„ამერიკელები არ ურჩევენ ხაზარაძეს, მიშასთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს“

„ამერიკელები არ ურჩევენ ხაზარაძეს, მიშასთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს“

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სააკაშვილის მიმართ მწყრალად არის განწყობილი, ისევე, როგორც ობამას ადმინისტრაცია. ბრიტანელები მიშას საერთოდ ვერ იტანდნენ, მათ კარგად შენიშნეს სააკაშვილის ავტოკრატიული ბუნება, რადგან მერაბიშვილის მეშვეობითა და სააკაშვილის თაოსნობით ბრიტანეთი დამარცხდა კავკასიისთვის ბრძოლაში მოსკოვთან. გავიხსენოთ, სააკაშვილის ყველა მაშინდელი ოპონენტი ვინ შეიფარა? - ბრიტანეთმა, მათ შორის, ბადრი პატარკაციშვილი, ვანო ჩხარტიშვილი. იმ პერიოდში ხაზარაძესაც რომ ჰქონდა პრობლემები, ბრიტანეთში წავიდა და არა ამერიკაში. სწორედ ბრიტანეთმა დაუჭირა მხარი ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ კოალიციის შექმნისას“, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.

იყო დრო, როცა სააკაშვილი ხაზარაძეს ფულის ტომარა ახალ ოლიგარქს ეძახდა, რომელიც მიძვრებოდა ხელისუფლებაში ისე, რომ არც თავმოყვარეობა ჰქონდა, არც ჭკუა. იმ პერიოდში სააკაშვილი არ მალავდა, რომ ხაზარაძე ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლისას პოტენციურ მოკავშირედ არ გამოადგებოდა და იხსენებდა, რომ თავად დიდი შეცდომა დაუშვა ცხოვრებაში, როცა პატარკაციშვილის საფრთხის გამო ივანიშვილის საფრთხეზე თვალი დახუჭა, რადგან არ შეიძლებოდა ერთი ყაჩაღის მეორე ყაჩაღით ჩანაცვლება, აუცილებელი იყო ყაჩაღების და მტაცებლების მოშორება. დღეს სააკაშვილი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ყაჩაღ ხაზარაძესთან მიჩოჩებას ცდილობს და სიტუაციურ მოკავშირეობას ლამობს, მაგრამ ხაზარაძე სააკაშვილს არ იკარებს. რამდენად სწორია სააკაშვილის სტრატეგია ყაჩაღებთან გაერთიანების შესახებ?

