„ღარიბაშვილის ნათქვამი - უკრაინაში ომი სწორედ ნატოსკენ სწრაფვამ გამოიწვია, ძალიან მოხვდათ გულზე და ახლა იგივეს თავად უკრაინელი პოლიტიკოსები არ ამბობენ?!“

„ღარიბაშვილის ნათქვამი - უკრაინაში ომი სწორედ ნატოსკენ სწრაფვამ გამოიწვია, ძალიან მოხვდათ გულზე და ახლა იგივეს თავად უკრაინელი პოლიტიკოსები არ ამბობენ?!“

შეეძლო თუ არა უკრაინას ომის თავიდან არიდება? - ეს კითხვა უკრაინელ პოლიტიკოსებს ომის 2 წლის თავზე გაუჩნდათ და დასავლეთს ღია ბრალდებებს უყენებენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი გავლენიანი თანამშრომელი და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინის გაწირვა გეოპოლიტიკური მიზნით მოხდა. არესტოვიჩის თქმით, 2-წლიანმა ომმა დაადასტურა, რომ მოკავშირეების სტრატეგიული მიზანი სწორედ ეს იყო. უკრაინის პრეზიდენტის უახლოესი წრის ყოფილმა წარმომადგენელმა სტამბოლის მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ომის შეჩერება, ნატოზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო.

ამასთან, უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ 25 ნოემბერს განაცხადა, რომ ზელენსკის რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა ბორის ჯონსონმა ურჩია, რომელიც კიევში რუსეთ-უკრაინის სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა.

„როცა სტამბოლიდან დავბრუნდით, კიევში ჩამოვიდა ბორის ჯონსონი და თქვა, რომ ჩვენ მათთან საერთოდ არაფერს მოვაწერთ ხელს და მოდით, უბრალოდ, ვიომოთ“, – აღნიშნა არახამიამ.

არესტოვიჩის განცხადებას აღიარება უწოდეს „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა. კანონმდებლების თქმით, მისმა სიტყვებმა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული, სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ალექსეი არესტოვიჩის შეცვლილმა რიტორიკამ მის მიმართ ქართული ოპოზიციის დამოკიდებულებაც შეცვალა. თუ რამდენიმე თვის წინ ის ოპოზიციონერებისთვის სანდო პერსონა და მეომარი ქვეყნის ერთ-ერთი ღირსეული ლიდერი იყო, დღეს რუსული ინტერესების გამტარებლად იქცა. ხელისუფლების ოპონენტებმა ისიც კი თქვეს, რომ არესტოვიჩი სიმულაციურ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

არესტოვიჩის პოლიტიკურ გარდასახვაზე მეტად, მმართველი გუნდისთვის კითხვებს მის მიმართ ოპოზიციის შეცვლილი დამოკიდებულებები აჩენს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე სწორი პოლიტიკა გაატარა, რამაც ქვეყანას სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მისცა. უკრაინელი პოლიტიკოსების დასავლეთთან დაპირისპირება კი მმართველი გუნდისთვის ოფიციალური კიევის შიდა პოლიტიკური საქმეა.

„პრაქტიკულად, არესტოვიჩმა „ხალხის ძალის“ განცხადებები წაიკითხა, სადაც ვამბობდით, რომ, სამწუხაროდ, უცხოურ ძალებს ფრონტი სურდათ და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თურმე უკრაინაშიც. ეს ყველაფერი არესტოვიჩმა დაადასტურა და თქვა, რომ 300 ათასი უკრაინელია დაღუპული, ტერიტორიებია მიტაცებული, გაურკვეველია მომავალი და თურმე ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რომელიღაც ქვეყანას უკრაინის ხარჯზე საკუთარი ინტერესების გატარება სურდა. ეს არის არესტოვიჩის განცხადება, რომელიც თავის დროზე მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდებდა და, როგორც ჩანს, ახლა გონება გაუნათდა. რამდენიმე დღის წინ, არახამიას ინტერვიუ იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სტამბოლის შეთანხმება იყო რეალური და კარგი იქნებოდა უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღე გავა და ამ ყოფილ მაღალჩინოსნებს უკრაინაში კიდევ მიემატებიან სხვები, რომლებიც დაინახავენ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს უკრაინა უცხოურმა ძალებმა“, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბრატისლავაში გამართულ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი, ძირითადად, გამოიწვია ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვამ, რის გამოც, მას ქვეყნის შიგნით და გარეთ რისხვა დაატეხეს და ახლა, ზუსტად იგივეს არესტოვიჩი და არახამია ამბობენ.

„ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი რომ ძალიან დიდად მოხვდათ გულზე, ახლა იგივეს თავად უკრაინელი პოლიტიკოსები არ ამბობენ? ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ომი სწორედ ნატოსკენ სწრაფვამ გამოიწვია. სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი უკრაინისგან ითხოვდა, რომ ნეტრალური სტატუსი გაფორმებულიყო და ვალდებულებები აეღო, რომ არ გაწევრიანდებოდა ნატოს ბლოკში. დანარჩენი კი ბორის ჯონსონს გადააბრალეს, რომელიც თითქოს ჩამოვიდა, თითი დაუქნია უკრაინის ხელისუფლებას და უთხრა, რომ ხელი რუსეთს არაფერზე მოუწეროთო და იომეთო. კი, მაგრამ, ეს არგუმენტი ძალიან უსუსურია. ამხელა სახელმწიფო ბორის ჯონსონის ჭკუაზე დადიოდა? უკრაინას თავისი სუვერენული გადაწყვეტილების უფლება წართმეული ჰქონდა? ახლა ეს განცხადებები, მე მგონი შემთხვევითი არ არის. ადრე ისინი ასეთი განცხადებების უფლებას არ მისცემდნენ თავს, როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებაში რაღაც პროცესები მწიფდება. თუმცა რა, ამას 2024 წელს გავიგებთ, როცა ვნახავთ, უკრაინის დახმარების პაკეტი ნატოს და ევროკავშირის წევრების მხრიდან როგორი იქნება“,-ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, თუ ეს დახმარების პაკეტი, სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა შენარჩუნდა და გაიზარდა კიდეც, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი კიდევ ერთხელ შეეცდება, უკრაინის მეშვეობით რუსეთის დამარცხებას. ხოლო, თუ ეს დახმარების პაკეტი იმაზე მცირე იქნება, ვიდრე უკრაინას აქამდე ეძლეოდა, ეს შეიძლება იმის ინდიკატორი იყოს, რომ დასავლეთი ცდილობს უკრაინას უბიძგოს იმისკენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

„რაც შეეხება ვოლოდიმერ ზელენსკის არესტოვიჩით ჩანაცვლების ვარაუდს, ჯერჯერობით, არ ვიცი რამდენად არის არესტოვიჩის ფიგურა მიღებული დასავლეთისთვის. თუ უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდა, ზელენსკის ჩანაცვლება გაჭირდება და წარმოუდგენელი იქნება. როგორც ვიცი, ზელენსკი არ აპირებს არჩევნების ომის პერიოდში დანიშვნას, მას ამაში დასავლეთიც დაეთანხმა.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ბრძოლის ველზე მოვლენები როგორ განვითარდება. თუ ფრონტის ხაზზე უკრაინას წარმატება ექნება, მაშინ ზელენსკის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაუხანგრძლივდება. თუ, დავუშვათ, მოხდა ისე, რომ უკრაინის მიერ სერიოზული წარმატება ვერ იქნა მიღწეული, ეს ზელენსკის შანსებს ხელისუფლებაში ყოფნისას შეამცირებს“,-ამბობს ანჯაფარიძე.