ლეგენდარული როკ ბენდი KISS ნიუ-იორკს „იღებს“. ამ კვირაში ბენდი მსოფლიო ტურის ფინალურ კონცერტს მედისონ სქუეარ გარდენზე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას PageSix ავრცელებს.
Kiss-ის ბრენდირებული ღონისძიებები და სხვადასხვა აქტივობები ნიუ-იორკში რამდენიმე დღე გაგრძელდება, მათ შორის გაიცემა გაზეთ New York Post-ის სპეციალური გამოცემებიც.
ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ბენდის წარმომადგენლები Kiss-ის კოსტიუმებითა და მაკიაჟით გაზეთის ასლებს თაიმს სქვერზე, ემფაიარ სთეით ბილდინგსა და მედისონ სქუეარ გარდენზე დაარიგებენ.
როკ ჯგუფი ნიუ-იორკში ორ კონცერტს 1 და 2 დეკემბერს გამართავს. როგორც ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, ეს Kiss-ის უკანასკნელი ლაივ კონცერტები იქნება.
Kiss 1973 წელს სწორედ ნიუ-იორკში დაარსდა და 50 წლის შემდეგ იმავე ქალაქში ასრულებს მოღვაწეობას.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს ბოლო შოუს მედისონ სქუეარ გარდენზე გავმართავთ, რადგან ბენდი 50 წლის წინ სწორედ ნიუ-იორკში დაარსდა. მადლობელი ვართ ჩვენი დიდი მემკვიდრეობისა და ჩვენი ფანების არმიისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ბენდის წევრებმა სიმონსმა, სტენლიმ, თეიერმა და ზინგერმა გაავრცელეს.