- აქ უჩვეულო არაფერია, სააკაშვილი ქამელეონია, ის კარგად ხვდება, რომ ჩამოწერილი, ვადაგასული პროდუქტია და პოლიტიკური სანაგვიდან ცდილობს, რაღაცნაირად ამოფოფხდეს და საკუთარი ხმა მიაწვდინოს თავის ყოფილ პოლიტიკურ პატრონებს, თუმცა მისი მატარებელი წასულია. საქმე ისაა, რომ „ნაცმოძრაობასა“ და მის ირგვლივ შემოკრებილ პოლიტიკურ ძალებზე დიდი ხანია უკვე აღარ იდება ფსონი ამერიკის შეერთებული შტატებში და, ზოგადად, დასავლეთის სახელმწიფოებში. განსაკუთრებით, ბრიტანეთის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ყოველთვის ნეგატიური იყო. დასავლეთის სახელმწიფოებიდან ვინც ყველაზე მეტად ვერ იტანდა და ვისთვისაც ყველაზე ამორალური იყო სააკაშვილი, ეს იყო ბრიტანეთი. ჩვენთან რატომღაც არ იციან ეს ამბავი და ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო სააკაშვილის. დააკვირდით, სააკაშვილი ყველგან ჩადიოდა დასავლეთში, ბრიტანეთში კი არ მიესვლებოდა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეხვედრები არც ჰქონია. გამონაკლისი იყო ვარდების რევოლუციის პირველი დღეები, როცა ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა ეიფორია, რომ ტრიუმვირატი ევროპული რეფორმების გატარებასა და ნორმალური დემოკრატიული საზოგადოების შექმნას მოახდენდა. შემდეგ სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია და ბურჯანაძე გადავიდა ოპოზიციაში, სააკაშვილი გახდა ისეთივე ტირანი, როგორც პუტინი და ლუკაშენკო. სხვათა შორის, სააკაშვილი ლუკაშენკოსთან მეგობრობდა და ლუკაშენკოს იყენებდა მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის. დღეს უკვე სააკაშვილმა კარგად დაინახა ის პოლიტიკური რეალობა, რომ აშშ-მა ფსონი დადო იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას აპირებენ, აქ იგულისხმება ახალი ცვლილებების შეტანა და არა მაინცდამაინც რევოლუცია. შემთხვევითი არაა, რომ „ლელოს“ დელეგაცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ამერიკაში, ჩამოვიდნენ თუ არა ამერიკიდან, მაშინვე წამოაყენეს 9-პუნქტიანი გეგმა. როგორც ჩანს, ამერიკაში შეხვედრები გამართეს მაღალი დონის წარმომადგენლებთან, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში. „ლელო“ ჩამოვიდა კონკრეტული მესიჯით და ჩამოიტანა გეგმა, არა მგონია, ეს 9-პუნქტიანი გეგმა „ლელოს“ მიერ იყოს დაწერილი, ჩემი აზრით, ეს დაიწერა ვაშინგტონში და „ლელომ“, უბრალოდ, გაახმოვანა. „ლელოს“ ამდენი რესურსიც არ აქვს, ასეთი გეგმა დაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ „ლელოს“ ჰყავს ცალკეული ქარიზმატული პოლიტიკოსები, საერთო ჯამში, „ლელოს“ პოლიტიკური ინტელექტუალიზმის დონე მაღალი არ არის და არც გამოირჩევა. ამიტომ ვაშინგტონი მათ დაეხმარა და ჩამოატანინეს ეს გეგმა. შემთხვევითი არც ის არის, როდესაც ჩამოვიდა ხაზარაძე და მისი კოლეგები, ისინი სწორედ ამერიკის ახალ ელჩს შეხვდნენ საქართველოში. ბუნებრივია, ამერიკელებსა და ევროკავშირს თავიანთი ფსონი აქვთ ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, საქართველოში ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირება დაიწყება. არ არის გამორიცხული ახალი რევოლუციური სცენარის განვითარებაც. მოსკოვი იქნება, თუ ვაშინგტონი, ახლა ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ აიღებს ხელისუფლებას საქართველოში. პეკინი ამას ჯერჯერობით დინჯი მდუმარებით უყურებს, მაგრამ ახალი პოლიტიკური ბრძოლა რომ იწყება, ეს ფაქტია. დღეს უკვე საქართველოს პოლიტიკურ ველში შემოდის გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანი მომენტები და გეოპოლიტიკური ქარიშხალი. ადრე იყო პოლიტიკური ქარიშხალი და გეოპოლიტიკურ საკითხებს მხოლოდ მეორადი ხასიათი ჰქონდა. მაშინაც კი, როდესაც სააკაშვილი ავტორიტარული რეჟიმის სათავეში იყო, გეოპოლიტიკური მომენტები მეორე პლანზე იყო გადასული. დღეს კი გეოპოლიტიკამ, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა პოლიტიკური პროცესები, რადგან უშუალოდ კავკასიის რეგიონის ირგვლივ იწყება სერიოზული გეოპოლიტიკური ბრძოლა ისეთ გიგანტებს შორის, როგორიცაა ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი.

თურქეთსაც ხომ აქვს ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ?

- თურქეთი მხოლოდ რეგიონული ლიდერია. კავკასიური რეგიონალური უსაფრთხოება - 3+3, ეს არის რუსულ-თურქული ინიციატივა, ამ შემთხვევაში, რუსეთი და თურქეთი მოკავშირეებად გამოდიან, ბუნებრივია, ისინი ეწინააღმდეგებიან ამერიკელებისა და ევროპელების ჩართვას ამ პროცესში. იწყება ბრძოლა კავკასიისთვის და ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი აპოლოგეტია, ვინ მოიპოვებს გავლენას საქართველოზე. ვხედავთ, სომხეთში როგორი გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს ევრაზიელებსა და ევროკავშირის მომხრეებს შორის.

