„ქართული ქელეხი საშინელი გადმონაშთია, ნერვებს მიშლის!

„ქართული ქელეხი საშინელი გადმონაშთია, ნერვებს მიშლის!"

ანსამბლ „ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი, რომლის ხელშიც ბევრმა თაობამ გაიარა, თვლის, რომ ახალგაზრდობა ცომივით არის, როგორიც გინდა, ისეთს გამოძერწავ.

კეთილშობილი იდეალების და ეროვნული ღირებულებების დაკარგვას ბატონი ჯემალი მსოფლიოში სულ ხუთ–ექვს გლობალისტს და ქართველების უტვინობას აბრალებს, რომლებიც ყველაფერ უცხოურს წამში აიკრავენ ხოლმე და საკუთარს, მშობლიურს ივიწყებენ.

ბატონო ჯემალ, თქვენი და დღევანდელი თაობა რომ შევადაროთ ერთმანეთს, ბევრ დანაკარგს აღმოვაჩენთ?

– ასე ცალსახად და ხაზგასმით ვერ ვიტყვი, რამე დაიკარგა თუ მოემატა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ თაობათა შორის ბრძოლა ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. ახალგაზრდებმა ერთი რამ უნდა გაიგონ, რომ მათ თავიანთი გზები აქვთ ცხოვრებაში, რომელსაც მიჰყვებიან, მაგრამ უნდა შეძლონ ძველისა და ახლის, ტრადიციისა და თანამედროვეობის ერთმანეთში შერწყმა. დღეს მამათა და შვილთა ბრძოლა გაცილებით მწვავეა, ვიდრე ჩემს დროს იყო. უწინ მამაჩემს რასაც არ ვუჯერებდი, 40 წლის მერე მივხვდი, რომ ყველაფერში ასი პროცენტით მართალი იყო. ახლა ვნანობ, ასე რომ ვიქცეოდი.

რომელი ქართული ტრადიცია არის თქვენთვის მიუღებელი?

– მე, პირადად, ნერვებს მიშლის ქართული ქელეხი. ეს არის საშინელი გადმონაშთი. იცით, ქელეხებზე რა ხდება? აღარავის ახსოვს მიცვალებული. სუფრა ღრეობაში გადადის. ნასვამ კაცს კი პასუხს ვერ მოსთხოვ. ქელეხში იწყებენ ამ მიცვალებულის ქება–დიდებას. მაგალითად, კაცს ჩაქუჩი რომ არ დაურტყამს ლურსმანზე, სუფრაზე მასზე იტყვიან, ამისთანა დურგალი ქვეყანაზე არ დადიოდაო. ვიღაცა ადგება და იკითხავს, კი მაგრამ, დურგალი როდის იყოო და პასუხია, შენ არ იცი, ჩემთან იყო ხოლმეო.

ქელეხში ღრეობაა სამარცხვინო და ჩვეულებრივ სუფრაზე – არა?

– სუფრის ტრადიციის უდიდეს ღირებულებად მიმაჩნია თამადობის ინსტიტუტი. ეს ულამაზესი და ჭკვიანური ტრადიციაა. სუფრა, პირველ რიგში, იმ ადამიანების საკრებულოა, ვისაც ერთმანეთი უყვართ და ვინც ერთმანეთს პატივს სცემს. სუფრას აქვს თავისი წესები, რომლებიც მერე ქვეწესებად იყოფა. ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მოსმენა – ეს არის ქართული სუფრა. თუ ვინმესთვის სუფრა ღრეობასთან ასოცირდება, ჯობია, საერთოდ არ გაშალოს. სუფრაზე არსებობს გარკვეული წეს–კანონები. მე არ მესმის ფურცელზე ჩამოწერილი სადღეგრძელოები. ეს დიდი სისულელეა. მე მინახავს თამადა ერთ ქორწილში და იგივე თამადა სხვა ქორწილში, მაგრამ ვერაფერი განსხვავება ვერ ვუპოვე, აბსოლუტურად ერთფეროვანი იყო.

თქვენ როგორი თამადა ხართ?

– საკუთარ თავზე ლაპარაკი მიჭირს. მგონი, „არა უშავს" თამადა ვარ. სუფრაზე ადამიანები მოსალხენად იკრიბებიან. „სმა უმღერალი არ ვარგა, ვაჟკაცი დაუთმობელი" – ეს სიტყვები ზოგს ესმის, როგორც ვაჟკაცი დაუთრობელი, არადა დაუთმობელია. აბა, დაუთრობელი კაცი უბრალოდ დებილი და გიჟია. ანდა: „პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ, სიმღერას არ იტყვიანო, არ ვიცი, ვინმეს გლოვობენ, არ ვიცი, არ იციანო". დაახლოებით ეს არის ქართული სუფრის ძირითადი პრინციპები.

თაობათა შორის ბრძოლა ახსენეთ. კონკრეტულად თქვენ რა შენიშვნები გაქვთ დღევანდელ თაობასთან?

– ინდივიდუალურობის არქონა, სამშობლოსადმი თავის არდადება, მათი უზრდელობა... ვინც ტესტებში ჩაწერა, რომ ფეხმძიმე ქალს ადგილი არ უნდა დაუთმო, ის სამშობლოს მტერია. ასეთი რამ არ დამკვიდრდება საქართველოში, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, გადავშენდებით. მშობიარე, ფეხმძიმე ქალი ანგელოზია და, თუ საჭირო გახდება, მის წინაშე უნდა დავიჩოქოთ კიდეც. ახალგაზრდობა ცომს ჰგავს. ადვილად დაიმორჩილებ და გამოძერწავ, ყურს საითაც გინდა, იქით გაუკეთებ. ბავშვი როგორ გარემოშიც გაიზრდება, ისეთი იქნება მომავალშიც. ახალგაზრდებს სხვანაირი შეხედულებები, აზროვნება და ხედვა აქვთ. შეიძლება შეცდნენ კიდეც, მაგრამ ჩვენ უნიჭიერესი ახალგაზრდობა გვყავს. უბრალოდ მათ უნდა იცოდნენ, საით წარმართონ ეს ნიჭი და როგორ გამოიყენონ. ვინც იტყვის, რა დროს ჩოხააო, იმას პიჯაკზეც არ აქვს წარმოდგენა.

