სახვალიოდ რა მოგველის?!

სახვალიოდ რა მოგველის?!

ევროპა გაშიშვლდა, გამოჩნდა მისი ნამდვილი სახე - გარეგნულად შეთხუპნული, შინაგანად საფთხუნი, მახინჯი.

არარად ჰქმნეს სილამაზის ხელთ უქმნელი ტაძარი, გაცამტვერდა მრავალ წელთა მონარუქი სიყვარულის მცნებანი.

ყველა თავისთვის საქმობს გაფაციცებით, უკეთეს მერმისს შეჰხარის, -

მხოლოდ ერთად ერთი ჩვენი მოწინავე საზოგადოების მესვეურად წოდებული რაზმია, რომ დღემდე კიდევ ვერ ჩავარდნილა გულისხმას.

ერთმანეთის გაუტანლობა, გაუთავებელი პაექრობა ქვენა შენ-ჩემობა, ფართე საზოგადოების თვალში ერთმანეთის დასმენა-დაბეზღება, იხტიბრის გატეხა, „ჩემი შენსას სჯობსო“-ს ძახილი, ჯგუფურ-დასურ გატაცებით დაბრმავება მთელი თავისი ქვეყნის საზარალოდ, - აი დღესაც რა აწევს მაჯლაჯუნასავით ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ნუ თუ ამაზე კიდევ დიდი უბედურებაა საჭირო, რაც ევროპასთან ერთად ჩვენც დაგვატყდა, რომ კისერი მოვიფხანოთ?!

დღეს ჩვენს ქვეყანას უცხოეთის ისეთი ძლიერი ტალღა მოაწვა, რომ თუ ბეჯითად არ მოვიქეცით, შეიძლება ქვეშ ხალიჩა გამოგვაცალონ, - სავაჭრო-სამრეწველო-სამეურნეო დარგნი ჩამოგვართვან და ეკონომიურად უფრო ძლიერ დაგვიმონონ.

ამიტომ დღევანდელი ისტორიული მომენტი გვიკარნახებს წარამარად გულის თქმას არ ავყვეთ, საზოგადოს საპირადო არ ვამჯობინოთ და თუ დაკარგულ პოზიციებს ვერ დავიბრუნებთ, ის მაინც შევინარჩუნოთ - რაც ჩვენს ხელთაა.

დროა, გონს მოვიდეთ და გუშინ თუ ერთმანეთის გაკილვაში ამოგვდიოდა სული, ხშირად ურთიერთის დამცირებით თვით ჩვენს საერთო იდეალებს ფეხ-ქვეშ ვთელავდით, დღეს მაგასვე ნუ ვიმეორებთ და სახვალიოთ ვიზრუნოთ რამე!

მძიმეა დღევანდელი მდგომარეობა, ამან უნდა შეგვაერთოს და ჩვენის მომავლის საკეთილდღეოდ დღეს ჩვენ საერთო „ჭირსა შიგან მყოფნი გაგვამაგროს, ვით ქვითკირი!“

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას