვის, ან რას და რატომ ემსახურება დღევანდელი ქართული დიპლომატია“, - ამბობს „ნიდერლანდების ჰელსინკის კავშირის“  (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია) გენერალური მდივანი ირაკლი ურუმბეგაშვილი, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, იძულებით წავიდა საქართველოდან  და დღემდე ნიდერლანდებში ცხოვრობს.

ურუმბეგაშვილისა არ იყოს, მართლაც საკითხავია, ვის ემსახურება ქართული დიპლომატია - პრეზიდენტ სააკაშვილს, თუ იმ ქვეყანასა და ხალხს, რომლის პრეზიდენტიც ბრძანდება ვარდების რევოლუციის „მამამთავარი“? უფრო მეტიც, „ნიდერლანდების ჰელსინკის კავშირის“  გენერალური მდივნის მონაყოლის შემდეგ, რომელ დემოკრატიის განვითარებაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუნდაც მხოლოდ ამ კონკრეტულ მიმართულებას თუ განვიხილავთ?

ახლა კი, ვნახოთ, სხვა „მისიებს“ როგორ ასრულებენ ჩვენი საგარეო უწყების წარმომადგენლები და საერთოდ - „ნაციონალი“ მმართველები.

გეგმა კი არა, მთავარია - პრემია....

2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა ასეთია: 2010 წელი - 84 ათას 240  ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან, 2011-ში 92 ათას 658  ლარს მიიღებს ეს უწყება, 2012-ში - 101 ათას 916 ლარს, ხოლო 2013 წელს თანხები იზრდება და 112 ათას 107  ლარით დაფინანსდება სამინისტრო.

საინტერესოა, ალბათ, ასეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების დაფინანსების პარალელურად, რა თანხებს იღებენ პრემიების სახით ამ უწყების მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წელს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ პრემიის სახით მიიღო 35 400 ლარი. სამი ათასი ლარით ნაკლები მიიღო მისმა პირველმა მოადგილემ, გიგა ბოკერიამ (32 450); დანარჩენმა ხუთმა მოადგილემ კი - 118 ათას 160 ლარი, 17 დეპარტამენტის დირექტორმა კი - 202 ათას 257 ლარი. საერთო ჯამში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა 2010 წელს პრემიის სახით მიიღეს 388 ათას 267 ლარი.

ფაქტია, 2010 წელს სტრატეგიული გეგმის განხორციელებისთვის უფრო ნაკლები თანხები მიიღო ბიუჯეტიდან  სამინისტრომ, ვიდრე - მინისტრმა და მისმა ქვეშევრდომებმა პრემიებში. უფრო მეტიც  - გეგმის განხორციელებაზე, რომელზეც მთელი საქართველოსა და 1 მილიონზე ბევრად მეტი ემიგრანტის ბედია დამოკიდებული, თითქმის - 4-ჯერ ნაკლები თანხები გამოყვეს, ვიდრე სამინისტროს 25-მდე მაღალჩინოსნის დასაჯილდოებლად. საკითხავი აქ ისაა, როდემდე აპირებს სახელმწიფო ამ ფარსის გაგრძელებას?

არადა, რა გასაკვირია, რომ ამ ფონზე  სახელმწიფომ, სომალელი მეკობრეებისგან ქართველი მეზღვაურების დასახსნელად, თანხები ვერ მოიძია... თუმცა, აქ საკითხავი ისაა, ვინმე ეძებს თუ არა ამ თანხებს? ორ-ორი თვის ხელფასი, თუ პრემია ჯერ მარტო საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს რომ ჩაერიცხათ მეზღვაურთა დასხნისთვის შექმნილ ანგარიშზე და მათთვის მიებაძათ დანარჩენ სამინისტროებს, წესით, ურიგო არ იქნებოდა.

ისე, მეზღვაურები რაღა მოსატანია აქ, როცა ფაქტია, პრემიების გამოწერისა და სტრატეგიული გეგმის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტის შედგენის დროს ამ უწყების წარმომადგენლები უფრო გულდასმით „პირველ პროექტზე“ მუშაობდნენ...

გეგმა 2 - სავიზო ფარსი ხალხისთვის...

დავუბრუნდეთ ისევ გეგმას. შეგახსენებთ, რომ მისი მეორე და მესამე სტრატეგიული მიმართულებები ასეთია - „საერთაშორისო სისტემაში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობა“ და „საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში“. ორივე მიმართულების განხილვისას, გეგმის „შემქმნელები“ ხშირად აკეთებენ აქცენტს რუსეთსა და ახალ საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს  შეიძლება, დაემუქროს.

