ამერიკელებმა ზელენსკის კიევში ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი, ერმაკი კი ვაშინგტონში ჩაიყვანეს - უკრაინა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა

ამერიკელებმა ზელენსკის კიევში ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი, ერმაკი კი ვაშინგტონში ჩაიყვანეს - უკრაინა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, უკრაინა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დგას. მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენკის მოწინააღმდეგეთა ბანაკი ფართოვდება და ეს, ძირითადად, სამხედროები არიან. მიუხედავად მოქმედი კონსტიტუციისა, რომელაც საომარ მოქმედებაში მყოფ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, სულ უფრო და უფრო აქტიურად კეთდება განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ერთ-ერთი, ვინც ღიად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსეი არესტოვიჩია, რომელმაც განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით მის მიერ გამოქვეყნებული წინადადებები მისი საარჩევნო პროგრამაა.

ზელენსკის მთავარი კონკურენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი იქნება, რომელსაც ბრიტანეთი ლობირებს. აღსანიშნავია, რომ გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა. მან განმარტა, რომ არც ერთ მხარეს არ შეუძლია წინსვლა, რადგან ტექნოლოგიურად ერთნაირად არიან აღჭურვილნი.

საპასუხოდ ზელენსკიმ აღნიშნა: „თუ თქვენ ომს მართავთ იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ პოლიტიკით ან არჩევნებით დაკავდებით, მაშინ სიტყვებით და წინა ხაზზე თქვენ მოქმედებთ, როგორც პოლიტიკოსი და არა - როგორც სამხედრო. მიმაჩნია, რომ ეს დიდი შეცდომაა. ასეთ შემთხვევაში სამხედროებმა, შესაძლოა, დაუმორჩილებლობა გამოავლინონ, ეს კი უკრაინის ერთიანობას საფრთხეს შეუქმნის. ამას არ მივყავართ ერის ერთიანობისკენ“.

გარდა ამისა, ზელენსკი აცხადებს, რომ არსებობს პრეზიდენტის შეცვლის „მაიდან-3“-ის გეგმა. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სურს, რისთვისაც დესტაბილიზაციის გეგმა, კოდური სახელწოდებით „მაიდან-3“, არსებობს.

„არსებობს პრეზიდენტის შეცვლის „მაიდან-3“-ის გეგმა, შესაძლოა არა მკვლელობით, არამედ ხელისუფლების შეცვლის გზით. ისინი გამოიყენებენ ნებისმიერ იარაღს. იდეა არის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი ოპერაცია ჩაატარონ, რომელსაც სახელიც კი აქვს“, - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

პარალელებს თუ გავავლებთ, უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება ძალიან გავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, როგორ უპირებდა მას პუტინი „ერთი ადგილით დაკიდებას“, რომ დაგეგმილი ჰქონდა მისი ლიკვიდაცია და ა.შ. დღეს უკვე პატიმარი სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება სწორედ პუტინის შეკვეთით მოხდა და მისი პირადი პატიმარია.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ზელენსკის მეთოდიც გასაგებია, რომელიც სააკაშვილის მსგავსად ცდილობს ოპოზიციის არსებობა და მისი უკმაყოფილება მიაწეროს რუსეთს და რუსეთით ახსნას ის, რომ მისით ვიღაცა არის უკმაყოფილო, თორემ თვითონ არანაირი ხარვეზი მას, როგორც პოლიტიკოსს არ აქვს.

„აი, ასეთი ფორმულა აქვს ზელენსკის, რაც უკვე დიდი ხანია აქვს სააკაშვილს. ორივეს სიტუაციამ უბიძგა ამისკენ, რახან მტრის ხატი მკაფიოდ ჩამოყალიბებული არის - რუსეთი და პუტინი. რახან პუტინიც ყოველმხრივ ამართლებს მტრის ხატის იარლიყს, ბუნებრივია, ამ მოდელს გამოიყენებს როგორც ერთი, ისე მეორე. ძნელი სათქმელია, რუსეთის, ანუ პუტინის გეგმებში რა შედის, რადგან ბევრ რამეს არალოგიკურს აკეთებს, მაგრამ მეორე მხრივ, სტაგნაცია მოხდა. ეს იმდენად მკაფიოა, რომ ზოგიერთებმა რუსეთის გამარჯვებაზე დაიწყეს ლაპარაკი.