ბევრი ახალი ტენდენცია შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. არსებობენ ძალად მინისტრი ქალები, ძალად პოლიციის უფროსი ქალები, ძალად მკლავჭიდელი ქალები. არც ძალად დიასახლისები ვარგა. მაგალითად, ჩემი შვილიშვილებიდან ზოგი კარგი დიასახლისია, ზოგს კი თეფშის დაჭერა არ შეუძლია, ხელიდან უვარდებათ. არ მომწონს, ახალგაზრდა თაობამ ქართულ ენაში უცხო სიტყვები რომ დაამკვიდრა. რატომ უნდა ვთქვათ კასტინგი, როცა არსებობს სიტყვა შერჩევა? ან ამგვარი სხვა სიტყვები... ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი კულტურა გვაქვს. კულტურაა სიმინდის მოთოხნა, კულტურაა შეშის დაპობა, კულტურაა ქალთან ურთიერთობა... მარტო ცეკვა, სიმღერა და თეატრი კი არ არის კულტურა.

ქალთან ურთიერთობა ახსენეთ. იმასაც ამბობენ, ქალის პატივისცემა დაიკარგაო. თქვენ რა აზრი გაქვთ ამაზე?

– კი, გვაბრალებენ, ქალის პატივისცემა დაიკარგაო, მაგრამ ქალისადმი პატივისცემას როგორ დაკარგავს ქართველი კაცი?! ხომ არ გვავიწყდება, რომ ქალი მეფე გვყავდა ქართველებს! თუმცა დღევანდელი ქალები ბევრს ინდომებენ. რამდენადაც ძლიერია ქალი, იმდენად სუსტი და უსუსურია. ქალი ფეხბურთს კი თამაშობს, მაგრამ კაცივით ვერასოდეს ითამაშებს, კაცივით მოკრივე ვერასოდეს იქნება და რად უნდა მუშტების ბრაგაბრუგი? მაგრამ თუ მაინც უნდა, ესეც ინდივიდუალურია და მე ვერ გავამტყუვნებ.

ჩემს ახალგაზრდობაში რუსთაველზე „ბირჟა" გვქონდა. სხვა „ბირჟებიც" იყო, პლეხანოვის და სხვადასხვა უბნის. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ხოლმე. დანიანი კაცი ჩვენ გვერდით არ დადიოდა. თუ ვინმეს დანა ედო ჯიბეში და ჩვენთან მოვიდოდა, ისე დავხვდებოდით, რომ თავი უცხოდ ეგრძნო. ჩხუბის დროს მუშტების მეტს არაფერს ვიყენებდით. იყო მომენტები, როცა ჩვენი ჯგუფის რომელიმე წევრი დარჩებოდა მარტო ან შორი გზა ჰქონდა გასავლელი, არადა მას შეიძლებოდა ვინმე დახვედროდა. ასეთ დროს არაერთხელ მინახავს, ბიჭი ქუჩაში გამვლელ გოგოს ეტყოდა, ათი ნაბიჯი ერთად გავიაროთ, ვითომ მე და შენ ერთად მივდივართო. როცა გოგოსთან ერთად ნახავდნენ, ვინ გაეკარებოდა, ვინ იკადრებდა ამ დროს რამეს?! ახლა ეს ყველაფერი დიდწილად დაკარგულია.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის დაკარგული, ვისი ბრალია?

– მე ასე ვამბობ – სულ ხუთი–ექვსი კაცის ბრალია მსოფლიოში. ეს ყველაფერი ხუთი–ექვსი გლობალიზაციის მოსურნე კაცის დამსახურებაა და ასევე ჩვენი უტვინობის. როგორ შეიძლება ბავშვებს რუსთაველი, გალაკტიონი, დანტე, ჰემინგუეი კარგად არ ასწავლო?! უნდათ, მომავალი თაობები დააჩლუნგონ. ახალგაზრდობის გახრწნა და გათახსირება სურთ.

ჩამოგვითვალეთ ღირებულებები, რომლებიც ქართველმა ერმა არ უნდა დაკარგოს.

– რწმენა და სამშობლოს სიყვარული. ქვეყანა და სახელმწიფო ჩამოყალიბდება, მაგრამ სამშობლოს ვერსად იპოვი. ყველგან მეორეხარისხოვანი იქნები. პირველ რიგში, კულტურა უნდა შევინარჩუნოთ. შედით ჩვენს სასაფლაოებზე, რა ხდება, რა უბედურებაა, რა სირცხვილია იქ გავლა. ნახეთ, როგორ დადიან ქუჩაში, როგორ გადადიან ერთი ტროტუარიდან მეორეზე, როგორ დადიან მანქანები, როგორ ექცევიან ადამიანები ერთმანეთს...

ქართველი კაცი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ამ ნიჭს სწორად წარმართვა და გამოყენება უნდა. სახლი საიდან იწყება? საძირკვლიდან. აი, ეს საძირკველი არის კულტურა. ადამიანებს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ზოგს შეუძლია გახდეს მინისტრი, ზოგს – მომღერალი, ზოგს – მიწის მუშა და ა.შ. მე კი ანდაზის ჩემეული ინტერპრეტაცია გავაკეთე: არა შეჯდა მწყერი ხესა, ავიღე და ძალით შევსვი!