როგორ დაიწყო ახალაიების ოჯახის აღმასვლა

როგორ დაიწყო ახალაიების ოჯახის აღმასვლა

(იბეჭდება შემოკლებით)

პენიტენციარულ სისტემას ახალი შეფი ჰყავს: კორუმპირებულად ცნობილ შოთა კოპაძეს ახალგაზრდა ბაჩო ახალაია ჩაენაცვლა. ამიერიდან ახალაიას იმ სისტემასთან მოუწევს პირისპირ დგომა, რომელთანაც თავის დროზე თავად მიხეილ სააკაშვილი დამარცხდა, რაკიღა ზუსტად მისი მინისტრობის პერიოდში მიიღო გაქცევებმა მასობრივი სახე. რამდენად ივარგებს 24 წლის სრულიად გამოუცდელი და არაკომპეტენტური ყმაწვილი მეციხოვნის ამპლუაში, ამის პროგნოზირება ძნელი არ გახლავთ. თუმცა, ალბათ, პროკურორი მამა და კონსტიტუციური უფლებების დამცველი ძმა „შეეშველებიან“ და ოჯახის კიდევ ერთ „გაძალოვნებულ“ წევრს ადაპტირებაში დაეხმარებიან.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი, ბაჩო ახალაიას მამა - როლანდი ახალაია ღირსების ორდენით დააჯილდოვა და ჩვენი დროის გმირად გამოაცხადა.

როლანდი ახალაიას ერთი ვაჟი - დათა ახალაია გმირის სტატუსით ვანო მერაბიშვილმა შეამკო. ეს პარლამენტში მოხდა, როცა შსს მინისტრი პარლამენტართა კითხვებს პასუხობდა. მაშინ ოპოზიციამ მერაბიშვილს ჰკითხა, - ამ თქვენს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს, ხალხს რომ თავის კაბინეტში სასტიკად სცემს, რატომ არ გაკიცხავთ მაინცო? ვანო მერაბიშვილმა საპასუხოდ დათა ახალაიას ძირითადი ღირსებები ჩამოთვალა - მაგ ადამიანმა დიდი წვლილი შეიტანა რევოლუციაში, დროშების კერვასა და მოტანაში, ხალხის მიტინგზე მოსვლასაც უწევდა ორგანიზებას, ამიტომ არ მჯერა, რომ მას ასეთი რამის გაკეთება შეუძლია და არც გაუკეთებიაო.

როლანდი ახალაიას მეორე ვაჟი - ბაჩო ახალაია ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ სახალხო დამცველის მოადგილე იყო და, წესით, მამისა და ძმისგან დაჩაგრული ხალხი უნდა დაეცვა (ამას ბედის ირონია ეწოდება თუ ხელისუფლების?).

რევოლუციით განახლებულ სახელისუფლებო ვერტიკალში ოჯახური კლანების მოღვაწეობა იშვიათობას არ წარმოადგენს. თუმცა, დღეს დაწინაურებულ სახელისუფლებო ოჯახთა შორის ახალაიების ოჯახური ტრიო რევოლუციური მონაპოვარის კლასიკური ნიმუშია.

ოჯახური ტრიოს პატრიარქი როლანდი ახალაია შევარდნაძის ეპოქის ჩინოვნიკი გახლავთ. 2000 წლამდე იგი ზუგდიდის სარაიონთაშორისო პროკურორი იყო. მაშინ მას ზემდგომებთან დაეძაბა ურთიერთობა. ამბობდნენ, შემოსავლების თანაბრად განაწილება არ ეხერხებოდაო. სიტუაცია იმანაც გაამწვავა, რომ „ქვედა ფენებიც“ უკმაყოფილონი იყვნენ - რიგით ზუგდიდელებს თავიანთი პროკურორი დიდად არ ეხატებოდათო გულზე. ყოველ შემთხვევაში, ერთ მშვენიერ დღეს არ დაიზარეს, აიღეს ჩაქუჩი, ლურსმნები და როლანდი ახალაიას კაბინეტის კარი საგულდაგულოდ აუჭედეს.