რუსეთის მარცხად ითვლებოდა რუსული ძალების მიყვანა საზღვრამდე და რადგან რუსული სამხედრო მანქანა ვერ გადაიყვანეს საზღვრის იქეთ, ალაპარაკდნენ იმაზე, რომ რუსეთმა თავისი მინიმუმი მიიღო. ეს არის სულ ბოლო პერიოდის რეაქციები ფრონტის მიმართ. ასეთი სიტუაცია თუ არის ფრონტზე, ალბათ, რუსეთის ინტერესში არ უნდა იყოს ზელენსკის დამარცხება. სავარაუდოა, რომ ზელენსკის გაყვანა პოლიტიკიდან თვითონ უკრაინული დაჯგუფებების სურვილი უნდა იყოს და ამას გვაფიქრებინებს ისეთი ფიგურის კრიტიკა, როგორიც არის ზალუჟნი“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ბოლო მოვლენები, ზალუჟნის კრიტიკული განცხადებები და არისტოვიჩის გააქტიურება, რომელიც ხშირად იცვლიდა პოზიციას, უკრაინა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე დგას.

„დღეს, მხარდამჭერების სახით რამე ძალა არის თუ არა არესტოვიჩის უკან, მე არ ვიცი. თავისთავად, უკმაყოფილება რომ უნდა არსებობდეს უკრაინულ პოლიტიკურ ელიტაში, ეს თითქმის უდავოდ მიმაჩნია. ზელენსკი ჯერ არ დამარცხებულა, ამ სიტყვის სრული გაგებით, მაგრამ როცა პოლიტიკოსი აცხადებს რაღაცა მიზანს, დავუშვათ კონტრშეტევაზე გადასვლას და ამ მიზანს ვერ აღწევს, ეს უკვე მარცხია. მარცხს არ გაპატიებენ ის ადამიანები, ვინც შენზე არიან დამოკიდებული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მინიმუმ ოთხი კონკრეტული ძალა, რომელიც, ფაქტობრივად, დაკავებულია წინასაარჩევნო სამზადისით. მისი თქმით, კიევში ზელენსკისთან კულუარული მოლაპარაკების წარმათვის მიზნით ჩასულიყო ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი. პარალელურად, ამერიკაში დაიბარეს ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ანუ, რაღაცა ძალამ აშშ-ის მხრიდან, ამ ორი, თითქოსდა კოლეგის და მეკავშირის განცალკავება განიზრახა იმისთვის, რომ მათთვის ცალ-ცალკე რაღაცა ინქსტრუქტაჟი ჩაეტარებინათ, ცალკე კიევში და ცალკე ვაშინგტონში. პარალელურად, ჩვენ კარგად გვახსოვს უკრაინის გენერალიტეტი გენერალ ზალუჟნის მეთაურობით, ესენი ბრიტანეთის ლობირებით სარგებლობენ.

ზალუჟნის, როგორც ზელენსკის პოტენციური შემცვლელის კანდიდატურის შესახებ მეორე წელია გვესმის. გახსოვთ, რომ ამასწინათ ზალუჟნიმ მკვეთრი განცხადებები გააკეთა ზელენსკის მისამართით, რასაც მოჰყვა ტერორისტული აქტი. როგორც იძახიან, ზალუჟნის დაშინების მიზნით, საკუთარ დაბადების დღეზე ააფეთქეს ზალუჟნის თანაშემწე“, - ამბობს ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ცალკე არის არისტოვიჩი, რომელიც ასევე არ ზღუდავს საკუთარ თავს, უარყოფითი ეპითეტებით თავისი ყოფილი თანაპარტიელების, თუ კოლეგების მისამართით და რომელიც აქტიურად აპიარებს საკუთარი თავის, როგორც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატის დასახელებას.

„ამიტომ, დღეს, ამ წუთას რაიმე კონკრეტული პროგნოზების გაკეთება, ალბათ, ნაადრევი იქნებოდა. თუმცა, ის, რაც მე ჩამოვთვალე, აშკარად ჯდება იმ კონფიგურაციაში, რომ სადღაც, შეიძლება თვის ბოლომდეც კი უფრო გამოაშკარავდეს სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული რაღაცა დეტალები - შედგება ეს არჩევნები, არ შედგება, როგორ იქნება საქმე, დაველოდოთ. მოძრაობა, გეოგრაფიული გადაადგილებები რომ დაკავშირებულია სწორედ კიევის რეჟიმის მომავალ შემცვლელთან, ეს ცალსახაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ლევკოთეა დაახლოებით ერთი წლის წინ, დიდმა ხუხა ბრძენკაცამ ბრძანა, რომ ზელენსკი ყველაზე დიდი პოლიტიკოსია დღეს მსოფლიოში. ვისაც ზელენსკი მხარს დაუჭერს, იმათ აირჩევენ მსოფლიოს ქვეყნები საკუთარ პრეზიდენტებადო.
ჰოდა, საკმარისია ზელენსკიმ საკუთარ თავს დაუჭიროს მხარი და ფაიზაღი ხელახლა აირჩევს უკრაინელი ხალხი.
5 თვის უკან