შაქარზე ხელოვნური გადასახადის შემოღება აგარის ქარხანას უკავშირდება

შაქარზე ხელოვნური გადასახადის შემოღება აგარის ქარხანას უკავშირდება

საქართველოს მთავრობამ შაქარზე იმპორტის ტარიფი დააწესა. 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ყოველ ტონა შაქარზე იმპორტის 400-ლარიანი გადასახადი წესდება, შესაბამისად, 1 კგ მზა შაქარზე გადასახადი 40 თეთრი იქნება. ეკონომიკური პროფილის სამინისტროებში არანაირ კომენტარებს არ აკეთებენ, თუ რატომ დაწესდა ერთბაშად ამ მოცულობის გადასახადი, თუმცა უკვე გამოიკვეთა, რომ ამის მიზეზი „აგარის შაქრის“ ქარხანაა. ადგილობრივი წარმოება ვეღარ ახერხებს გაუმკლავდეს იაფ იმპორტს და ამიტომაც საჭირო გახდა მთავრობის რეგულაცია.

„საქსტატის“ თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, ერთი კილოგრამი დაფასოებული შაქრის საცალო სარეალიზაციო საშუალო ფასი 3.53 ლარია. თუკი ამ ფასს 40 თეთრიც დაემატება, მაშინ საცალო ფასი 4-ლარიან ნიშნულს დაუახლოვდება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წონით გასაყიდი პროდუქტის ფასი სავაჭრო ობიექტებში გაცილებით დაბალია.

საქართველო ყოველწლიურად 110-130 ათას ტონა შაქარს ყიდულობს, რომლის ღირებულებაც 75-90 მილიონი დოლარის ფარგლებშია. 2023 წლის თვეში კი ქვეყანამ 77 მილიონი დოლარის ღირებულების 113 ათასი ტონა თეთრი შაქარი შეიძინა. წლევანდელი მდგომარეობით, საქართველო თვეში, საშუალოდ, 8.5 მილიონი დოლარის ღირებულების 12.5 ათას ტონა შაქარს ყიდულობს. იმ პირობებში, როდესაც შაქარზე საიმპორტო ტარიფი 7 თვის განმავლობაში იმოქმედებს, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ მოსაკრებლით 35 მილიონი ლარი შევა.

წელს საქართველოში თეთრი შაქრის იმპორტის საშუალო ფასი ტონაზე 678 დოლარია, რაც გასული წლის საშუალო ფასს 589 დოლარს 15%-ით აღემატება.

საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია განმარტება თუ რის გამო მიიღეს შაქრის იმპორტზე ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია კი არ ამბობს, რა რეკომენდაცია ჰქონდა ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს მთავრობის მიერ შაქრის იმპორტზე გადასახადის შემოღებასთან დაკავშირებით.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის არის კომუნიკაცია და ყოველთვის გარკვეული არგუმენტაციის შემდეგ ხდება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, ეს არ არის პირველი და უკანასკნელი. ზოგადად, ყოველთვის მნიშვნელოვანია ბაზარი იყოს დაცული, მომხმარებელი იყოს დაცული და საფასო პოლიტიკა შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს იქ, სადაც ამის აუცილებლობა არ დგას“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ და იქვე მიანიშნა, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი ადგილობრივი წარმოების („აგარის შაქრის“) მხარდასაჭერად გაკეთდა.

„ჩვენ ნუ გამოვრიცხავთ, რომ, ზოგადად, ასეთი ღონისძიებების გატარების მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა იყოს. ზოგადად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მსჯელობს ასეთი საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ (ბიზნესომბუდსმენის აპარატი) ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ოთარ დანელიამ.

იმპორტიორებიც ადასტურებენ, რომ ყველაფერი „აგარის შაქარს“ უკავშირდება, რადგან რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსულმა იაფმა პროდუქტმა ადგილობრივ წარმოებას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. იმპორტიორი კახაბერ ცოტნიაშვილი ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება პირდაპირ გულისხმობს „აკრძალვას“, ვინაიდან შაქარი იაფად ვერ შემოვა საქართველოში და იმპორტი ავტომატურად გაჩერდება იმ ქვეყნებიდან, საიდანაც დაბალი ფასით შემოდიოდა.

