„ნაპოლი“ მადრიდის „რეალთან“ 2:4 დამარცხდა, იტალიურმა მედიამ კი, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში საშუალო ქულით შეაფასა.
ქართველმა ფეხბურთელმა პირველ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მეორე ტაიმში კონტრშეტევაზე შეცდომაც დაუშვა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო.
Corriere Della Sera 6.5 ქულა: „მან დაიწყო პირველი საგოლე შეტევა და არასდროს ჩერდება. ყოველთვის სახიფათო იყო“.
Eurosport 6.5 ქულა: „დი ლორენცოზე პასმა ჩოლიტო სიმეონეს გოლამდე მიგვიყვანა. ის „ნაპოლის“ შეტევაში ყოველთვის მთავარი წერტილია, მაგრამ ცუდად წარმართა კონტრშეტევა 2:2-ზე“.
Oa Sport 6 ქულა: „ანგარიში მისი ჩაწოდებით გაიხსნა. მეორე ტაიმში ცოტა არ იყოს, ფუჭი მოქმედებები ჰქონდა და შესანიშნავი კონტრშეტევა გააფუჭა. ბოლოს დაღლილი ჩანდა“.
Tuttomercatoweb 5.5 ქულა: „ქართველი ტუზი მეტაფორულად ჯადოქარია, რომლისგან ყოველთვის ელოდებიან, რომ ქუდიდან კურდღელს ამოიღებს, მაგრამ დი ლორენცოზე პარაშუტის გარდა, ძალიან იშვიათად ბრწყინავდა. ეს რიუდიგერის დამსახურებაცაა, რომელმაც ის თავისი გამოცდილებით შეაჩერა. 52-ე წუთზე გაანადგურა პოტენციური 3:2, როდესაც კონტრშეტევაზე არასწორი არჩევანი გააკეთა. ეს კვარა „რეალის“ დონის არ იყო“.
Calciomercato 6 ქულა: „დი ლორენცოს შორეულ ძელთან შესანიშნავი პასი გაუკეთა, მაგრამ რამდენიმე პოტენციურად ძალიან კარგი სიტუაცია არაზუსტი მოქმედებით გააფუჭა“.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი აქვს აქტივში, უფრო შედეგიანია სერია A-ში, სადაც 12 შეხვედრაში 4 გოლით, 3 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოირჩა. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს, „ინტერთან“ ჩაატარებს.