„ნაცმოძრაობაში“ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ანუ, „აფონია“ ნაცურად

„ნაცმოძრაობაში“ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ანუ, „აფონია“ ნაცურად

ლევან ხაბეიშვილის განცხადების შემდეგ, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, ენმ-ში სრული არეულობა და დაპირისპირება პიკს აღწევს. პარტიის გადარჩენის იმედი უკვე ყველაზე ძველ მიშისტებსაც კი აღარ აქვთ, რომლებიც პარტიიდან წასვლას აანონსებენ. მელიას სატელევიზიო გაძევების შემდეგ, ენმ-დან გასაქცევად ემზადებიან: ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, გია ბარამიძე და სხვ ძველი სახეები. ამის პარალელურად, საკრებულოებში და რეგიონალურ ორაგიზაციებში სრული აჯანყებაა. ნიკა მელიას კადრები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულოების დატოვებით იმუქრებიან. პარტიაში ისეთი ქაოსია, რომ არც მიხეილ სააკაშვილი, არც ხაბეიშვილი და ნიკა მელიაც კი აღარსად ჩანან. დიდი ალბათობით, ამ ყველაფერზე დავით კეზერაშვილი და მისი ფლანგი სულაც არ დარდობს, რადგან - ფიქრობენ, რომ პარტიის ხელში ჩაგდება საბოლოოდ მოახერხეს.

პოლიტიკური შტორმის ჩაცხრობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მხოლოდ პოლიტსაბჭოს გაფართოებით შეეცადა. დაიბრუნა აქამდე მასზე განაწყენებულები, მაგრამ არც ერთი, ვინც ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუნდში ირიცხება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის გადადგომას და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნების მოთხოვნას იზიარებს.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიაში ბოლო ერთი წელია დიდი კრიზისია და ის ადამიანები, ვინც მოქმედ მენეჯმენტს ღიად აკრიტიკებენ, ისჯებიან.

„ძალიან ბევრი ადამიანი დაისაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარკვეული პოზიციის ღია დემონსტრირების გამო. ანუ, ჩვენი პარტიის დიდმა მასამ ღიად, ეს გარკვეული რისკების შემცველი ნაბიჯი გადადგა, რადგან მათ მიერ აღქმულია, რომ პარტია მიექანება უფსკრულისკენ. ამით ცდილობენ მოაფხიზლონ პარტია და, ალბათ, მენეჯმენტიც, ამისთვის საკუთარი ყველაფერი დადეს ფსონზე იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო ერთი წელია გვესმის - გაჩუმდით, არ ილაპარაკოთ, გაგრიცხავთ“,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, ხაბეიშვილი პარტიის ინტერესის ნაცვლად, ვიწრო ჯგუფის ინტერესს წარმოადგენს.

„ცალსახად ვიზიარებ ამ მოთხოვნის შინაარსს (ხაბეიშვილის გადადგომის), მანამდეც ვიზიარებდი... მიუხედავად იმისა, რომ მე მელიას მივეცი ხმა, ჩვენ ის ვაღიარეთ კიდეც, თუმცა პირველივე დღიდან მან გამოასხივა, რომ ის პარტიის ინტერესს კი არა, არამედ ვიწრო ჯგუფის ინტერესს წარმოადგენს. ამ ვიწრო ჯგუფის ინტერესი იყო ჩვენი დასჯა, ვითომ დაგვსაჯეს...“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

გაერთიანების უშედეგო მცდელობები და დაშლის შეუქცევადი პროცესი - ასე ხედავს „ნაციონალურ მოძრაობის“ აწმყოს და მომავალს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ის, რაც ოპოზიციურ ძალაში ხდება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სპექტრს მხოლოდ გააჯანსაღებს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე მდგომარეობაა და პარტიაში არსებული დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

„მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“. დაპირისპირება გრძელდება. აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა მელიამ ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს აუმხედრა, თუ არ ვცდები, რვა საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და, ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ადეიშვილმა, კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ხაბეიშვილზე ფსონი იმიტომ დადეს, რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი და მისი მართვა ყველაზე მარტივი იქნებოდა.

