საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა. ამნისტიის პროექტი, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე აშენებულ იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდება, რომლებიც სამშენებლო ნებართვისა და დოკუმენტაციის გარეშეა აგებული.
სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა. მფლობელებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების პროცედურის გავლა და ამნისტიის შედეგად მესაკუთრეები გახდებიან.
ამნისტიის პროექტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. ოპოზიცია მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას, დოკუმენტის დეტალურად გაცნობის შემდეგ გეგმავს. მმართველ პარტიაში კი ამნისტიის ჰუმანურ დანიშნულებაზე ამახვილებენ ყურადღებას და მისი მიღების საჭიროებაზე საუბრობენ.
ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა; მეორე მხრივ კი, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებული, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პროექტს იუსტიციის მინისტრი მთავრობის სხდომაზე უმოკლეს ვადაში წარადგენს.
ამნისტიის ძალაში შესვლის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი უკანონო მშენებლობების პრობლემის მოგვარებასაც ელოდება. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის გადაჭრა ინდივიდუალური სახლების კანონიერ მშენებლობასაც შეუწყობს ხელს.
მინისტრის ინფორმაციით, სამშენებლო ამნისტია გავრცელდება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ინდივიდუალურ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა. ამნისტია მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება.
„ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მასობრივად არის აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომელზეც არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა ან არ არსებობს სამშენებლო დოკუმენტაცია. სწორედ ამიტომ, საჯარო რეესტრის ახალ ამონაწერებში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ხარვეზიანია და შესაბამისად, ეს ობიექტები ვერ იქნება სრული მოცულით ჩაშვებული ეკონომიკურ ბრუნვაში.
გარდა ამისა, ამ პრობლემას ასევე უკავშირდება დაჯარიმების ანდა დემონტაჟის რისკი, რაც მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. საკუთრების უფლების სრული მასშტაბის უზრუნველსაყოფად და ასევე, უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც პარლამენტს წარედგინება. ის გავრცელდება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც არის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და ესენი უნდა იყოს ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლები. ასევე, ასეთ სახლებში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და მათ აღარ ექნებათ დაჯარიმების ანდა დემონტაჟის რისკი.
ისინი სრულად ისარგებლებენ საკუთრების უფლებით, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებულია. რა თქმა უნდა, ეს იქნება ნათელი მაგალითი იმის, როგორ უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლება საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი უფლებების რეალიზებაში.
ინიციატივა შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს. ეს ინიციატივა გავრცელდება მხოლოდ იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომელიც აშენებული იქნება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე. ის ინდივიდუალური სახლები, რომლებიც აშენდება შემდგომ, აღარ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში და შესაბამისად, ვეღარ ჩაეშვება ეკონომიკურ ბრუნვაში.
ეს ინიციატივა არის არა მხოლოდ ამნისტია, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას. ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ნებისმიერი ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.