მართალია, ზუგდიდელები ამბობენ, რეგიონიდან გამოვაძევეთო, მაგრამ ახალაიამ მანამდე ტელევიზიით გამოსვლა და აღიარებითი ჩვენების გაკეთება მოასწრო, რომ კორუფციული სისტემის მსხვერპლია და იძულებული იყო, მასში, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართულიყო. თუმცა კონკრეტული ფაქტები არ დაუსახელებია და წყლიდან მშრალად ამოსვლაც შეძლო. ზუგდიდში კი ამბობდნენ, ასეთი კორუმპირებული პროკურორი ქალაქს არ ახსოვსო.

მოკლედ სააკაშვილმა მისი ეშმაკობა დააფასა და მოგვიანებით არამარტო სანუკვარ თანამდებობაზე დანიშნა, არამედ ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა. ახალაიამ სააკაშვილთან მეგობრობა გააღრმავა და რევოლუციურ ქარიშხალშიც დიდი წვლილი შეიტანა. მომავალ პრეზიდენტს ახალაიების ოჯახში რევოლუციამდელ ეპოქაშიც არაერთხელ უქეიფია, თუმცა, უკანონო ქონების წინააღმდეგ მებრძოლ სააკაშვილს კითხვაც კი არ გასჩენია, თუ როგორ დააგროვა ამდენი ქონება ზუგდიდელმა პროკურორმა. საერთოდ, პრეზიდენტისთვის გულუხვი მასპინძლობის გაწევა ერთობ დაფასებული საქმე ყოფილა. ახალაიებს ამ საკითხში კონკურენტიც ჰყავდათ - ზუგდიდელი გრიშა ქობალია, რომლის მეუღლეც, ამბობენ, სანდრა რულოვსთან დიდად ახლობლობდაო.

გრიშა ქობალია „წინა ეპოქაში“ ტექდათვალიერების უფროსი იყო. შემდეგ ტელეკომპანია „ოდიში“ დაარსა და სამეგრელოს საინფორმაციო სივრცე დაიპყრო, რომელიც რევოლუციის ეპოქაში სააკაშვილის სასარგებლოდ ამუშავა. მის აქტივში ირიცხებოდა ჩაის გადამამუშავებელი ქარხანა და საკუთარი აეროდრომი. მართალია, რევოლუციის შემდეგ მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობაც ჰქონდა გულში, მაგრამ მხოლოდ პარლამენტარობით „დააკმაყოფილეს“, მისი ვაჟი - ალიკა კი ამჟამად ზუგდიდის გამგებელია.

თუმცა, მასთან შედარებით, ახალაიები ბევრად უფრო დაფასებულნი აღმოჩნდნენ. 2003 წელს როლანდი ახალაია თავის „გადამგდებ“ ზუგდიდში, უკვე რეგიონის პროკურორის მანტიით ჩავიდა და ნიშნისმოგებითაც განაცხადა, - ვინც ჩემი კარის ასაჭედად ჩაქუჩით და ლურსმნებით დარბოდა, ნეტავ, იმათ რა ეშველებათო?

ახალაიას დრო ფუჭად არ დაუკარგავს და, როგორც დღეს არის მოდაში „განურჩევლად სქესისა და ასაკისა“, მასობრივი დაჭერები დაიწყო. მართალია, მათგან ბევრი ობიექტურადაც იყო დასაჭერი, მაგრამ, როგორც ამბობენ, პირად ანგარიშსწორებას ფართო გასაქანი ეძლეოდაო. უფრო მეტიც, განახლდა ძველი საქმეები, რომლებიც მისი პროკურორობის დროს შეჩერებული და თაროზე შემოდებული ჰქონია.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ე. წ. „პოლიციელთა საქმე“ იყო, რომელიც ძველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