„ყველა კვლევებით, ნაციონალებმა ნახეს, რომ მათმა რეიტინგმა საგრძნობლად დაიკლო, ამიტომ 2024 წლისთვის არჩევნების დროს რა სიაც შედგება, მათ სჭირდებათ ისეთი თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალურად ყველაფერზე ხელის მომწერი იქნება. ბუნებრივია, რომ ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროს ეს ასე ვერ იქნებოდა, რადგან მელიამ სია საკრებულოებში პირადად შეადგინა. ამიტომაც მოჰყვა მის პარტიიდან გაძევებას ასეთი რეაქციები რეგიონებში. ის, რაც ვნახეთ, ეს არც პოლიტიკურ და არც მორალურ ჩარჩოში არ ჯდება, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც ასევე ქალაქის მერობის კანდიდატი იყო, სამარცხვინოდ აძევებს. ეს იყო ჟურნალისტებთან კეზერაშვილის პირდაპირი დაკვეთით, დადგმული სამარცხვინო გაგდება.

ეს იყო მოსალოდენლი, ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ უფორ სერიოზული რღვევაა მოსალოდნელი. ენმ-ს, დიდი ალბათობით, დატოვებენ ძველი სახეები და ეს იქნება პარტიის საბოლოო განადგურების პროცესი. მიუხედავად ამისა, კეზერაშვილი და მისი ამფსონები ამას არ დარდობენ, რადგან აქ მიდის ბრძოლა გავლენების მოსაპოვებლად, იმ დაფინანსებების მისაღებად, რაც მათ ბიუჯეტიდან უნდა აიღონ. ყველაზე მთავარი ბრძოლა კი იმისთვის მიდის, ევროპაში მოპარულ ფულს ვინ განკარგავს და გაანაწილებს“, - ამბობს ბოჟაძე.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ კეზერაშვილს და მის ამფსონებს სწორედაც აწყობდეთ, რომ ძველი სახეები პარტიიდან მოიშორონ. ბოჟაძის აზრით, საპარლამენტო სიისთვის კონკურენტები არიან და მათ მარტივად ჩამოიშორებენ. მისი აზრით, ხერხეულეძეც და ბარამიძეც ის სახეები არიან, რომლებიც სიაში ჩაწერას აუცილებლად მოითხოვენ.

„ნაციოანლურ მოძრაობას“ ახლა რეიტინგი კიდევ უფრო დააკლდება, იციან, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ის ზედა ზღვარი, რაც 5%-იანი ბარიერის გადასალახად არის საჭირო, მაინც გადაილახება. მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, ვერც კოალიციურ მთავრობას შექმნიან და ამაზე არც დარდობენ. ამიტომ სულაც არ ინაღვლებენ იმას, თუკი მიშისტები პარტიიდან წავლენ“, - ამბობს ბოჟაძე.

„მოძრაობა ხალხის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას პარტიიდან ამ ფორმით გაგდებამ მას კომუნისტური პარტია გაახსენა. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ენმ აღმოჩნდა არა ევროპული პროდასავლური პარტია, არამედ ნეოტროცკისტული პარტია, რომელიც ამდენი წელია ვერაფრით ვერ განვითარდა.

„მელიას პარტიიდან ამ ფორმით გაგდებამ ქართველი გენიალური რეჟისორის დანელიას ფილმი „აფონია“ გამახსენა, სადაც კოლექტიური სასამართლო ამ საწყალ მთავარ გმირს, სანტექნიკოსს სჯის და კოლექტივიდან აგდებს. აბსოლუტურად იგივე სცენარი განმეორდა „ფორმულას“ ეთერში, როცა ჟურნალისტების დაწერილ ტექსტს ამხელა პარტიის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა. ამ პარტიის მთავარი უბედურება კი ისაა, რომ ყველა მის წევრს ეს ბალასტი ფეხზე აქვს მიბმული, რომლის მოშორების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, რაღაც სხვა ნაპირზე აღმოჩნდნე. თუმცა, ეს ის ბალასტია, რომლის მოშორებაც არავის უნდა. ეს არის ის უმძიმესი მემკვდირეობა, როელზეც უარს ვერ ამბობენ - ერთს მაინც რომ წამოცდეს იმ 9-წლიან რეჟიმთან არანაირი შეხება არ ჰქონია და გმობს იმ რეჟიმს. ამის უფლება არავის არ აქვს, რადგან ან ჩასვრილი აქვთ, ან კიდევ არსებობს მათ წინააღმდეგ რაღაც კომპრომატები, რომლისაც ეშინიათ. ან ფულში ბანაობენ იმ პარტიული ყულაბიდან, რომლიდანაც კარგი სარფიანი ბიზნესი აქვთ“, - ამბობს ქართველიშვილი.