სამინისტროში მტკიცედ აქვთ „დაგეგმილი“, რომ საქართველომ საერთაშორისო არენაზე უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი უნდა დაიმკვიდროს. „დამგეგმავები“ ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთთან უნდა მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზება, რა თქმა უნდა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ამოცანების განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტორებად კი გეგმაში - „რეგიონალური კონფლიქტები“ და „რუსეთის დესტრუქციული როლი“ სახელდება.

ახლა კი, ვნახოთ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ როგორ იმკვიდრებს  უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს “საშიში ქვეყნების სიაში“ შეტანილი საქართველო. მაგალითად, იანვრიდან ირანთან სავიზო მიმოსვლა გაუქმდა და ბევრი პოლიტიკოსის შეფასებით, ამ პროცესს უფრო მეტი ნეგატიური შედეგი ექნება, ვიდრე - დადებითი. მათი აზრით, ირანიდან საქართველოში შემომსვლელი „საეჭვო პირი“ ბევრად მეტი აღმოჩნდება, ვიდრე საქართველოდან ირანში გამსვლელი, თუნდაც - „რიგითი“ არასაეჭვო მოქალაქე.

ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, სალომე ზურაბიშვილს თუ ვერწმუნებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ საქართველოს პრეზიდენტს სერიოზული საყვედური უთხრა ირანთან საეჭვო დაახლოების გამო. თუმცა, ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური“ სატელევიზიო არხები ხშირად აშუქებდნენ ირანისა და საქართველოს საგარეო უწყებების მაღალჩინოსნების პირისპირ შეხვედრებსაც. შესაბამისად, მივიღეთ კიდეც უვიზო მიმოსვლა ირანთან.

ეს მაშინ, როცა ქვეყანა ევროპასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სანაცვლოდ, საკუთარი ემიგრანტების „რეადმისიას“ განახორციელებს და იმ ქვეყანაში დააბრუნებს, სადაც სამუშაო ადგილები არ არსებობს.  ამ თემაზე წინა სტატიაში უკვე ვისაუბრეთ  და  დეტალურად აღარ განვიხილავთ.

დავუბრუნდეთ ჩვენს „უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს“ და რუსეთს. საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთკავკასიის ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტები არიან, უვიზო მიმოსვლის შესახებ აუწყა მსოფლიოს. ეს ფაქტი მაშინვე გახდა დიდი სჯა-ბაასის საგანი. პოლიტიკოსთა და ექსპერტთა უმრავლესობა სააკაშვილის ამ გადაწყვეტლებას მორიგ წინდაუხედავ ნაბიჯად აფასებდა.

თავად სააკაშვილმა კი, პირველ არხზე გამართულ ტელედებატებში, თავისი გადაწყვეტილების „გასამართლებლად“ განაცხადა, რომ გამშვები პუნქტი აღჭურვილია ყველა სახის საჭირო აპარატურით და დღემდე იქ საეჭვო არაფერი მომხდარაო. პრინციპში, თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება, რომ ეს გზა შეიძლება, ნარკოტრასად, ანდა იარაღის მოძრაობის „ლეგალურ“ მარშრუტად იქცეს,  პრეზიდენტის ლოგიკა ამ შემთხვევაშიც რკინისაა: მან ხომ თქვა, ეს საგუშაგო რომ არ გაგვეხსნა, თუ ვინმეს საქართველოში შემოსვლა, ანდა რამის შემოტანა უნდოდა, ისე ვერ შემოვიდოდაო? პრინციპში, მართალია - საქართველოს საზღვრები ხომ  მოფარღალავებულია?...

ისე, ამ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკური მხარე რომაა დამაინტრიგებელი და საშიში, ამაზე იმდენი დაიწერა, სალაპარაკოდაც „აღარ ღირს“. გაბრაზდება რუსეთი და გაბრაზდეს... ჩვენ ხომ ისედაც კარგად ვართ დახელოვნებულები დათვებზე პოლიტიკურ „ნადირობაში“.

ამასობაში, სააგენტო „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თჰე Aმერიცან ჩონსერვატივე გამოაქვეყნა სტატია,  სათაურით - „სააკაშვილის წინდაუხედავი ნაბიჯები“. სტატიის ავტორი დენიელ რალისონი სააკაშვილის უგუნურების მაგალითად ჩვენი პრეზიდენტის მიერ თჰე Iნდეპენდენტ-თან გაკეთებულ განცხადებას ასახელებს, სადაც სააკაშვილი ამბობს: "მოსკოვის აეროპორტში თვითმკვლელი ტერორისტის მოწყობილი აფეთქება, ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული პოლიტიკისთვის გადახდილი "სამაგიერო" იყო“.

