გლდანის ნაგავსაყრელი თბილისს წამლავს

გლდანის ნაგავსაყრელი თბილისს წამლავს

ნაგავის გადამუშავებით ფულს მთელი მსოფლიო შოულობს, თუმცა ჩვენი არც ნაგავი უქნია ღმერთს. ღია პოლიგონები, სადაც მთელი თბილისის ნაგავი მიაქვთ, ისე ყარს, სუნი რამდენიმე კილომეტრზე იგრძნობა.

გარდა ამისა, ნაგავსაყრელებზე ბიოწვა მიმდინარეობს და კვამლი ქარს ზოგჯერ საკმაოდ შორს მიაქვს. სტატიაზე მუშაობისას ჩვენ მოვინახულეთ გლდანის ნაგავსაყრელი. ერთადერთი, რაც ბოლო წლებში იქ შეიცვალა, ისაა, რომ ღორის კოლტები აღარ იკვებებიან და ნაგავზე მიწის მოყრაც ხდება, თუმცა ეს მოსახლეობის მდგომარეობას არ ამსუბუქებს.

კვამლი და სუნი მიდის როგორც სოფელ გლდანულამდე, ისე გლდანის მიკრორაიონებამდე. როგორც მეშვიდე მიკრორაიონის მაცხოვრებელმა მაყვალა ტატანაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სუნი და კვამლი განსაკუთრებით ღამით იმატებს, დილის ოთხ-ხუთ საათზე კი ისე ყარს იქაურობა, ფანჯრების გაღებაც შეუძლებელიაო. ამ ქალბატონს ქმარი ფილტვის სიმსივნით გარდაეცვალა და სულაც არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, დაბინძურებული გარემოც იყოს.

ავთო აბუაძე, გლდანის მაცხოვრებელი: "საერთოდ, ონკოლოგიური დაავადებები გახშირებულია. ზუსტად არ ვიცით, ეს კვამლის შედეგია თუ არა, მაგრამ მართლა საშინელი სუნი დგება ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხელი ამინდი და დაბალი წნევაა".

რა ზიანი შეიძლება, მოუტანოს ღია ნაგავსაყრელმა მოსახლეობას, ამის თაობაზე "მწვანეთა მოძრაობის" თანადამფუძნებელს, რუსიკო სიმონიძეს ვესაუბრეთ.

„გარდა იმისა, რომ ბიოწვისას იქ გამოიყოფა მეთანი, ჩვენთან, სამწუხაროდ, არ ხდება ამ ნარჩენების გადახარისხება, ამიტომ იქ ყველა ნარჩენი ერთად იწვის და ჯერ არავის ჩაუტარებია კვლევა, კონკრეტულად რა ნივთიერებები გამოიყოფა ამ დროს, თუმცა ფაქტია, რომ უამრავი ტოქსიკური ნივთიერება გამოიყოფა. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს, გლობალურ დათბობასაც უწყობს ხელს. ამიტომ საჭიროა მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება", - განაცხადა რუსიკო სიმონიძემ ჩვენთან საუბრისას.

ნაგავსაყრელიდან ამ თემაზე სასაუბროდ პირდაპირ თბილისის დასუფთავების სამსახურს უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს მივაკითხეთ. ეს პრობლემა მართლაც ძალიან მწვავედ დგას თბილისის წინაშე, ამას არც ხიზანეიშვილი უარყოფს.

„ეს ძალიან დიდი უბედურებაა თბილისისთვის. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიგონი აქ კომუნისტების დროს აშენდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ იქ გლდანის მიკრორაიონები გაშენდებოდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი უნდა დაიწამლოს. სხვათა შორის, ახლა პრობლემა შედარებით მოგვარებულია. თქვენ შეგიძლიათ, სტატისტიკას გაეცნოთ, ორი წლის წინათ რამდენი ზარები და წერილები შემოდიოდა მერიაში ამის გამო და ახლა რამდენი შემოდის. ჩვენ დავაყენეთ იქ დაცვა, ვეღარ შემოჰყავთ გამოსაკვებად ღორები, გარდა ამისა, ნარჩენებს ვაყრით მიწას და პრობლემები მეტ-ნაკლებად შემცირდა", - ამბობს ტარიელ ხიზანეიშვილი.

სხვათა შორის, ორი წლის წინათ უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ღია პოლიგონზე იაპონელებს სპეციალური ჭაბურღილები უნდა დაემონტაჟებინათ და იქიდან ამოტუმბული მეთანი უნდა გაეუვნებელყოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროექტი დროულად ვერ განხორციელდა.

ტარიელ ხიზანიშვილი: „ეს პროექტი გაეროში უნდა დარეგისტრირებულიყო, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. რომ დარეგისტრირდა, იაპონურ მხარეს 1,5 მილიონის პროექტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა მათ მთლიანი მოგების 1% შემოგვთავაზეს, რაც ციფრებში, რომ ვთქვათ, 26 ათასი დოლარია, ამიტომაც უარი ვუთხარით. ასეთ პროექტებს გაერო აფინანსებს, ეუთოს კონვენციაში დეტალურადაა ეს ყველაფერი გაწერილი. კომპანია, რომელიც ჭაბურღილებს დაამონტაჟებს, ერთ ტონა გაუვნებელყოფილ მეთანში 10-12 ევროს იხდის. ამ ნაგავსაყრელიდან კი რამდენიმე მილიონი ტონა მეთანის ამოღება შეიძლება".

როგორც ხიზანეიშვილმა გვითხრა, ეს ნაგავსაყრელი მალე დაიხურება და იქიდან მეთანის ამოღებაზე ებრაული და იაპონური კომპანიები იზრუნებენ. ამ ეტაპზე კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მოგების რა ნაწილი დარჩება ქართულ მხარეს.

ახალი პოლიგონი ძველი პოლიგონიდან ათი კილომეტრის დაშორებით აშენდება და როგორც დასუფთავების სამსახურის უფროსი ამბობს, ძველისგან განსხვავებით გაცილებით თანამედროვე და კარგად აღჭურვილი იქნება.

„თქვენ რაც აღნიშნეთ, იმ პრობლემების გარდა, ძველ ნაგავსაყრელზე სხვა პრობლემებიცაა. ის პირდაპირ ხევშია მოწყობილი, ამიტომ მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ იქიდან გამონაჟონი წყლები გრუნტის წყლებს შეერევა. ამის მონიტორინგს სულ ვახორციელებთ და ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა, თუმცა 100%-ით დაცულები არ ვართ. ახალ ნაგავსაყრელზე ქვევით სპეციალური საფარი გაკეთდება, დამონტაჟდება სადრენაჟო სისტემა, რომ იქიდან გამოყოფილი წყლები შეიკრიბოს და გაიფილტროს. დაიდგმევა სეპარაციის დანადგარები, რომლებიც ადგილზე მოახდენს ნარჩენების დახარისხებას. ბიოლოგიური ნარჩენები გაუვნებელყოფდება, ხოლო მეორად ნარჩენებს გადაამუშავებენ და საწარმოებში გამოიყენებენ. ასეთი დანადგარები სადღაც 15-20 მილიონი ჯდება, ამიტომ მერია აპირებს, ტენდერი ჩაატაროს და ახალ პოლიგონს ინვესტორები ააშენებენ".

როგორც მერიაში ამბობენ, ახალი პოლიგონი უკვე მომავალი წლის მარტიდან მოქმედი გახდება და იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებად დაზარალდება.