,,ერთადერთი ქარხანა გვაქვს, რომელმაც უნდა იმუშაოს. აქამდე შედარებით იაფად შემოდიოდა პროდუქტი, რუსებმა საკუთარ ქვეყანაშივე ექსპორტიორებს გადასახადი დაუწესეს, მაგრამ ამანაც ვერ უშველა, იაფი შაქარი ამ გზით მაინც შემოდიოდა საქართველოში. ახლა უკვე 1 კგ-ზე 40 თეთრი დაუწესდა შაქარს, ამ პირობით შესაძლებელია გაძვირდეს, თუმცა ფასი არ მოიმატებს, თუ „აგარა“ შეინარჩუნებს არსებულ ფასს.

რუსეთიდან აღარ შემოვა პროდუქტი და ხელოვნურ მიზეზს საბაბად თუ არ გამოიყენებენ, აქვთ იმხელა რესურსი, რომ წარმოებაზე არ აისახოს ცვლილება. მთავარია, რომ ძალიან დაბალ ფასად ვეღარ შემოვა პროდუქტი“, - განუცხადა „რეზონანსს“ იმპორტიორმა.

შედარებისთვის, 1 ტომარა ქართული შაქარი დღესდღეობით 116 ლარი ღირს და იგი 118 ლარად იყიდებოდა ობიექტებში. რუსული შაქარი კი 112 ლარი ჯდებოდა და 115 ლარად იყიდებოდა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. დაბეგვრის შემთხვევაში, მინიმუმ, 20 ლარით გაძვირდება შემოტანილი პროდუქტი და ფასი 130 ლარს მიაღწევს, რაც უკვე იმპორტს გამორიცხავს.

 

ლევკოთეა იგივე თემაა, რაც წისქვილკომბინატების შემთხვევაში. იმას კი არ ცდილობს ვინმე, რომ შაქრის წარმოება უფრო რენტაბელური გახადოს, შაქრის იაფი ნედლეულის წარმოების გზით.
არა, მოსახლეობას უნდა გაუძვირონ ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი პროდუქტი.
მთავარია, პატრონი იშოვო მთავრობაში, ან პარლამენტში და ნებისმიერ საშენო კანონს, ან ნორმატიულ აქტს მიაღებინებ.
1 წლის უკან
ილია ძალიანაც კარგი. ეს გარე ბაზრებზე დამოკიდებულებას შეამცირებს. აბა ევროპაში შეიტანე რამე კონკურენტუნარიანი, რასაც თვითონაც აწარმოებენ (თაფლი, წყალი, ღვინო), რას გიზამენ ნახავ :( რაც შეეხება რენტაბელობას, ნებისმიერი მეწარმე ამას ისედაც მთელი ძალ-ღონით ცდილობს, საკუთარი მოგების გასაზრდელად.
1 წლის უკან
ლევკოთეა როცა ერთი, არც-თუ სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოო ქარხნის კომერციულ ინტერესებს ანაცვალებ ქვეყნის მთელი მოსახლეობის ინტერესებს, რანაირადაა ეს ,,ძალიანაც კარგი"?
ეს ,,მთელი ძალ-ღონით ცდილობს", ციფრებში რანაირად იზომება, ხომ ვერ ახსნით?
თუ სხვაგან ახერხებენ და იაფი ნედლეული მოჰყავთ, ე.ი. არ ცდილობენ მთელი ძალ-ღონით, როგორც ჩანს.
და თუ ჩვეთან შეუძლებელია იაფი ნედლეულის წარმოება, ე.ი. არ ყოფილა რენტაბელური შაქრის წარმოება საქართველოში.
1 წლის უკან
სანდრო რად უნდა, საუბარი, აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილებაა, გარკვეული ჯგუფის მიერ ლობირებული. და თუ აგარის ქარხანა წარმოებაა და ხელშეწყობა სჭირდება, სხვა ადგილობრივ წარმოებებს (საკონდიტროებს, საცხობებს, პურ-ფუნთუშეულის ქარხნებს...) რომ ეგერევე გაუძვირდათ პროდუქციის თვითღირებულება, ამაზე თუ ფიქრობს ვინმე ამ მთავროაში??? საქართველო არ აწარმოებს შაქრის ნედლეულს, შესაბამისად, ეს ნედლეულის იმპორტზე დამოკიდებული აგარის ქარხანა, ვერ ჩაითვლება სტრატეგიულ დარგად! ასეთი გადაწყვეტილება უბრალოდ მავნებლობაა საკუთარი მოსახლეობისა და კვების ინდუსტრიის მიმართ!!!
11 თვის უკან