2002 წლის დასაწყისში მომავალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ტალღის ასაგორებლად ზუგდიდში ჩადის, მის მიტინგს შეიარაღებული ადამიანები ესხმიან და არეულობა შეაქვთ. ნაციონალებს სამეგრელოში ადრეც ბევრი მტერი ჰყავდათ, მათ შორის ე. წ. ზვიადისტი ბადრი ზარანდიაც იყო. სადაც მიშას ხალხი გამოჩნდებოდა, ზარანდიაც იქ იყო და სიტუაციას ურევდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ზარანდიას მიტინგი რომ არ დაერბია, ფულსაც უხდიდნენ, ბოლო დროს კი მეტი მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას საბაჟოს წილში უნდოდა ჩაჯდომა. შანტაჟით შეწუხებულმა „ნაციონალებმაც“ გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათო. ასე იყო თუ ისე, 2003 წლის დასაწყისში ზარანდია ზუგდიდში, ადმინისტრაციული პოლიციის წინ ჩაცხრილეს. ბევრმა ამაში ნაციონალური ხელწერა დაინახა. აქა-იქ ჯამბურიას გვარმაც გაიჟღერა.

ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ ზარანდია ამის შემდეგ აღარც გახსენებიათ და არც დამნაშავის მოძიებით შეუწუხებიათ თავი. 2003 წლის ნოემბერში ნაციონალთა მიტინგის დაუცველობის საბაბით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსის ელგუჯა ჯამბურიას მოადგილე სერგო ჩაჩიბაია დააპატიმრეს, რომლის მეშვეობითაც ჯამბურიაზე და უფრო ზემოთაც უნდოდათ გასვლა. ჯამბურია ახალ ხელისუფლებას აღარ სჭირდებოდა და რაც მალე მიუჩენდნენ ადგილს, მით უფრო უკეთესი იქნებოდა მათთვის.

ჩაჩიბაია რევოლუციურმა სასამართლომ სამსახურებრივი გულგრილობის გამო ციხეში გაამწესა, შემდგომ ძველი საქმეც ამოჩხრიკა, რომელიც 1966 წელს ჩაჩიბაიას და სხვა პოლიციელთა მიმართ იყო აღძრული და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას შეეხებოდა. ეს საქმე დამნაშავე პირთა დაუდგენლობის გამო 1997 წელს თავად როლანდი ახალაიას მიერვე შეწყდა, მაგრამ რევოლუციას დასჭირდა და განახლება რა პრობლემა იყო? დაპატიმრებულ ჩაჩიბაიას სამეგრელოს „პოლიციური ელიტაც“ ზედ მიაყოლეს - ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ცაავა, პოლიციის მაღალჩინოსანი იზორია, სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის ყოფილი მოადგილე გოგენია, იმავე განყოფილების თანამშრომელი კალანდია. სხვა ბრალდებით დაიჭირეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ელგუჯა ჯამბურიაც...

ახალი ეპოქის პროკურორი როლანდი ახალაია თავს სამეგრელოს ბატონ-პატრონად კი გრძნობს, მაგრამ დღეისათვის ის ერთადერთი ჩინოვნიკია, რომელიც მშობლიურ ზუგდიდში დაცვით დადის, სახლთანაც დაცვა დგას და სამსახურს ხომ „მთლად“ შინაგანი ჯარი იცავს. ზუგდიდის ისტორიაში მანამდე მხოლოდ ერთი ადამიანი - ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ედიშერ ჩარგაზია დადიოდა „დაცული“. ვერაფერს ვიტყვით. ეტყობა ახალაიას შიშის საფუძველი აქვს.

რაც შეეხება მის უმცროს ვაჟს, 1982 წელს დაბადებულ დათა ახალაიას (რომელიც თურმე, რევოლუციის ეპოქაში დროშების კერვით იყო დაკავებული), დღეს იგი ერთ-ერთი გავლენიანი სტრუქტურის, პრაქტიკულად, უშიშროების სამინისტროს შემცვლელის - კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია და მის უკონტროლო ქმედებებზე ლეგენდები დადის.

უფროსი ვაჟი - 1981 წელს დაბადებული ბაჩო ახალაია, სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მოადგილეობიდან პენიტენციარული დეპარტამენტის შეფად „აალაბორანტეს“.

საინტერესოა ერთი ფაქტიც. არც თუ დიდი ხნის წინ ჩხოროწყუს პოლიციის უფროსად როლანდი ახალაიამ თავისი მორიგი ახლო ნათესავი დაანიშნინა!