ავტორის თქმით, სააკაშვილმა ეს განცხადება ჩრდილოეთკავკასიის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმებიდან რამდენიმე თვეში გააკეთა და ამ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაც აშაკარად „პროვოკაციას ჰგავდა“.

რალისონი წერს: "სააკაშვილის უხეში განცხადება, თითქოს, საგანგებოდ იმისკენაა მიმართული, რომ მოსკოვს გაუჩნდეს საბაბი, კიდევ უფრო გააუარესოს საქართველოსთან ურთიერთობა და თბილისთან მიმართებაში კიდევ უფრო ნაკლებად მოქნილად იმოქმედოს... გონიერ მეთაურს იმის ჭკუა მაინც უნდა ჰქონოდა, რომ მოსკოვის პროვოცირება არ მოეხდინა იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი ტერორისტების სისასტიკეზე რეაგირებისთვის ემზადება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სააკაშვილის წინდაუხედაობასა და უპასუხისმგებლობას. მფარველობა და მხარდაჭერა, რომელსაც მას აშშ უწევს, სახიფათოა ჩვენთვისაც და საქართველოსთვისაც".

ამასაც ქართველი ჟურნალისტები  წერენ? ფაქტია, ეს ხელისუფლება ბევრ პატარ-პატარა ნაღმს დებს რუსულ-ქართულ „ურთიერთობებში“, მიუხედავად იმისა, რომ გეგმებში ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბრობს. იმედია,  უსაფრთხოების უზრუნველჰყოფის ნაცვლად, იქამდე არ მიიყვანს საქმეს „ნაცმოძრაობა“, რომ აქ დარჩენის სურვილი მართლა აღარავის ჰქონდეს.. ხელისუფლების საყურადღებოდ კი, ესიც უნდა ითქვას: თუ ეს ქვეყანა აღარ იქნება, ბატონებო, თქვენც არავინ დაგირიგებთ მაღალ პრემიებს...

აი, ასე სრულდება საგრეო უწყების 2010-2013 წლების სტრატეგიული გეგმა ქვეყნის უსაფრთხოებისა, თუ დემოკრატიის გაძლიერების  საკითხებში. ამ თემასთან დაკავშირებით, კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა, მაგრამ ერთ სტატიაში ყველაფერს ვერ ჩაატევ... შემდეგ სტატიაში კი, ვრცლად ვისაუბრებთ გეგმის მე-4 პრიორიტეტული მიმართულების შესახებ, ანუ იმაზე, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო (ამ შემთხვევაში საგარეო უწყების სახით) ემიგრანტებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე და რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს თავისი სამოქმედო გეგმით დასახულ მიზნებს.

ირაკლი ურუმბეგაშვილი: „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკანონოდ, თუ კანონიერად დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ცინიკურად ექცევიან, ილახება მათი უფლებები. ზოგიერთი მათგანი გაუსაძლის პირობებშია, ქართული საელჩოებისა, თუ საკონსულოების მხრიდან კი რეაგირება არ ხდება. ამის მიზეზი, იქ დასაქმებული კადრების უცოდინრობა, არაადამიანობა, არაკაცთმოყვარეობა და არაპროფესიონალიზმია.

იმასაც მოგახსენებთ, რომ თითქმის ყველა საელჩო, თუ საკონსულო ფორმალურად არსებობს. ერთი მაგალითი მაინც მოიყვანოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თუ ვის დაეხმარა, ან რა დიპლომატიური მისია შეასრულა ამა თუ იმ დიპკორპუსმა, ასეთი რამ რეალობაში არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ დიპკორპუსის წარმომადგენლები, რომელთაც საზღვარგარეთ სამუშაო ადგილები ნაცნობობითა და ნათესაობით ერგოთ“.

არადა, სამინისტროში ფიქრობენ, რომ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე ზრუნვის უკეთ განსახორციელებლად,  ახალი დიპწარმომადგენლობების გახსნაა საჭირო... ემიგრანტები კი, პირიქით, ამბობენ, რომ არცერთი საელჩო თუ საკონსულო არ იკლავს თავს უცხოეთში „გახიზნულ“ თანანემამულეებზე ზრუნვით და ახალი დიპდაწესებულებებიც არა - ხალხისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის საინტერესო ახალი გეგმების განხორციელებისთვის იქმნება (მაგალითად - ბურების ჩამოსახლება საქართველოში).