ეროვნულმა ბანკმა ორი მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მიიღო, რამაც რამდენიმე მიმართულებით უნდა მოიტანოს დადებითი შედეგი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებში ერთ წლამდე ვადით მოზიდული სავალუტო სახსრების სარეზერვო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 2019 წლის ოქტომბრიდან გუშინ დღემდე სარეზერვო განაკვეთი 25%-ს შეადგენდა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა ეს განაკვეთი დამატებით 5%-ით - 20%-მდე შეამცირა. სებ-ის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ბანკების ლიკვიდობის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს და ქვეყნის ეკონომიკას ახალ საკრედიტო რესურსს მიაწვდის.
კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, სებ-მა შეცვალა გრაფიკი, რომელშიც ბანკებს კონტრციკლური ბუფერი 1%-იან დონეზე უნდა შეევსოთ. მიმდინარე წლის მარტში განისაზღვრა, რომ ერთწლიან პერიოდში ბანკებს ეს მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინათ, თუმცა ახალი გრაფიკით, სარეზერვო მოთხოვნის 1%-მდე შევსების ვადა 2027 წლის 15 მარტისთვის უნდა მოხდეს.
შეცვლილი გრაფიკით კი კომერციულ ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25%, 2025 წლის 15 მარტისთვის -0.5%, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75%, 2027 წლის 15მარტისთვის - 1%.
„აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება დამატებითი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში და გაუჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის, რაც ფინანსურ სექტორზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს და შედეგად, გააუმჯობესებს წვდომას ფინანსებზე“, - წერია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.
საინტერესოა, რას მოუტანს კომერციულ ბანკების სებ-ის შემუშავებული ცვლილებები? საქართველოს საბანკო ასოციაცია სებ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება. მიაჩნიათ, რომ კონტრციკლური ბუფერის ეტაპობრივი დაგროვება და უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარის შემცირება საბანკო სექტორზე დადებითად აისახება.
„ამით იზრდება ბანკების ლიკვიდობა და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონტრციკლური ბუფერი შემდეგი 3 წლის განმავლობაში შეივსება და არა ერთბაშად, ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნებოდა საბანკო სისტემისთვის.
უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმის შემცირება კი კიდევ ერთხელ შეამსუბუქებს წნეხს იმ მოზიდულ უცხოურ ვალუტაზე, რომელიც საბანკო სისტემას აქვს დღევანდელი მდგომარეობით“, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ და დასძინა, რომ მიღებულმა ცვლილებებმა სამომავლო გადაწყვეტილებების მოლოდინიც შექმნა.
სებ-ის გადაწვეტილებას დადებითად აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაც, სადაც მიიჩნევენ, რომ უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 25%-იდან 20%-მდე შემცირება ნიშნავს იმას, რომ უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გარკვეულწილად უნდა შემსუბუქდეს. საბანკო სისტემაში ლიკვიდურობის ზრდა, სავარაუდოდ, ასევე გააუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ბიზნეს ოპერატორების ეფექტიანი საქმიანობისთვის.
„ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე. ლარი კი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ბარომეტრი და მისი სიმყარე და სტაბილურობა გავლენას ახდენს მოხმარებაზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკური აგენტების განწყობებსა, მოლოდინებსა და აქტივობაზე, ინფლაციაზე და სხვა.
ლარის კურსის სიმყარე და სტაბილურობა ასევე საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს დამატებით შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი, რაც ბიზნეს სუბიექტებისთვის ლარშიც საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს. აღნიშნული კი, გადაჭარბების გარეშე, უმნიშვნელოვანესია და ეს განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როგორც ზემოთაც ითქვა, გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში.
პოზიტიურია ასევე გადაწყვეტილება კონტრციკლური ბუფერის დაგროვების განწილვადებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკრედიტება არ იქნება შეზღუდული მომავალ წელს და ხელი შეეწყობა ეკონომიკის ჯანსაღ და დინამიურ ზრდას. ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემა ძლიერი და მდგრადია და ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ხელშესახები არგუმენტი დაკრედიტების რაიმე გზით შეზღუდვის კუთხით“, - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას აფასებენ ანალიტიკოსებიც. „გალტ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსის ლაშა ქავთარაძის შეფასებით, კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარის 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირება, გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა დაეხმარება კომერციულ ბანკებს, რომ უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემსუბუქდეს.
„იმ ფონზე, როდესაც აშშ-სა და ევროკავშირში საპროცენტო განაკვეთები იზრდება და ეს გადმოეცემა ჩვენს საბანკო სექტორსაც, მიღებული გადაწყვეტილებები ლარის კურსის სტაბილურობასაც დაუჭერს მხარს და ეროვნულ ვალუტაზე დადებითად იმოქმედებს. ლარის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამას სხვა ფაქტორებზე ინვესტიციებზე, მოხმარებაზე, ინფლაციაზე აქვს პოზიტიური გავლენა. თუ ლარის კურსი სტაბილური იქნება, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს“ - განაცხადა ქავთარაძემ.
რაც შეეხება კონტრციკლური ბუფერის გადანაწილებას, ესეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან საბანკო სექტორზე წნეხი შემსუბუქდება.
„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარედ კომერციულ ბანკებს აქვთ ეს ბუფერები, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ დაკრედიტება არ იყოს შეზღუდული 2024 წლისთვის, რაც მხარს დაუჭერს ეკონომიკის ჯანსაღ ზრდას. სებ-მა ბანკებს საშუალება მისცა, რომ 2027 წლამდე ნეიტრალური ბუფერი შეავსონ. იწყება 0,25%-ით და ადის 1%-მდე. მთლიანობაში ცენტრალური ბანკის ორივე გადაწყვეტილება არის პოზიტიური იმ კუთხით, რომ დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე და შესაბამისად ეკონომიკურ აქტივობაზე“, - აღნიშნა ქავთარაძემ.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაიაც დადებითად აფასებს. მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება, რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა ლარის გამყარების მიმართულებითაც.
„ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია სავალდებულო რეზერვების ნორმის შემცირება. სებ-ის არგუმენტები მისაღებია, ვინაიდან გლობალურ დონეზე გაზრდილია განაკვეთები. გადაწყვეტილება ლარის კურსთან მიმართებაშიც პოზიტიურია, ვფიქრობ, ლარიზაციის ღონისძიებებთან ერთად საკმაოდ ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, რაც საბოლოოდ კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს“, - განმარტა ნადარაიამ.