ამ შემთხვევაში, ლელოზე რატომ უნდა დადოს ფსონი დასავლეთმა, ლელოს ხომ ხალხი არ გაჰყვება, რადგან მევახშეების პარტიად მოიხსენიებენ. რატომ არჩევენ დასავლეთში ასეთ ურეიტინგო პარტიებს? ვაშინგტონისთვის ქართველი ხალხის ინტერესი არაფერს ნიშნავს?

- დავუკვირდეთ, ვინ არიან დღეს „ლელოს“ პარტიის წარმომადგენლები, მარტო ხაზარაძე და ჯაფარიძე ხომ არ არის? იქ არიან ისინიც, ვინც დაამთავრეს ამერიკული და, ზოგადად, დასავლეთის უმაღლესი სასწავლებლები, ამ ადამიანებს კარგად იცნობენ დასავლეთში. ავიღოთ თუნდაც ხაზარაძე, მისი აკადემიური ბეგრაუნდი საკმაოდ მაღალია, მას ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, თავის დროზე სწორედ ამერიკული ბიზნესის ერთგვარი ლობისტი იყო საქართველოში და „თიბისი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა.

ამის მიუხედავად, ხაზარაძემ ანაკლიისთვის ამერიკული ინვესტიცია ვერ მოიზიდა.

- ამერიკული ბიზნესის მოზიდვა ასეთი იოლი არ არის. მე თვითონაც მქონდა ურთიერთობა ამერიკულ ბიზნესწრეებთან, ვთანამშრომლოდი კომპანიასთან, რომელიც ამერიკული ბიზნესის ინტერესების განვითარებაზე მუშაობდა და კარგად მახსოვს, ერთ-ერთმა მაშინდელმა ჩვენმა მაღალჩინოსანმა იმდენი „ატკატი“ მოითხოვა, რომ ამერიკული კომპანიის წარმომადგენელმა პირდაპირ უთხრა, თქვენ ხომ არ უბერავთო. კორუფციული სქემები არსებობდა ჯერ კიდევ შევარდნაძის პირობებში, მერე სააკაშვილის დროს იყო ელიტარული კორუფცია, დღესაც სიტუაცია გეოპოლიტიკურად მოწყვლადია. ასე რომ, ამერიკული ბიზნესი საქართველოში ასე იოლად არ შემოვა. ხომ ხედავთ, ჩინური ბიზნესიც როგორი სირთულეებით შემოდის საქართველოში? უბრალოდ, ჩინელებმა უფრო მეტად იციან რისკის ფასი, ისინი ახორციელებენ „ერთი გზა - ერთი სარტყლის“ პროექტს და, ბუნებრივია, მათთვის ეს რისკები მისაღებია, ვიდრე ამერიკული ბიზნესისთვის. ამიტომ ასე ადვილი არ არის ამერიკული ბიზნესის შემოყვანა და ადაპტირება ქართულ გარემოში. ეგ კი არა, ედუარდ შევარდნაძემ ვერ შემოიყვანა ამერიკული ბიზნესი, რომელსაც „შევის“ ეძახდნენ ამერიკელები, რადგან მის დროს კორუმპირებული სისტემა იყო. ამდენად, თქვენი შეკითხვის საპასუხოდ, ხაზარაძეზე უკეთესი ვერავინ ნახა ვაშინგტონმა, გეტყვით, რომ, როგორც ჩანს, ვერავინ ნახა. რომელ ქართველ პოლიტიკოსს აქვს დამთავრებული ამერიკის უნივერსიტეტებში? ხოშტარიას დამთავრებული აქვს მგიმო, ნაყოფიასაც მოსკოვში აქვს დამთავრებული. უშუალოდ ამერიკული კურსდამთავრებულების ელიტა, რომლებიც წარმოადგენენ თუნდაც ამერიკელი ლობისტების ინტერესებს, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია.

ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილს უფრო აწყობს ფულიანი ხაზარაძის ქოლგის ქვეშ ყოფნა, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ვიდრე პირიქით, ხაზარაძეს-მიშა?

