მენიუ ჩაძირული „ტიტანიკის“ რესტორნიდან აუქციონზე £83 ათასად გაიყიდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მენიუ 1912 წელის 11 აპრილით არის დათარიღებული - 3 დღის შემდეგ ხომალდი აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირება. თუმცა მანამდე პირველი კლასის მგზავრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ხამანწკები, საქონლის ხორცი, პასტერნაკის პიურე, ორაგული, იხვი პორტვეინის სოუსით. გარნირად კი კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა. დესერტებს შორის იყო ნამცხვრები, პუდინგები, ნაყინი და ტორტები.
იშვიათი არტეფაქტი 1960-იანი წლების ფოტოალბომში აღმოაჩინეს, რომელიც ოდესღაც ისტორიკოს ლენ სტივენსონს ეკუთვნოდა. უცნობია ხომალდის რომელ მგზავრს ეკუთვნოდა ეს მენიუ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს 11 აპრილის ერთადერთი მენიუ იყო „ტიტანიკიდან“.