- მიშა უკვე დიდი ხანია, ჩამოწერილი პროდუქტია. როგორც გითხარით, ბრიტანელები მიშას ვერ იტანდნენ და ეს ცალკე საუბრის თემაა. ამერიკელები, ობამას ადმინისტრაცია და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, სააკაშვილის მიმართ მწყრალად არიან განწყობილნი. ეს მიშას ტენდენციაა, მას უნდა, ხაზარაძეს კუდი აუქიცინოს და რაღაცნაირად შეცვალოს თავისი მონგრეული გრამაფონი, მაგრამ ხაზარაძეც კი არ წამოეგება მიშას ნათქვამს. ხაზარაძე ხშირად აკრიტიკებდა სააკაშვილს. „ლელო“ დისტანცირდა „ნაცმოძრაობასთან“ და თქვა, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა ყველასთან ექნება ურთიერთობა. ეს მიშას მცდელობაა, ბოდიში და, პოლიტიკურად შეეტენოს ხაზარაძეს, მაგრამ ამერიკელები ნამდვილად არ ურჩევენ ხაზარაძეს, მიშასთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს.

თქვენ პირდაპირ აცხადებთ, რომ ჟვანია მოკლა სააკაშვილმა, სულ ახლახანს კი მოვისმინეთ სააკაშვილის სენტიმენტები ჟვანიას მიმართ, რომ ვარდების რევოლუციის დროს ჟვანიასთანაც მოუწია გაერთიანება და ბურჯანაძესთანაც და ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობაში ჟვანიას გუნდი უფრო იყო დაწინაურებული, ვიდრე თვითონ სააკაშვილის ნაცმოძრაობა.

- ამასთან დაკავშირებით მახსენდება, რომ 1952 წელს, როდესაც ბოლო ყრილობა იყო, სტალინმა გაიხსენა მის მიერვე მოკლული და რეპრესირებული თანამებრძოლები, მათ შორის, სერგო ორჯონიკიძე და თქვა, რომ ორჯონიკიძე ერთ-ერთი იყო, ვინც ინდუსტრია განახორციელაო. როგორც ჩანს, როდესაც დიქტატორები შედიან სიბერეში, საკუთარი მსხვერპლის მიმართ სენტიმენტები უჩნდებათ, მიშაც გამონაკლისი არ არის.

ამბობთ, რომ ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებას დასავლეთი არ თანაუგრძნობს. მაშინ რის საფუძველზე აცხადებს სააკაშვილი, რომ დეოლიგარქიზაციასთან ბრძოლაში დასავლეთი დაეხმარება?

- ამერიკელები რამდენად გაუწვდიან ხელს მიშას, ეს სხვა საკითხია, თორემ მიშა რასაც ლაპარაკობს, ეს მხოლოდ მიშას სიტყვებია.

ისე, ბრიტანელებს რატომ არ უყვართ სააკაშვილი?

- ბრიტანელებმა კარგად შენიშნეს სააკაშვილის ავტოკრატიული ბუნება, ფაქტობრივად, სააკაშვილმა რუსების დავალებით ბრიტანელებს ჩაუშალა კონკრეტული პროექტების განხორციელება, მათ შორის, საგარეო დაზვერვის ბრიტანული ვარიანტის შექმნა, თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის რეფორმების ბრიტანული ვარიანტის განვითარება. ეს ყველაფერი ჩაიშალა ვანო მერაბიშვილის უშუალო ჩართულობით. მერაბიშვილი იყო ამ რეფორმების წინააღმდეგი, მერაბიშვილი დავალებებს იღებდა მოსკოვში, რადგან მოსკოვს არ უნდოდა ბრიტანეთის შემოსვლა კავკასიის რეგიონში. მაშინაც იყო გეოპოლიტიკური ფონი და მაშინ ამ ომში მერაბიშვილის მეშვეობითა და სააკაშვილის თაოსნობით ბრიტანეთი დამარცხდა კავკასიისთვის ბრძოლაში მოსკოვთან. გავიხსენოთ, ყველა მაშინდელი ოპონენტი, ვინც ებრძოდა მიხეილ სააკაშვილს, იგივე ბადრი პატარკაციშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, რომელმა ქვეყანამ შეიფარა? - ბრიტანეთმა. ამერიკაში კი არ წავიდნენ და საფრანგეთში, არამედ ბრიტანეთში.

ისე, პუტინისგან დევნილი ბერეზოვსკიც ბრიტანეთმა შეიფარა 10 წლის განმავლობაში, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

- გეთანხმებით. სხვათა შორის, როდესაც ხაზარაძესაც ჰქონდა პრობლემები, ისიც ბრიტანეთში წავიდა და არა ამერიკაში. ფაქტობრივად, ბრიტანეთმა შეიფარა პოლიტპატიმრები, პოლიტემიგრანტები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს დაუნდობლად ებრძოდნენ. სხვათა შორის, ბრიტანეთმა, ასევე მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მან შექმნა „ქართული ოცნების“ კოალიცია და ბრიტანელი პოლიტტექნოლოგები და ბრიტანეთის ხელისუფლება მხარს უჭერდნენ ივანიშვილს.

თქვენი აზრით, ამერიკა მარტო ხაზარაძეზე დებს ფსონს, თუ სხვებზეც?

- კიდევ არიან ანა დოლიძე და სხვები, გახარიაზეც შეიძლება დადონ ფსონი.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი?

- რატომაც არა, კი ბატონო. ასეთ ძალებზე დადებენ ფსონს, გარდა „ნაცმოძრაობისა“, რომელიც ვადაგასული პოლიტიკური გაერთიანებაა თავის ბელადთან ერთად. „ნაცმოძრაობას“ არავინ მიიკარებს. შეიძლება ევროკავშირის სტატუსმა რაღაცნაირად აწიოს „ქართული ოცნების“ რეიტინგი.

დავუბრუნდეთ ისევ გეოპოლიტიკურ გადანაწილებას კავკასიაში. როგორ გგონიათ, რუსეთი აპირებს კავკასიიდან გასვლას? სომხეთიდან გასვლას, ფაქტობრივად, რუსეთი არ ჩქარობს.

- რუსეთი ნამდვილად არ აპირებს კავკასიიდან გასვლას. 3+3-ის იდეა ვინ შემოიტანა? - რუსეთმა. რუსეთი ბლოკავს და ცდილობს, არ შემოუშვას ამერიკელები, ევროკავშირის გავლენა კავკასიაში არ გააძლიეროს.

ამ სცენარში ვის ხედავთ გამარჯვებულად, რუსული ძალები, მართალია, დაქსაქსულია უკრაინის ომის გამო, მაგრამ რუსეთი მაინც არ ნებდება.

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბევრ ფრონტზე იბრძვის, კვლავ ძლიერი პოზიციები აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში, სამწუხარო რეალობა ასეთია. ეკონომიკურმა ზარალმაც კი ვერ შეუქმნა რუსეთს რეალური პრობლემები, ამიტომ რუსეთი არ არის ხელწამოსაკრავი გეოპოლიტიკური მოთამაშე. რუსეთი თურქეთთან საკმაოდ კარგად შეთამაშებულია. ჩინეთის პოზიციაც საინტერესოა. სხვათა შორის, ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირების ასპარეზი საქართველოშიცაა, მაგრამ საბოლოოდ ჩინეთის პოზიცია როგორი იქნება, ეს ჯერ კიდევ უცნობია, ჩინეთი ძალიან მომთმენია. არ ავლენს არავითარ სიმპათიას არც დასავლეთის, არც რუსეთის მიმართ. სულ ბოლოს ამერიკა-ჩინეთის სამიტზე ეს ორი ქვეყანა იმდენ რამეზე შეთანხმდა, ლამის სტრატეგიული მოკავშირეები შეგვეძლო გვეწოდებინა. ჩინეთი სწორად იქცევა, ამ ბრძოლებსა და გადანაწილებებში არ ერთვება, ძალიან კარგად აკვირდება სიტუაციას.

ანუ ჩინეთი ელოდება საკუთარი მოწინააღმდეგის გვამს როდის ჩამოაცურებს მდინარე?

- დიახ, გარკვეულწილად, ელოდება, იანძი როდის ჩამოიტანს მათი მოწინააღმდეგეს გვამებს.

 

 

Gami ამან ყველა "ექსპერტს" გადაუჯოკრა - ხაზარარაძეო, ლელოო, ამერიკაო... ალაოდაა! თან წერს ლელოში წერა-კითხვა არ იციანო, თან იძახის ეგენი ცვლილებების გამტარებლებია არიანო, თან ... მოკლედ უბერავს! ინფატილური აზროვნების ტიპაჟი! რაღაც მოელანდა და მერე დაესიზმრა!
.
5 თვის უკან
Gami ჟურნალისტიც რა "კავერზნი" კითხვებს უსვამდა....
5 თვის უკან